მულტიკულტურიზმის  ტრაგიკული  განაჩენი

მულტიკულტურიზმის ტრაგიკული განაჩენი

"ამ ქვეყნად ყველაზე დიდი პოლიტიკაა ილაპარაკო სიმართლე, თუ გეშინია, ნუ ილაპარაკებ, მაგრამ ლაპარაკს დაიწყებ შიშზე ნუ ფიქრობ!"/აღმოსავლური სიბრძნე/  

წერილი 1- ისტორია პროკრუსტეს სარეცელზე 

თავისი განვითარების გზაზე ყოველი ერი, რომელიც უკეთესი მომავლისთვის იბრძოდა, არასოდეს ივიწყებდა წარსულს და მას სასურველ ფერებში სახავდა. ისტორიის მცოდნე ევროპის ხალხებსაც, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ნოსტალგიის გამოვლინებები მისტიკური ჰეროიკული ეპოქის, ვაგნერული სამყაროს დასასრულის მიმართ. მუსოლინი ცდილობდა, აღედგინა რომის იმპერია, ჰიტლერი - გამოეცოცხლებინა პრეისტორიული ,,არიული“ თემი. მაგრამ ამგვარი მცდელობები ევროპაში რა შედეგითაც დასრულდა ყველამ ვნახეთ.

ევროპის კონტინენტზე ეს ყოველივე შემდგომ ინტეგრაციულმა პროცესებმა  შეცვალა, რომელმაც გარკვეული კორექტივები შეიტანა წარსულის მიმართ დამოკიდებულებაშიც. მაგალითისთვის ავიღოთ ევროკავშირის ერთ ოჯახში მცხოვრები როგორც ფრანგი, ასევე ინგლისელი, რომელთაც საკუთარი ისტორიით დაინტერესების შემთხვევაში რისი მოსმენა ელით? მართლაცდა რა სასიამოვნო გასახსენებელი უნდა იყოს მათთვის პოლიტიკური ისტორიიდან ასწლიანი ომი? ამ მხრივ კიდევ უფრო რთულადაა საქმე გერმანელისთვის, როცა მას უახლესი ისტორიიდან მსოფლიო ომებს ვუხსენებთ.

ასეთ დროს როგორ გინდა  წერო გაერთიანებული ევროპის ისტორია ისე, რომ მან თანაბრად დააკმაყოფილოს მასში შემავალი ყველა ქვეყნის ნაციონალური ინტერესები საკუთარი წარსულის მიმართ?  ან რამდენად არის ეს შესაძლებელი?

ტრადიციული პარადიგმის თანახმად ისტორია ობიექტური უნდა იყოს, ანუ რანკეს სიტყვებით თუ ვიტყვით წარსულზე მომუშავე ისტორიკოსმა ყველაფერი უნდა აღწეროს ისე, ,,როგორც ეს მოხდა სინამდვილეში.“

ეს ილუზია სხვადასხვა ეპოქებში და მათ შორის ახალ დროშიც  ბევრს ჰქონია. ,,კემბრიჯის თანამედროვე ისტორიის (გამოიცემა 1902 წლიდან) რედაქტორი ლორდი ექტონი ცნობილ წერილში არწმუნებდა ავტორთა საერთაშორისო ჯგუფს იმაში, რომ  ,,ჩვენი ვატერლოო უნდა იყოს ისეთი, როგორიც თანაბრად დამაკმაყოფილებელი იქნება ფრანგისა და ინგლისელის, გერმანელისა და ჰოლადიელისათვის“ და რომ მკითხველი ვერ უნდა მიხვდეს, სად შეწყვიტა წერა ერთმა ავტორმა და საიდან გააგრძელა მეორემ.“

შეუძლებელი რომ  შესაძლებელი გამხდარიყო ამ მხრივ  მცდელობები სხვა დროსაც არაერთხელ  ყოფილა. რადგან ამ სანუკვარი მიზნის გახორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა, ასეთ შემთხვევაში სხვა გამოსავალი მოინახა: წარსულის დავიწყება, სხვა შემთხვევაში პოლიტიკური ისტორიის გადმოცემისას, მისი ადგილი ერთა შორის კულტურათა დიალოგმა დაიკავა, მაგრამ იყო კი ეს პრობლემის გადაჭრის გზა და რამდენად მისაღები აღმოჩნდა  იგი?

