ცეცხლთან თამაში: მთავრობის განკარგულება - კონსტიტუციის, და საქართველოს დეცენტრალიზაცია - მმართველობის სისტემის რეფორმის სანაცვლოდ?

ცეცხლთან თამაში: მთავრობის განკარგულება - კონსტიტუციის, და საქართველოს დეცენტრალიზაცია - მმართველობის სისტემის რეფორმის სანაცვლოდ?

საქართველოს მთავრობამ განკარგულებით მოიწონა და ფაქტობრივად კი მიიღო დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაა: „საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის“ (იხ. http://mrdi.gov.ge/images/stories/gankargulebis_proeqti.pdf). დოკუმენტის ავტორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

სათაურიც კი შეცდომითაა დაწერილი – ცხადია, საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციას არავინ აპირებს. ალბათ ამის თქმა უნდათ და ასე უნდა ეწეროს: „2013–2014 წლებისათვის საქართველოს მთავრობის სტრატეგიის ძირითადი პრინციპები დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სფეროში“.

შეცდომა, რაც სათაურშივე მოუვიდათ, ჩიქორთული, უხეირო ქართულის ბრალია, რაც მთლიანად ამ დოკუმენტისათვის არის დამახასიათებელი. თუმცა უხეირო ქართულს ვინღა ჩივის!

სათაურშივე უხეში შეცდომა ამ დოკუმენტის ავტორებისათვის, რომლებიც დღეს სახელმწიფოს „სტრატეგოსებად“ იქცნენ, სრულიად ჩევეულებრივი ამბავია. თავის დროზე, წინასაარჩევნო პროცესში, როცა „ქართული ოცნების“ თემატურ ჯგუფებში საპროგრამო დოკუმენტებზე მიმდინარეობდა მუშაობა, მათ წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები – „საქართველოს დეცენტრალიზაციის კონცეფცია“ ეწოდებოდა. იქ სათაურშივე  მხოლოდ „ლიაფსუს–ლინგვისთან“ კი აღარ გვქონდა საქმე, არამედ ელემენტარული ცნებების საშიშ აღრევასთან.  პატივცემულებს თავიანთი კონცეფციის სათაურში მაშინ ერთი-მეორეში აერიათ მმართველობის სისტემისა და ქვეყნის დეცენტრალიზაცია, საქართველოს დეცენტრალიზაცია კი  სხვა არაფერია, თუ არა მისი დაშლა–დანაწევრება.

ცენტრალიზებული, მავნე და უვარგისი მმართველობის სისტემის რეფორმირებაზე, მის  დეცენტრალიზაციაზე საუბარი არა მხოლოდ გამართლებულია, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია.  ხოლო „საქართველოს დეცენტრალიზაცია“ კი, ღმერთმა ნუ მოგვასწროს. მტრისას!

თავიდანვე განვმარტოთ:

მმართველობის ცენტრალიზებული სისტემა, როცა მმართველობითი გადაწყვეტილებები ხელისუფლების მხოლოდ ცენტრალური ორგანოების მიერ მიიღება და შემდეგ, მათდამი და არა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ორგანოების მიერ აღსრულდება, შეუთავსებელია დემოკრატიის ფუძემდებლურ პრინციპთან და იმავდროულად, არაეფექტიანიც არის – რესურსების ფუჭ ფლანგვასა და მათ პარაზიტულ მოხმარებას განაპირობებს.

სააკაშვილის, ისევე, როგორც ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმისათვის, სწორედ ცენტრალიზებული და დარგობრივი მართვა იყო დამახასიათებელი. ცხადია,  მართვა დემოკრატიული, ე.ი. ხალხის მიერ და ხალხისათვის რომ გახდეს, მისი ძირეული რეფორმირება, მისი დეცენტრალიზაცია და დეკონცენტრაცია უნდა მოხდეს; ცენტრალიზებული, დარგობრივი მართვა დეცენტრალიზებულ ტერიტორიულ მართვად უნდა ტრანსფორმირდეს – უნდა იმართებოდეს არა დარგები ცენტრალური სამინისტროების მიერ, როგორც ეს ინერციით დღესაც ხდება, არამედ ტერიტორიები, შესაბამისი ავტონომიური და მხოლოდ კანონისა და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ავტონომიური ხელისუფლების მიერ.

მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაცია მმართველობითი უფლებამოსილებებისა და შესაბამისი რესურსების ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ავტონომიური ხელისუფლებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადაცემას ნიშნავს. მმართველობის სისტემის დეკონცენტრაცია კი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება–აღსრულებას სახელმწიფო ხელისუფლების არა ცენტრალური, არამედ ტერიტორიული ორგანოების მიერ. დეცენტრალიზაცია და დეკონცენტრაცია ცენტრალიზებული მმართველობის რეფორმირების ორი, ერთი–მეორესთან მჭიდროდ დაკავშირებული, თანმდევი პროცესებია. ამ დროს ხდება მმართველობითი გადაწყვეტილებების და საჯარო რესურსების ცენტრიდან ადგილებზე გადანაცვლება; ხდება უფლებამოსილებებისა და რესურსების გამიჯვნა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის – ე.ი. მართვის დეცენტრალიზაცია; აგრეთვე უფლებამოსილებები და რესურსები უნაწილდება სახელმწიფო მმართველობის ტერიტორიულ ორგანოებსაც – ხდება მართვის დეკონცენტრაცია.

მმართველობის სისტემის რეფორმირებაზე, მის დეცენტრალიზაციასა და დეკონცენტრაციაზე მთავრობის „სტრატეგიის ძირითადი პრინციპების“ ავტორებს, ერთობ ზერელე და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. ეს მათ მიერ შემუშავებული ამ ე.წ. სტრატეგიიდან ნათლად დასტურდება. ესეც რომ არა, დაინტერესებულ მკითხველს სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაც(იხ. http://mrdi.gov.ge/ge/component/content/article/5-archive/898-statement-of-the-ministry-of-regional-development-and-infrastructure.html) შეუძლია იხილოს და იხალისოს. ამ განცხადების თანახმად, სამინისტრო გვიმტკიცებს, რომ თურმე საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანა დეკონცენტრაცია (2!). ყოფილა და არა დეცენტრალიზაცია, როგორც ამას ნაცები გაიძახიან.

ცხადია, როცა ვინმეს, მით უმეტეს – სამინისტროს, საერთოდ შესაძლებლად მიაჩნია საკანონმდებლო ხელისუფლების, რომელსაც ერთდაერთი ორგანო  – პარლამენტი წარმოადგენს,  დეკონცენტრაცია (?/!), თანაც მისი ადგილმდებარეობის შეცვლას, თბილისიდან ქუთაისში გადატანას „დეკონცენტრაციად“ მიიჩნევს, ამის თაობაზე ხმამაღალ განცხადებასაც აკეთებს, ძალზე ძნელია, მის კომპეტენტურობაში ეჭვი არ შეგეპაროს.

ასეთი არაკომპეტენტური განცხადება ოდენ ფუჭ სიტყვად დარჩება და მას რაიმე არსებითი შედეგი არ მოჰყვება. ამიტომ მასზე შეიძლება სულაც თვალი დახუჭო, არ შეიმჩნიო და ყურადღება არც მიაქციო. სულ სხვა საქმეა, როცა ასეთი დაბალი კვალიფიკაციის „სტრატეგოსები“ სამთავრობო პოლიტიკას განსაზღვრავენ და სამთავრობო „სტრატეგიის პრინციპებს“ გამოაცხობენ. ამ დროს, ცხადია, თვალის დახუჭვა მხოლოდ სიბრმავე იქნება და საქმეში ჩახედულ არც ერთ მოქალაქეს დუმილის უფლება აღარ აქვს.

მეც, ვინაიდან მგონია, რომ ამ საქმეში რაღაც გამეგება, იძულებული ვარ ხმა ამოვიღო და რა ვქნა, მიუხედავათ იმისა, რომ შესაძლოა ბევრი ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი გავანაწყენო კიდეც, სათქმელი მაინც ვთქვა. „მოყვარეს პირში უძრახეო“ ნათქვამია. მე უფრო შორს წავალ და რადგან საქმე საქვეყნოს ეხება, თავს უფლებას მივცემ და საჯაროდ უძრახებ. იქნებ ასე მაინც გაიგონონ!

პირდაპირ, მიკიბვ–მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ მთავრობის მიერ ამ დოკუმენტის მიღება ძალზე სერიოზული საფრთხეების შემცველია. ეს საფრთხეები უკავშირდება როგორც ამ დოკუმენტის აბსურდულ სამართლებრივ სტატუსს, ასევე მის დესტრუქციულ შინაარსსაც.

