საქართველო არს ცხოვრების წესი

საქართველო არს ცხოვრების წესი

ჩემო ძვირფასო მკითხველო, როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლო თვეებია, მაქვს ბედნიერება ამ საიტის გვერდიდან პუბლიცისტური წერილების სერიის სახით წარმოგიდგინოთ ქართველი ერის კულტურულ-სახელმწიფოებრივი განვითარების შესახებ ჩემს მიერ სისტემატიზირებული წარმოდგენები და შეხედულებები.

ჩემი მცდელობის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს წარმოჩენა ქართულ კულტურაში არსებული სიმდიდრისა, ამ სიმდიდრით განსაზღვრული მისიისა, რომელიც ეკისრება ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოებრიობას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და, ამავე დროს, თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის აღშენების პროცესის განხილვა ზემოთ ჩამოთვლილ ღირებულებებთან, როგორც უმთავრეს პრიორიტეტებთან მიმართებაში.

ამ მიზნით უკვე გამოვაქვეყნე სამეცნიერო-პუბლიცისტური ხასიათის არა ერთი სტატია და, ვფიქრობ, ამ მიმართულებებითვე გავაგრძელო მცდელობა საგნის მეტ-ნაკლები სრულფასოვნებით დახატვამდე.

მაგრამ, მინდა, აგრეთვე, მოგახსენოთ, რომ ყოველივე ამის შესახებ ჩემი წარმოდგენები ფორმირებული მაქვს სქელტანიან ისტორიულ რომანში "ჯვარ-პატიოსანი", რომელშიც მეტაფორული აზროვნების საშუალებით წარმოდგენილი მაქვს დიდი დავით აღმაშენებლის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის აღშენების პროცესის ჩემეული ვერსია.

მიუხედავად წიგნის საკმაო მოცულობისა (823 გვერდი), ვფიქრობ,  მასში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შესახებ შესაბამისი შეხედულებები და წარმოდგენები დალოცვილი მხატვრულ-მეტაფორული აზროვნების საშუალებით გაცილებით მსუბუქად, გაცილებით ლაკონურად, გაცილებით ღრმად და გაცილებით, ალბათ, გასაგებ ენაზედაც არის გადმოცემული, ვიდრე ამის საშუალებას მეცნიერული პუბლიცისტიკა, როგორც აზრის გადმოცემის განსაკუთრებული ჟანრი იძლევა.

რაც არ ძალუძს ლოგიკურ-მეცნიერულ აზრს, ის თავისუფლად ხელეწიფება მეტაფორულ აზროვნებას!

ჭეშმარიტად, დიდი ძალა აქვს მხატვრულ სიტყვას, მეტაფორულ აზროვნებას!

ამის დასტურად, გთავაზობთ ფრაგმენტს ჩემი რომანიდან, რომელიც კაცობრიობის შესახებ საქართველოს მისიას შეეხება და რომელშიც უკვე სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული დავით მეფე თავის მემკვიდრეს უფლისწულ დემეტრეს მოძღვრავს.

ეშმაკებთან მიქირავებულთა და ბრუდე სიტყვის ოსტატთა საყურადღებოდ – პატივი ეცით საკუთარი წინაპრების ძვლებს და თუნდაც დავით მეფის ხსოვნის საპატივსაცემოდ კომენტარებში უხამსს, უადგილოსა და უკადრებელს ნურაფერს იკადრებთ.

თხოვნის ყურად ღების შემთხვევაში გულწრფელი მადლობა!

დავით მეფის დამოძღვრა უფლისწული დემეტრესი სიკვდილის წინ

"ჯერ კიდევ სარეცელსა ზედა იყო მიჯაჭვული და არ წამომდგარიყო, როდესაც დაიბარა მან წული თვისი დემეტრე თავისთან და უთხრა:

- მოვიდა, შვილო დემეტრე, დრო შენგან ჩემს მიერ გვირგვინის მიღებისა და სახელმწიფოსა ჩვენის დამოუკიდებლად მართვისა.

იდგა მის წინაშე დემეტრე, დიდი გამოცდილებით დიდად დაბრძენებული და მამასა თვისსა, სარეცელზე მიწოლილს უდიდესი პასუხისმგებლობის შეგნებით დაჰყურებდა.