ერთი შეხედვით წარსულის მოშლა და გაუქმება არავის უნდა ძალუძდეს, მაგრამ საუბედუროდ დღესაც ძალიან ბევრ ქვეყანაში წარსულის რღვევით არიან დაკავებულნი.

საილუსტრაციოდ მრავალ მაგალითს მოვიყვანდი. განსაზოგადებლად კი  ვფიქრობ, ამჯერად, ეს ნიმუშიც კმარა: გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის ქალაქ რუანში მდებარე ჟანა დარკის მუზეუმი იყიდება.  მიზეზი კი გახლავთ ის, რომ: ფრანგები საკუთარი ისტორიის მიმართ ინტერესს  კარგავენ, - აცხადებს მუზეუმის  ამჟამინდელი დირექტორი.

შეხსენებისთვის: ჟანა დარკი საფრანგეთის სახალხო გმირია, რომელიც ასწლიანი ომის (1337-1453) დროს ინგლისელთა წინააღმდეგ ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა. რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე (1431 იანვარი-მაისი) ჟანა დარკი "ჯადოქრად" და "მწვალებლად" ცნეს და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს.

საუკუნეების განმავლობაში საფრანგეთში ჟანა დარკის კულტი იყო, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც მისი კანონიზაცია მოხდა.  კათოლიკურმა ეკლესიამ 1920 წელს ის წმინდანად შერაცხა. თუმცა, ფრანგმა გმირმა ქალმა პოპულარობის პიკს  მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მიაღწია.

იყო დრო, როდესაც  ორლეანელი ქალწული როგორც ფრანგებს, ისე ინგლისელებს აინტერესებდათ. 80-იან წლებში ჟანა დარკის მუზეუმს ყოველთვიურად 40 000-მდე ფრანგი სტუმრობდა, ახლა მათი რიცხვი კატასტროფულად შემცირდა. მუზეუმის ერთგულ თანამშრომლებს დამთვალიერებელთა შორის განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეების სიმცირე აღელვებთ.

მუზეუმის ადმინისტრაცია  ცვილის ფიგურების, დოკუმენტებისა და  სხვა უნიკალური ექსპონატების მყიდველს ვერ პოულობს. არადა მუზეუმის  კოლექცია სულ 450551 ევროდ არის შეფასებული. დირექტორის განმარტებით - თუ მყიდველი არ გამოჩნდება, ექსპონატების  გაყიდვა   აუქციონზე  მოხდება. ეს  კი  კატასტროფა იქნება, რადგან ისინი კერძო კოლექციებში დაიფანტება.

რატომ დაკარგეს საუთარი ისტორიის მიმართ ინტერესი ფრანგებმა და არა მხოლოდ ფრანგებმა? იგივე შეიძლება ითქვას გერმანელებზეც. სულ ახლახანს ჩატარებული კვლევით აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა საკუთარი ქვეყნის წარსული არ იცის. კვლევის ავტორებმა დაახლოებით 7 500 სკოლის მოსწავლე (15 წლიდან ზევით) გამოკითხეს. მოსწავლეების მხოლოდ მესამედმა იცოდა, რომ მესამე რეიხი დიქტატურული რეჟიმი იყო. გამოკითხული თინეიჯერების 50%-ზე მეტმა კი არ იცოდა, რომ აღმოსავლეთ გერმანიას კომუნისტები მართავდნენ.

მოსწავლეთა უცოდინრობა დეტალურად აღწერილია გამოკვლევაში "დიქტატურის ბოლო გამარჯვება," რომელიც ბერლინში  Free University-ს მკვლევარებმა მიმოიხილეს.

