თენგიზ ცერცვაძე: გამოჩნდა მესამე ტალღის აჩრდილი, მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადის უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში

თენგიზ ცერცვაძე: გამოჩნდა მესამე ტალღის აჩრდილი, მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადის უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში

საქართველო გზაგასაყარზეა, დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი კრიტიკული პერიოდია, რადგან გამოჩნდა მესამე ტალღის აჩრდილი, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ახლა ვართ გზაგასაყარზე, შევინარჩუნებთ ამ სტაბილიზაციის პერიოდს და გადაურჩებით იმას, რასაც ვერ გადაურჩა ევროპა ან ამერიკა... ან ვერ შევინარჩუნებთ, ვერც ჩვენ გადაურჩებით და აქაც დაიწყება მესამე ტალღა ყველა მისი თანმდევი უსიამოვნო მოვლენებით.

შეიძლება ვინმე შემეკამათოს, რომ მუდმივი სოლიდარობის გამოჩენა ამ თავშეკავებაში ძნელია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიჩინოთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჯერ არაა სიკვდილობის მატება, ამას უნდა გაუფრთხილდეთ. თორემ თუ დაიწყო მესამე ტალღა, სიკვდილობას ერთნიშნა ციფრზე ვერ შევინარჩუნებთ. დღეიდან მთელი მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადეების უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში. უნდა მოვახერხოთ, რომ უახლოესი ორი-სამი თვის მანძილზე უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. ამას თუ შევძლებთ და დღეში 6-7 ათასი ადამიანი თუ აიცრება, ჩვენ თავიდან ავიცილებთ მესამე ტალღას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 396 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 303, გარდაიცვალა 3 877 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.