- თუ შენ ასრე თვლი, მამავ ბატონო, რომ დადგა დრო მივიღო შენს გოლიათ მხრებთაგან ტვირთი ეგე, მე მზადა ვარ, – უთხრა მოკლედ…

…სანამ დაიწყებდა თქმას, ჯერ წყალი სთხოვა შვილსა, ხოლო რა გაისველა ბაგენი, განაგრძო:

- უპირველეს ყოვლისა, უნდა უწყოდე შენ, შვილო, თუ რა არის საიდუმლო იმ სახელმწიფოს სიძლიერისა, რომელიც უფლის შემწეობით მე შემოვიმოქმედე.  – და დადუმდა, რათა წულსა მისსა კარგად გაეაზრებინა მისი ნათქვამი.

- მეც არაერთხელ მივცემივარ კითხვას, მამავ ბატონო, – შეუთანასწორა თავისი განწყობა უფლისწულმა დემეტრემ მამასა თვისსა – თუ რაშია საიდუმლოება შენს მიერ აღშენებული სახელმწიფოს ესევითარი სიძლიერისა.

– დღესაც აბია კავკასიის ქედზე პრომეთე, კაცობრიობისათვის ცოდნის კოცონის მიმცემი, შვილო დემეტრე, – დავით მეფე, ეუბნებოდა რა წულსა თვისსა ამ სიტყვათ, თან მზერით ისრე იყო შთანთქმული მის არსში, თითქოს უნდოდა არა მარტო ეთქვა, არამედ თავისი აზრებიანად მის სულში შესახლებულიყო.

– პრომეთე?.. – დიდად გააკვირვა პასუხის შინაარსმა უფლისწული, ერთი წამით ისიც კი გაივლო გუნებაში, ხურვების ბოდვა ხომ არ მოეძალა მამაჩემსაო. – პრომეთე რაღა შუაშია, მამავ ბატონო?

მაგრამ დავით მეფემ თითი ასწია საწოლზე უღონოდ დასვენებული მარჯვენისა, რითაც მიანიშნა შვილს, უფრო დაკვირვებით მომაპყარ გულისყურიო, და განაგრძო:

– და არც ოქროს საწმისი წაუღია ჩვენიდან ვინმეს და დღესაც ჩვენს ქვეყანასა, საქართველოსა შიგან, ძევს იგი.

მიუხვდა დემეტრე სიღრმეს სიტყვათა, წარმოთქმულთა დავით მეფის მიერ და ფიქრით მზერა შეიბურვა.

– რა არს იგი სიბრძნე, რაც პრომეთეს კოცონს მოაქვს, მამავ ბატონო, კაცობრიობისათვის, – ბოლოს და ბოლოს  გონების უკიდურესი დაძაბვით გამოამეტყველა მან – და რა არს იგი სიბრძნე, რომელიც სწერია მას ოქროს საწმისსა ზედა?

დავით მეფემ თავისი უღონო თვალები მაცხოვრის ხატს აღაპყრო.

– ღვთიური სამართალი, შვილო დემეტრე, ბოძებული უფლის მიერ კაცობრიობისათვის.

– და შენ გინდა თქვა, მამავ ბატონო, რომ ძევს იგი დღესაც...

– საქართველოსა შიგან, შვილო.

– და რომ მას ჰქვია...

– დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი – ერთადერთი სიბრძნე, ბოძებული უფლის მიერ კაცთათვის, რომელსა შიგანაც დაარქვა უფალმა ყოველს საგანსა, რასაც ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში და ყოველ საქციელს, რაიც შეადგენს ადამიანის ცხოვრებას, თავისი სახელი და შემოიმოქმედა მადლი, მიმცემი კაცთათვის ცხოვრების აზრისა.

განა ან რა დრო და ან რა ვითარება იყო იქ შესაბამისი შეკამათებისა, როდესაც მამა მისი,  უკიდურესად დაძლეული ავადობისაგან, ძლივთ გამოსთქვამდა თითოეულ სიტყვას, მაგრამ მაინც ვერ დაიოკა სიბრძნით ჯერ კიდევ მოუმწიფარმა დემეტრემ თავი და სანამ დავით მეფე კიდევ  ეტყოდა რამეს, თავად შეჰბედა კრძალვით: 

– მაგრამ, მამავ ბატონო, არიან დიდი ერები, არიან პატარა ერები და არიან ისინი მრავალნი და აურაცხელნი დედამიწაზე; რაღა მაინცდამაინც საქართველო?