"ეს აღმაშფოთებელია! ბავშვებმა საკუთარი ქვეყნის წარსული არ იციან. საჭიროა, სკოლებში ამ კუთხით მუშაობა გააქტიურდეს," - განაცხადა გამოკვლევის ავტორმა კლაუს შროედერმა. რაშია საქმე? რა ხდება? იქნებ ეს მხოლოდ ევროპული სენია? მაგრამ, არა.  მოვუსმინოთ რას წერს უმბერტო ეკო ამჯერად უკვე არა ევროპაზე, არამედ ამერიკაზე:

- თანამედროვე ამერიკას არც ისტორიის საზრისი ესმის და არც როლი, რომელიც ლიდერმა-ქვეყანამ   უნდა   შეასრულოს.

სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ, 1940-ში, იაპონელებთან ომის დაწყებამდე, ამერიკის ხელმძღვანელობა ანთროპოლოგ რუთ ბენედიქტს ეკითხებოდა იაპონელების მენტალური თავისებურებების შესახებ. ახლა ისინი ბრიტანეთის ყოფილი იმპერიის დიდებას გამოკიდებულნი საჭიროდაც არ თვლიან ჭკუა დაეკითხონ ცნობილ აღმოსავლეთმცოდნეებს, სანამ ომს  დაიწყებენ  ახლო  აღმოსავლეთში.

აშშ-სთვის დამახასიათებელი ისტორიის გრძნობის დაკარგვა სამწუხაროდ ეპიდემიასავით ვრცელდება ევროპელ ახალგაზრდებს შორის. ჰკითხეთ ახალგაზრდა ინგლისელს, ფრანგს, ან იტალიელს, ვინ იყო მათი სახელმწიფოს მეთაური 1950-იან წლებში… მათ გაუჭირდებათ პასუხის გაცემა, განსხვავებით ჩემი თაობის სკოლის მოსწავლეებისგან, რომლებსაც გაცილებით ბევრი რამ ახსოვდათ, რადგან ადრე სკოლა ისტორიას წარმოადგენდა როგორც თაობათა კავშირს. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ამ ეპიდემიის სიმპტომები უნივერსიტეტებშიც კი ჩანს. პრინსტონში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე  ერთმა ჩემმა კოლეგამ თავისი მსმენელები გააფრთხილა, რომ მის ლექციებზე დასწრებას უკრძალავდა ,,ფილოსოფიის ისტორიკოსებს” – ამით ყველაფერია ნათქვამი. ამერიკელებს ჰგონიათ, რომ სამყარო არაფრისგან შეიქმნა და მთელი სიტყვიერი მემკვიდრეობა, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი სიბრძნე, წმინდა ევროპული სიმახინჯეა. ისევე როგორც ისტორიისადმი ჩვენი სიყვარული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკელებს უკვე ახლა ემუქრებათ კოლექტიური მეხსიერების გაქრობა.

კიდევ ერთი თვალსაზრისი ამერიკელთა დამოკიდებულებაზე, ამჯერად უკვე  სხვათა ისტორიებისა და კულტურების მიმართ,  მოვუსმინოთ რას წერს ამის შესახებ, ჩვენი თანამემამულე აშშ-ის ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი დოდონა კიზირია: ,,უნდა ითქვას, რომ ამერიკელები, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას, ძალიან მოიკოჭლებენ ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ტრადიციების ცოდნაში. მათთვის მთავარია ამჟამინდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება, ხოლო ის, რომ ბევრ ქვეყანაში პოლიტიკა და ეკონომიკა ისტორიულ მახსოვრობასთან და კულტურასთან მჭიდრო კავშირშია, თითქმის ვერ აქცევენ ყურადღებას.“