დოკუმენტის აბსურდულ სტატუსს ის განაპირობებს, რომ მთავრობის განკარგულებით ხდება ისეთი „სტრატეგიის“ მოწონება, რომლის შინაარსი და მთავარი პრინციპი ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის არსებითი და რადიკალური გადასინჯვაა.

საქმე გვაქვს სამართლებრივ ნონსენსთან: ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, ე.ი. საკითხი, რისი მოწესრიგებაც მხოლოდ კონსტიტუციითაა შესაძლებელი, ვითომცდა „წყდება“ მთავრობის განკარგულებით.

ტერიტორიული მოწყობის დადგენა, მისი განსაზღვრა ან შეცვლა საკონსტიტუციო რეგულირების საკითხია, ამიტომ სრულიად გამორიცხულია, აბსურდულია, რომ სამთავრობო პოლიტიკა და ამ პოლიტიკის განმსაზღვრელი ე.წ. სტრატეგია კონსტიტუციის დაუკითხავად ახალი ტერიტორიული მოწყობას შემოღებას ისახავდეს მიზნად. 

ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა საკონსტიტუციო პროცესის შედეგად მიღწეული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს და არა ყოფილი „ენჯეო–ლომების“ მიერ შექმნილი ე.წ. სტრატეგიის პრინციპი. ხოლო ასეთი ფართო, საკონსტიტუციო კონსენსუსის ნაცვლად მსგავსი ე.წ. სტრატეგიით ტერიტორიული მოწყობის ერთი, კერძო ჯგუფის მიერ შემუშავებული  მოდელის ქვეყნისათვის თავს მოხვევა ნამდვილად არ ეკადრებათ პატივცემულებს.

კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ ყველა სამართლებრივი აქტი კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს. ეს ელემენტარული სამართლებრივი ჭეშმარიტება იმთავითვე უგულებელყოფილია, თავდაყირაა დაყენებული. ხდება პირიქით – მთავრობის მიერ „მოწონებული“ დოკუმენტი ფაქტიურად ახლებურ ტერიტორიულ მოწყობას გვთავაზობს, რითაც გამოდის, რომ მთავრობის  „სტრატეგია“ არ თავსდება მოქმედი კონსტიტუციის ჩარჩოებში; უარესიც: თავად ეს „სტრატეგია“, რომელიც ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტით – მთავრობის განკარგულებითაა მოწონებული, კონსტიტუციის ჩანაცვლებას ცდილობს, ვინაიდან ახლებურად განსაზღვრავს ქვეყნის ტერიტორიულ სახელმწიფო მოწყობას და გეგმავს კიდეც ისეთ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია კონსტიტუციის გვერდის ავლით ახალი ტერიტორიული მოწყობისა და ადმინისტრაციული დაყოფის შემოღება.

კონსტიტუცია კრძალავს ქვეყნის ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობის საკითხის გადაწყვეტას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენამდე. იბადება მარტივი კითხვა: მაშ რა უფლება აქვთ ახალგამოცხვარ „სახელმწიფო სტრატეგოსებს“, რომ სრულიად ახალ, არსებულისაგან რადიკალურად განსხვავებულ ტერიტორიულ მოწყობას ახვევენ თავს მთავრობასაც, პრემიერ–მინისტრსაც და ქვეყანასაც?! რა, ამ „სტრატეგოსებისათვის“ კონსტიტუცია და კონსტიტუციური ჩარჩოები აღარ არსებობს?!

სამწუხაროდ, სხვა შეფასება აქ გამორიცხულია:  საქმე გვაქვს ვაი–სტრატეგების უბადრუკ მცდელობასთან – კონსტიტუციური პრობლემა მთავრობის ინდივიდუალაურ–სამართლებრივი აქტით გადაჭრან. ცხადია, კონსტიტუციის, მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის, რომელიც აშკარად შეცდომაშია შეყვანილი, რაც მთავარია, საზოგადოების მიმართ ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულებიდან სასიკეთო არაფერი გამოვა.

არც დოკუმენტში და არც მის განმარტებით ბარათში ერთი სიტყვაც კი არ წერია, მინიშნებულიც კი არსად არ არის, რომ ასეთი ძირეული ცვლილება, რაც ამ ე.წ. სტრატეგიის პრინციპებით არის შემოთავაზებული, მოქმედი კონსტიტუციით ნათლად და სრულიად ცალსახად აკრძალულია; დოკუმენტის ავტორებს ეს მხედველობიდან მთლიანად გამორჩათ, ან გვაბრმავებენ და სურთ დაგვაჯერონ, რომ ქვეყანა ახალ ტერიტორიულ მოწყობას, ე.წ. სამხარეო დაყოფას, საკონსტიტუციო პროცესით მიღწეული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე, ოდენ მთავრობის ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტით მიიღებს.

