ექსპერტი ადასტურებს, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილში პოლიციაა დამნაშავე

ექსპერტი ადასტურებს, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილში პოლიციაა დამნაშავე

აშშ-ში, მინესოტას შტატში, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. სასამართლო ექსპერტმა, ექიმმა ლინდსი თომასმა თქვა, რომ ფლოიდის გარდაცვალება სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების ქმედების გამო, ჟანგბადის უკმარისობამ გამოიწვია, - ამის შესახებ BBC წერს.

პროკურორები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სწორედ დერეკ შოვინის მიერ ძალის გამოყენებაა გარდაცვალების მიზეზი. დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, ფლოიდის მიერ ნარკოტიკის გამოყენება და გულის დაავადება გამხდარიყო ამის მიზეზი.

ეს არაა პირველი ექსპერტიზის შედეგი, რომელიც საქმეში დევს: პირველადი გაკვეთის შემდეგ, ექსპერტიზის შედეგებით, რომელიც ოლქის ექიმმა ჩაატარა, დაადგინეს, რომ არაფერი ამყარებდა „ტრავმული ასფიქსიის ან დახრჩობის“ დიაგნოზს.

ოჯახის მიერ დანიშნული ექსპერტიზა კი ასფიქსიას ასახელებს მიზეზად. როგორც ექსპერტიზაში მონაწილე ერთ-ერთმა ექიმმა, მაიკლ ბეიდენმა თქვა, სიკვდილის მიზეზი პოლიციელების მიერ მის კისერსა და ზურგზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლა და ამით გამოწვეული ასფიქსიაა.

სლოგანით „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა, არაერთ ქვეყანაში რასიზმს აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციები აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 2020 წლის 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს, ოქტომბერში კი მილიონი დოლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.