ენტონი ბლინკენი: ჩინეთმა საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაციაზე წვდომა არ მისცა, რამაც კორონავირუსის პანდემია უფრო გაართულა

ენტონი ბლინკენი: ჩინეთმა საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაციაზე წვდომა არ მისცა, რამაც კორონავირუსის პანდემია უფრო გაართულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთმა საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაციაზე წვდომა არ მისცა, რამაც კორონავირუსის პანდემია უფრო გაართულა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აღნიშნული ნაბიჯის შედეგად, ვირუსის გავრცელება უფრო უკონტროლო გახდა და გაცილებით გამოუსწორებელი შედეგები დადგა.

„ეს მოვლენები ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ უნდა არსებობდეს უფრო ძლიერი გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების სისტემა. რეფორმები უნდა ითვალისწინებდეს გამჭვირვალობის, ინფორმაციის გაზიარებისა და ექსპერტებისთვის წვდომის უზრუნველყოფის ვალდებულებას და ჩინეთი ამაში უნდა მონაწილეობდეს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დამაჯერებელი ანგარიშის მიღება იმის თაობაზე, თუ როგორ დაიწყო პანდემია.

„ჩვენ ეს ზუსტად იმგვარად უნდა გავაკეთოთ, რომ სრულად გავიგოთ, თუ რა მოხდა. ამგვარად, გვექნება საუკეთესო სურათი, რათა ეს აღარასდროს განმეორდეს. სწორედ ამიტომ, ამ საკითხის ბოლომდე შესწავლა გვჭირდება“, – განაცხადა ბლინკენმა.