ამ მხრივ კონკრეტულ მაგალითად  შეიძლება მივიჩნიოთ, აშშ-ის ყოფილი ელჩის საქართველოში ჯონ ბასის მიერ გაკეთებული განცხადებები, ქართული მენტალიტეტისა და ქართველთა შესახებ. კეძოდ, ელჩის აზრით, საქართველოს წინაშე მდგარ სირთულეებს შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქართული საზოგადოების მიერ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის რთულად აღქმაა, რომლის შედეგიცაა განსხვავებული პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგური მოსაზრებების მიმართ დამოკიდებულებაში, ტოლერანტობისნაკლებობა. ბ-ნ ჯონ ბასის განმარტებით "ამის ერთ-ერთი მიზეზი ის ოცწლიანი პროცესია, როდესაც ქართველები წყვეტენ, თუ ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში. ამ პროცესში ზოგმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც ქართველობა ეს არის ეთნიკურად ქართველი და იყო მართლმადიდებელი. ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა გააჩნიათ,"-განაცხადა ჯონ ბასმა. ჯონ ბასმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების დაძლევას ოპტიმისტრად უყურებს, ოპტიმიზმის საფუძველს კი აძლევს ის „მენტალური რევოლუცია,“ რაც მოხდა ბოლო დროს საქართველოში და ეს პროცესი გრძელდება. მისი თქმით, ,,ეს ხალხთან ურთიერთობაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა, ქართველები თანამედროვე სამყაროს და საქართველოს ადგილს ამ სამყაროში უკვე სხვაგვარად აღიქვამენ, რაც დიდწილადახალითაობისდამსახურებაა."

ცხადია, სხვა სახელმწიფოს ელჩი საჯაროდ ასეთ შეფასებებს მოერიდებოდა, მაგრამ აშშ-საქართველოს „განსაკუთრებული“ ურთიერთობების გამო ჯონ ბასმა საკუთარ თავს ამის უფლება მისცა.

ჯონ ბასის მიერ აღნიშნული „მენტალური რევოლუცია“ მისი მიგნება არ არის. ამ მენტალურ რევოლუციაზე ბევრს წერდნენ, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველები: რაფაელ გლუკსმანი და ფელიქს მარკო. ტექსტი გამოქვეყნდა 2010 წლის 11 ოქტომბერს ყოველდღიურ ფრანგულ „ფიგაროში“ - "ატლანტიზმი "ახალი მსოფლიოს" გამოწვევების წინაშე", სადაც ვკითხულობთ, რომ სულ რაღაც შვიდი წლის წინ გაკოტრებული საქართველო, დღეს პლანეტის ყველაზე ინოვაციური პოლიტიკური და ეკონომიური რეფორმების ლაბორატორიაა  და  რომ ამ "ლაბორატორიას" დაახლოებით 30-მდე 40-50 წლის ასაკის ატლანტისტური პრინციპების ერთგული ენთუზიასტი ახალგაზრდა მართავს.“ (ელექტროჟურნალი „კალმასობა,“ უფრო ვრცლად, იხ. ბ. გიორგობიანის წერილში).

საქართველოში მიმდინარე მენტალური რევოლუციის შესახებ თვითონ ბ-ნი მიხეილ სააკაშვილიც ხშირად საუბრობს. მაგალითისათვის ავიღოთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა აშშ-ის ერთ–ერთ კვლევით ცენტრში 2010 წლის დეკემბერში, სადაც იგი ამბობდა, რომ თითქოს „10.000 ინგლისური ენის მასწავლებლის ჩამოყვანა, მნიშვნელოვნად ცვლის ქართველთა მსოფლაღქმას.“

როგორც ვხედავთ, ორივე შემთხვევაში მთავარი სამიზნე პატრიარქალური საზოგადოება და ძველი „დრომოჭმული“ მენტალიტეტია. მისი შეცვლის აუცილებლობა შემდგომი პროგრესის აუცილებელი პირობაა. საზოგადოების შეცვლას კი მასში არსებული ღირებულებები უშლის ხელს, ეს ღირებულებები ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ენასთან, ეთნიკურ წარმომავლობასა და რელიგიასთან.