– არიან დიდი ერები, არიან პატარა ერები და არიან ისინი მრავალნი და აურაცხელნი, – დავით მეფეს ძლიერ შეუჭირდა, მაგრამ ვითარება იყო იმგვარად საპასუხისმგებლო, რომ ვერც წული მისი ბედავდა იმისთვის საუბრის გაწყვეტინებასა და არც იმას მოსდიოდა თავში ამგვარი რამ. – მაგრამ, სურს თუ არა ეს ვინმეს, საქართველო არს ის ალაგი, სადაც დაარწია უფალმა პირველი აკვანი კაცობრიობის სიბრძნისა. საქართველო არს ცხოვრების წესი, რომლიდანაც დღესაც იღებს საწყისს კაცობრიობის არსებობის შინაარსი – სამართალი, განმსაზღვრელი კაცთა როგორც ვალდებულებათა, ისრე უფლებათა, და აღჭურვა უზარმაზარი ძალით, რომელსაც ღვთის ნება ჰქვია.

– და რა არის ვალდებულება კაცისა, მამავ ბატონო?

– უფლის სახელით უპატრონოს ოჯახსა თვისსა წმინდასა, სოფელსა თვისსა წმინდასა და სამშობლოსა თვისსა წმინდასა.

– ხოლო უფლება?

– კაცის ერთადერთი უფლება არს – იყოს ვალდებული.

– ვალდებულებაც ვალდებულებაა და უფლებაც ვალდებულება, – თვალებიდან იმას გაოცებაც გამოუჭვიოდა, მის მიერ ნათქვამთა გაზიარებაცა და კითხვაც, რომელზე პასუხის გაცემის გარეშე ის ვერ დადგებოდა. – მაგრამ ნუთუ სამაგიეროდ უფლის მიერ საჩუქრად ადამიანისათვის არა არის რა ამ ქვეყნად დაწესებული?

– როდესაც წმინდად აღასრულებს კაცი ვალდებულებას თვისას, მაშინ არის იგი ღირსებით შემკული. ღირსება არს ერთადერთი ჭეშმარიტი სამკაული, ბოძებული მისთვის ღმერთისგან, რომელსა შიგანაც კაცი ჭეშმარიტად ნეტარებს, რამეთუ ღირსებასა შიგან არს ადამიანი თავისუფალ, ღირსებასა შიგან არს კაცი მძლე, ღირსებასა შიგან არს კაცი სიკვდილსა ზე მდგომი და ღირსებასა შიგან არს კაცი უფლის წინაშე მორჩილებით არდაჩაგრულ.

– ესე იგი, ღირსება არს ღვთით, კაცი თავისუფალია მის მფლობელობასა შინა და ვერც ვერავინ ჩამოართმევს მასა, ვერცა აღუკვეთავს და ვერც ვერავინ შეეცილება.

– პიროვნების მიერ თავისი ღირსების დაცვის თავისუფლება, – აი, ის სიბრძნის დედაბოძი, შეყენებული ქვეყნისთვის დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის მიერ, რომელსაც ეყრდნობა სახელმწიფოს ძალი და ღონე, უკუუქცევლად აღმძვრელი ერისა და ქვეყნის სიძლიერისა.

მამა მოძღვრავდა, შვილს ესმოდა და ითვისებდა, რათა განეგრძო, რაც არის კიდეც ის საფუძველი, რომელზედაც დაფუძნებულ არს ერთიანობა კაცობრიობის ისტორიისა.

