ირაკლი ჩიქოვანის თქმით, PACE რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ რეზოლუციას ქართული დელეგაციის მხარდაჭერის გარეშეც მიიღებდა

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, PACE რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ რეზოლუციას ქართული დელეგაციის მხარდაჭერის გარეშეც მიიღებდა

„ამ პუნქტის არსებობა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და ვერაფერი გაამართლებს ამ პუნქტის მხარდაჭერას ქართული დელეგაციის მხრიდან, - ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა „იმედის კვირასთან“ 2008 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მეხუთე პუნქტშიც წერია, რომ 7 აგვისტოს ქართულმა სამხედრო ძალებმა ცხინვალი დაბომბეს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად დააბრალა საკუთარ სახელმწიფოს ის პოზიცია და ის შემადგენლობა, რომელიც ამ მუხლშია ასახული. დიახ, ამ რეზოლუციაში არსებობს ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პუნქტი, მაგრამ არ იყო აუცილებელი, რომ ამ ყველაფერს ჰქონოდა ქართული დელეგაციის მხარდაჭერა, რაც მთლიანად რეზოლუციის და უშუალოდ ამ პუნქტის მხარდაჭერას გულისხმობს. ამ რეზოლუციას ისედაც მიიღებდნენ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

თავის მხრივ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართული დელეგაციის მხარდაჭერის გარეშე დოკუმენტს ევროსაბჭო არ მიიღებდა.

„ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, იმიტომ რომ სხვანაირად დოკუმენტს არ მიიღებდნენ. თუ ქართული მხარე არ დაუჭერდა მხარს, მაშინ დოკუმენტის იმ ნაწილსაც, რომელსაც ქართული მხარე ეთანხმებოდა, არ მიიღებდნენ“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე.

თუმცა პარტიის ლიდერი გიგა ბოკერია ამ ნაბიჯს კომპრომისს კი არა, პრაგმატულად სწორ ნაბიჯს უწოდებს.