მამუკა მდინარაძე: ვიღაცის ახირებებზე მსჯელობაში დრო არ უნდა დავკარგოთ

მამუკა მდინარაძე: ვიღაცის ახირებებზე მსჯელობაში დრო არ უნდა დავკარგოთ

პრემიერ-მინისტრს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ ვიღაცის ახირებებზე მსჯელობისათვის და მსჯელობაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ბევრად უფრო პრიორიტეტული პრობლემები აქვს, ვიდრე ხელოვნურად შექმნილ კრიზისზე მსჯელობაა.

„ჩვენი დღის წესრიგი უნდა გადავიტანოთ საქმეზე და იმ შემთხვევაში, თუ რადიკალური ოპოზიცია მზად იქნება იმ მოლაპარაკებების განახლებისათვის, სადაც კონკრეტული პირობები დადეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, რასაც პრინციპულად ვეთანხმებოდით და მზად ვიყავით ხელი მოგვეწერა, რამდენიმე მცირე შენიშვნის თანხლებით. თუ ამაზე განაახლებენ საუბარს და წამოვლენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების პირობებზე, მაშინ მზად ვართ ხელახლა ჩავერთოთ მოლაპარაკებებში. სხვა შემთხვევაში, ჩვენ უნდა მივხედოთ საქმეს, უამრავი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა დაგროვებული ამ ქვეყანაში, ვიდრე მათ მოგონილ კრიზისზე ლაპარაკია“, - გააცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დროის დახარჯვა აღარ სურს.