– დაიმახსოვრე მეთქი კარგად, შვილო დემეტრე, მე სამ საფეხურად დავყავი ამა წუთისოფელსა შიგან ჩემი აღსასრულებელი – პირველი, შევიძელ და ღვთის სამართალი – დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი – დავუდე ქართველთა არსებობას; მეორე, შევიძელ და ღვთის სამართალი – დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი – დავუდე ჩვენს ახლო მეზობლობაში – კავკასიასა შიგან – მცხოვრებ ხალხთა ურთიერთთანაცხოვრებას; ხოლო მესამე, სადაც ვერ შევიძელ და სადაც ვერ განვავრცე მე იგი სამართალი უფლისა – დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი, – არს დანარჩენი ქვეყნიერება. ამიტომ, შენი, მემკვიდრისა ჩემის, წმინდა ვალია განავრცო იგი კიდევ უფრო შორს ჩვენი საზღვრებიდან, რამეთუ არს იგი მისია ქართველთა მათ წინაშე მთელი კაცობრიობისა, დადგენილი თავად უფლის მიერ.

უფლისწულ დემეტრეს ავადობით სიკვდილის პირას მისული მამისა მისის აზროვნების სიფართისაგან თვალები დაუფარავი გაოცებით გაჰფართოებოდა.

– კი, მაგრამ, მამავ ბატონო, მარტოდ მარტომ როგორ შევიძლო მე ეს?

– თუ არ გადაუხვევ წესსა და რიგს დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონისა, იქნები შენ, ვითარცა მეფე, არამარტოობით უძლეველი როგორც ერისა შენისაგან, ისრე მეზობელთა შენთაგან, რამეთუ შენი სიძლიერის მსურველი იქნება ყოველი, ვისაც კი ექნება შენთან ურთიერთობა, ხოლო თუ შენს თავზე მზრუნველობით უღალატებ მას გზასა, მაშინ დარჩები მარტო, რამეთუ ყოველი მეზობელი გახდება მტერი შენი.

უფლისწული დემეტრე ყოველსა სიტყვას, წარმოთქმულს მამისა მისისა მიერ, ხარბად ისრუტავდა.

– პირველ მეგობრად იგულე ყოველი, ვინც არის, აგრეთვე, მართლმადიდებელი, და თავისი ერისა, აგრეთვე, დიდისა სამოქალაქო ზნეობრივი კანონის მიხედვით მომვლელი. განძლიერდი მასთან ერთად კავშირში, რამეთუ დიდი არს ძალა ერთმორწმუნეობისა და დიდ მანძილზე გადაგაწვდევინებს იგი ხმასა შენსა. აგრეთვე, ფრანგნი ყოველნი, მცხოვრებნი რომის პაპის მრევლში; აგრეთვე, ყოველი მუსულმანნი, ასრერიგად განმრავლებულნი და, ბოლოს, ინდონი, აგრეთვე, დიდად ბრძენნი და მაღალნი. დაიხსომე, შვილო, – დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი არს ერთადერთი სამართალი,  დიდი წესრიგის დასამყარებლად ამ ქვეყანაზე, რათა არა იყოს ომი, არამედ მშვიდობა და  არა დაჩაგვრა, არამედ ღირსეული თანაცხოვრება ყველა ერთა შორის.

დიდხანს იჯდა მამის სარეცელთან უფლისწული დემეტრე თავჩაქინდრული.

– შეიმეცნე თუ არა? – ჰკითხა დავით მეფემ იმას.

უფლისწულმა დემეტრემ მამას თვალებში ჩაკირული თავდაჯერებულობით დაჰხედა.

– შევიმეცნე, მამავ ბატონო.

(თავს ნებას მივცემ, ხანდახან ფრაგმენტები შემოგთავაზოთ რომანი "ჯვარ-პატიოსანიდან" წმინდა მეფის დიდი დავით აღმაშენებლის მონაწილეობით).

 P.S. ჩემო მეგობრებო, შემდგომ თავში ჩვენ განვიხილავთ თემას იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი ქართული კულტურის დიფერენცირებული წარმოდგენა როგორც კონცეპტუალურ-ინტელექტუალური, ისე ფუნქციონალურ-ინფასტრუქტურული თვალსაზრისით.

აგრეთვე, საუბარი შეეხება ქართული კულტურის კაპიტალიზაციის თემას, რასაც ძალუძს საერთაშორისო არენაზე ქართული სახელმწიფოებრიობის ფასის როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით ერთი ასად გაზრდა.

ჩვენ ვისაუბრებთ, აგრეთვე, ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების რეალურ შესაძლებლობების შესახებ.