ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი დაუფიქრებლად ან აგრესიულად იმოქმედებს, ამას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება

ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი დაუფიქრებლად ან აგრესიულად იმოქმედებს, ამას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების რაოდენობის გაზრდის გამო და ოფიციალური მოსკოვი გააფრთხილა, რომ აგრესიულ ქცევას შედეგები მოჰყვება.

„უნდა გითხრათ, რომ ნამდვილად შეშფოთებული ვარ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ქმედებების გამო. ახლა უკრაინის საზღვრებთან უფრო მეტი რუსული ჯარია შეკრებილი, ვიდრე ეს 2014 წლის შემდეგ იყო, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორები ამ შეშფოთებას იზიარებენ.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ რუსეთი დაუფიქრებლად ან აგრესიულად იმოქმედებს, ამას შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.