ჯონ ბასის, ქართველების დახასიათებისას გამოყენებული მახასიათებლები ორიგინალური არ არის, მსგავსი პრობლემა, ბევრი ქვეყნის წინაშეც  არაერთხელ მდგარა, მათ შორის თვით აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირეებისთვისაც

ამ მხრივ  შეგვეძლო გაგვეხსენებინა თუნდაც იპონიისა და ისრაელის მაგალითები.

მოდით, დავაკვირდეთ მათი ცხოვრების წესს.  მაგალითად ავიღოთ თუნდაც ის, რაც  იაპონელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის იოლად მისაღები და ადვილად გადასაწყვეტია, ჩვენთვის  კი წარმოუდგენლად დაუშვებელი. ვინაიდან არცთუ იშვიათად სხვებისთვის პატრიოტიზმად ჩათვლილი  საქციელი ჩვენ ნაციონალიზმად  მოგვეწერება ხოლმე.  საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღემდე ამომავალი მზის ქვეყანაში   ერთადერთი საშუალება იაპონელად გახდომისა არის - დაბადება  იაპონელად!

ამის საუკეთესო ილუსტრაციაა, იაპონელების დამოკიდებულება მათ ქვეყანაში  მცხოვრებ  კორეელების  მიმართ.

1910 წლიდან 1945 წლამდე, როდესაც კორეა იაპონიის ნაწილი იყო, ბევრი კორეელი გადასახლდა იაპონიაში. ამჟამად იაპონიაში ცხოვრობს ათასობით მესამე თაობის კორეელი. ისინი გარეგნულად გამოიყურებიან იაპონელთა მსგავსად და ისევე იქცევიან, როგორც იაპონელები - მათ აქვთ ბინადრობის უფლება, მაგრამ ისინი არ არიან იაპონიის მოქალაქენი, მათ არ შეუძლიათ ხმა მისცენ არჩევნებზე, იმუშაონ სახელმწიფო დაწესებულებებში და იაპონელთა დიდი უმრავლესობა არ ქმნის მათთან საერთო ოჯახებს, არ იღებს სამუშაოზე. უკანასკნელ ხანს ეს საკითხი წინა პლანზე წამოიჭრა ლიბერალურ პრესაში, მაგრამ იაპონელთა მეტი წილი თვლის - თუკი კორეელებს მათი კანონები არ მოსწონთ, შუძლიათ წაბრძანდნენ თავიანთ კორეაში. იაპონელებს რომ ჰკითხოთ, რამდენი თაობა დასჭირდებათ კორეელებს, რომ იაპონელებად იქცნენ, გიპასუხებენ: „ისინი ყოველთვის დარჩებიან კორეელებად."

საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით დროდადრო იაპონელებს მორალურად იძულებულს ხდიან მიიღონ უცხოელები. 70-იან წლებში აშშ-მა პრაქტიკულად აიძულა იაპონია მიეღო ვიეტნამელი დევნილების გარკვეული ნაწილი. ვიეტნამელებმა ძალიან მალე იგრძნეს, რომ მათი იქ ყოფნა არ იყო სასურველი და უმეტესობა საბოლოოდ გადაბარგდა შეერთებულ შტატებში. იაპონელები კი გულში დღესასწაულობდნენ.

იაპონია დიდი ხმაურის გარეშე არღვევს იმ წესებს, რომლებიც ამერიკელებმა საყოველთაო აუცილებლობით დაუწესეს ყველა ქვეყანას. დასავლეთის სახელმწიფოებს განსაკუთრებით აცოფებს სქესობრივი დისკრიმინაცია. კაცები და ქალები მუშაობენ სხვადასხვა სფეროში და ქვეყანაში არავინ იმაღლებს ხმას ამის წინააღმდეგ. გასაგებია, რომ  დიასახლისობა  იაპონიაში  რთული ამოცანაა.