თუ მთავრობა აპირებს ტერიტორიული მოწყობის შესახებ კონსტიტუციური ცვლილებების ინიციირებას, ეს უნდა პირდაპირ და ნათლად განაცხადოს; რაც მთავარია, სანამ ამ მიმართულებით რაიმე სტრატეგიას მიიღებს, ჯერ სათანადო სამართლებრივი პროცედურებით საკონსტიტუციო პროცესი უნდა წამოიწყოს.

ნათელია, რომ მთავრობის ამ განკარგულებას, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და გამომდინარე, მიღებისთანავე ბათილია, არ შეიძლება რაიმე სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს. სამაგიეროდ, სახეზე ნამდვილადაა ერთი შედეგი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მესვეურთა სრული დისკრედიტაცია.

სამინისტროს დღევანდელ მესვეურებმა, როგორც ჩანს, არ იციან, რომ ნებისმიერი დოკუმენტის, მათ შორის თუნდაც „სტრატეგის“ შემუშავებისას, მოქმედი სამართლის, უპირველესად კი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ჩაეტიონ. ხოლო თუ ეს სტრატეგია კონსტიტუციის ფარგლებიდან გადის, მაშინ მის მიღებამდე საზოგადოებას ჯერ კონსტიტუციის შეცვლა უნდა შესთავაზონ.

გარდა ამ სამართლებრივი ნონსენსისა, რაც დოკუმენტის არაკონსტიტუციურობითაა განპირობებული, შეშფოთებას იწვევს თავად დოკუმენტის დესტრუქციული შინაარსიც.

შემოთავაზებული „სტრატეგიის პრინციპებით“ ქვეყანა იყოფა მხარეებად, ხოლო დღევანდელი მუნიციპალიტეტი კი - თვითმმართველ ქალაქებად და ე.წ სასოფლო თემებად. ასე, რომ მმართველობის სისტემის რეფორმირება, მათი აზრით, ტერიტორიული დანაწევრებით უნდა დაიწყოს. თურმე შემთხვევითი არ ყოფილა, რომ თავის დროზე მათ საქართველოს და არა მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის კონცეფცია წარმოგვიდგინეს.

თვალსაჩინოა ამ ე.წ. სტრატეგიით დაგეგმილი ღონისძიებების დესტრუქციული შინაარსი, აშკარაა, მათ განზრახული აქვთ არსებულის დაშლა. ამასთან, ჯერ ხეირიანად ისიც კი არ იციან თურმე, თუ სანაცვლოდ რას შემოიღებენ. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ისინი გეგმავენ მინიციპალიტეტების დანაწევრების ისეთ უმართავ პროცესს, როცა თავად ამ დანაწევრების კრიტერიუმებიც კი დასადგენი და საზოგადოებასთან შესათანხმებელია;

სწორედაც დესტრუქციული ავანტურაა, როცა ისინი ერთი წლის მანძილზე აპირებენ წინასწარ ცნობილი კრიტერიუმების გარეშე, რომელიც გზადაგზა უნდა დადგინდეს და შეთანხმდეს, საქართველოს ახალი რუკის დახატვას. თვით ბოლშევიკებმაც კი, პროლეტარიატის ძლევამოსილი დიქტატურის პირობებში, როცა მათ ხელში იყო კონცენტრირებული ნებისმიერი საჭირო რესურსი, ქვეყნის ახალი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრას 10 წელი მოანდომეს და მხოლოდ 1931 წელს მიიღეს ეს ახალი ადმინისტრაციული დაყოფა.

ცხადია, დღეს ახალი ტერიტორიული მოწყობისა და  ადმინისტრაციული დაყოფის თავს მოხვევა ქვეყნისათვის, თანაც ერთ წელიწადში, თუკი ეს სუპერ–ბოლშევიკური მეთოდებით არ განხორციელდა, სრულიად წარმოუდგენელი ავანტურაა.