რამდენიც უნდა უხსნან ამერიკელმა ფემინისტებმა იაპონელ ქალებს, თუ რა მძიმე ხვედრში არიან ისინი, იაპონელი ქალები მათ ნათქვამს ერთ ყურში უშვებენ და მეორიდან გამოუშვებენ ხოლმე - ისინი ამჯობინებენ იცხოვრონ პირობებში, როდესაც მათი შვილები არ ესწრაფვიან თავისუფლებას მშობლებისაგან; ვითარებაში, სადაც თითქმის არ ხდება ბავშვთა დანაშაული; არ არსებობენ უკანონო შვილები და სადაც განქორწინება ორჯერ და მეტად ნაკლებად არის დაფიქსირებული, ვიდრე ამერიკაში.

ტრადიციულია იაპონელთა შეხედულება ჰომოსექსუალიზმზე - ჰომოსექსუალისტები არ უყვართ იაპონიაში; აქ არ ჰყავთ „შიდსით" ავადმყოფები. უკანასკნელი მონაცემებით მათი რაოდენობა ქვეყანაში 400 ადამიანია, მაშინ, როდესაც აშშ-ში 125 ათასი ასეთი ავადმყოფია და ინფიცირებული - მილიონამდე.

იაპონელებს აქვთ მტკივნეული პრობლემაც - დაბალი შობადობა - საშუალოდ 1,53 ბავშვი; მაგრამ ამ პრობლემასაც ისინი ჭრიან არა სამხრეთ აზიიდან ცოცხალი ძალის შემოყვანის გზით, არამედ საპენსიო ასაკის ზრდით 65-დან 75 წლამდე.

ამერიკელების აზრით, ასეთი ზომის მიღება სისულელეა, მაგრამ იაპონელები სამშობლოს და ერის ერთიანობისთვის მზად არიან ყოველგვარი ღონისძიებისთვის, რადგან ისინი გადასცემენ თავიანთ მომდევნო თაობებს - მტკიცედ შეკრულ ეროვნულ სხეულს, კულტურულ ერთობას, ოჯახურ კავშირებს, სამშობლოს სიყვარულს და უნიკალურ იაპონურ ხასიათს.

მაგალითი მეორე: როგორც ცნობილია, ებრაელებს დიდ დახმარებას უწევდა და უწევს აშშ, თუმცა ისრაელის სახელმწიფო წინააღმდეგობას უწევს მათთვის მიუღებელ ამერიკელთა მოთხოვნებს, თუ მიაჩნიათ, რომ ეს მოთხოვნები არ შედის ისრაელის ეროვნულ ინტერესებში.

ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი, გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე დავით ბენ-გურიონი აფრთხილებდა ქვეყანას შორს ყოფილიყო ილუზიისგან, რომ ამერიკისა და ისრაელის ინტერესები ერთი და იგივე იქნებოდა. ,,არ არის სახელმწიფო, რომელიც თავის თავს აიგივებდეს სხვა სახელმწიფოსთან: ამერიკა ისევე არ გვიცხადებს ჩვენ სოლიდარობას ყველაფერში, როგორც ჩვენ არა ვართ სოლიდარული ამერიკასთან. აშშ-ს მოსაზრებები ზოგჯერ არ ემთხვევა ჩვენს შეხედულებებს, ზოგჯერ ეწინააღმდეგება კიდეც. ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი მოსაზრებები და სავალდებულო როდია, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდეს ამერიკის მოსაზრებებს, მაგრამ არც სავალდებულოა ყოველთვის დაემთხვეს მათ.“

ხშირ შემთხევაში, თუ რამდენად სწორია ამერიკელთა დამოკიდებულება სხვა კულტურებისადმი ამის აუცილებლობაზე დანიელ ბურსტინიც საუბრობს: ,,ამერიკელმა საზღვარგარეთ ხშირად უნდა იმოგზაუროს და იქიდან გაიგონოს ამერიკის ხმა, რათა მიხვდეს, რომ ისტორიაში არსებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცალმხრივად განვითარებული კულტურის წარმომადგენელია.“