ის ღონისძიებები, რაც ამ ე.წ. სტრატეგიაშია მოცემული, როცა იქმნება დაშლა–დანაწევრების, მოლოდინი, ხოლო ახლის შექმნის კონტურები რეალურად ჯერაც მკაფიოდ გამოკვეთილი არც არის, მმართველობის სისტემის თანმიმდევრული დეცენტრალიზაციის ნაცვლად არსებული სისტემის დესტაბილიზაციისა და მართვაში სრული ქაოსს აშკარა საფრთხეს შეიცავს.

შედარებისათვის ასეთ მაგალითს მოვიყვან: წარმოიდგინეთ აწეწილი სახლი, რომლის ძველმა მმართელმაც, პატრონის დაუკითხავად (რამდენად კანონიერი იყო ეს მმართველი, ისიც საკითხავია) ტუალეტში სამზარეულოს მაგიდა დადგა, სამზარეულოში – საძინებელი და საძინებელში კი აბაზანა. ანდაც, სულაც ერთ ოთახში უწერიგოდ შეყარა სახლის მთელი მოწყობილობა და ავეჯი. აი, ასეთ ვითარებაში ვართ ახლა – არსებულ მმართველობით დონეებს შორის არასწორად არის განაწილებული უფლებამოსილებები და რესურსები. უფრო სწორედ: ეს განაწილებულიც არ არის, ერთ ხელშია, ცენტრალური მთავრობისაა. იმის მაგივრად, რომ ახალმა მთავრობამ არსებულ მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებებისა და რესურსების სწორი განაწილება დაგეგმოს და განახორციელოს, იგი ამ მმართველობითი დონეების მთლიანად მოშლასა და მერე ხელახლა ახლებურად აწყობას აპირებს. ეს იმას გავს, ახალმა, ამჯერად უკვე კანონიერმა მმართველმა, იმის მაგივრად, რომ პატრონის თანხმობით აწეწილი, არეული სახლის მოწესრიგება და დალაგება დაიწყოს, ისევ პატრონის უკითხავად სახლის დანგრევა და თავიდან აშენება დააპიროს! თანაც ისე, რომ ჯერ ახალი სახლის პროექტიც არა აქვს...

პოლიტიკური თვალსაზრისით იქმნება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის ანკესი, მისი პროვოკაციული შეთავაზება – ხელაღებით ქვეყნის „რეგიონალიზაციისა“ და გუბერნატორების პირდაპირი არჩევის შესახებ, დემოკრატიულ კეკლუცობას მიჩვეულმა ჩვენმა ახალმა „სტრატეგოსებმა“ არა მხოლოდ „გადაყლაპეს“, არამედ ამჟამად მის „მონელებას“ ცდილობენ. ის კი ავიწყდებათ, რომ ანკესი ჯერ არც ერთ თევზს არ მოუნელებია.

თვით სააკაშვილმა მშვენივრად უწყის, თუ რა რისკებს შეიცავს ქვეყნის სამხარეო დაყოფაზე გაუმართლებლად და სრულიად მოუმზადებლად გადასვლა. ცხადია, ისიც ავანტურისტი იყო, თუმცა მანაც კი, თანაც იმ პირობებში, როცა სრულად ფლობდა ძალაუფლებას,  ვერ გაბედა ამის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი „ლიბერასტული“, დემოკრატიულად მოკეკლუცე პროექტები მასაც უხვად ჰქონდა.

მკაფიო დასაბუთების, საკონსტიტუციო პროცესის შედეგად მიღწეული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის, შესაბამისი სამართლებრივი, ეკონომიკური და საორგანიზაციო უზრუნველყოფის გარეშე, რისი განხორციელებაც ერთი წლის განმავლობაში სრულიად წარმოუდგენელია, ტერიტორიული დანაწევრების, ქვეყნის შიდა საზღვრების რადიკალური ცვლილებების გატარება ცეცხლთან უგუნურ თამაშს წააგავს.

უმართავმა პროცესმა, როცა  ე.წ. რეფორმატორები, როგორც ეს ამ ე.წ. სტრატეგიითა აქვთ „დაგეგმილი“, სოფელ –სოფელ სიარულს დაიწყებენ მუნიციპალიტეტების დასაშლელად, არა მხოლოდ მთავრობა, არამედ შეიძლება მთლიანად ქვეყანაც გადაიყოლოს.

ფრთხილად, ბატონებო, ფრთხილად: დანგრევა, დაშლა და აწეწვა ადვილია, დალაგება და შენებაა ძნელი! ამ დაულაგებელ ქვეყანას კი, კიდევ დაშლა და აწეწვა აკლია?!