საქართველოს ბანკის API  სერვისების გამოყენება  B2B პროგრამებშია შესაძლებელი

საქართველოს ბანკის API  სერვისების გამოყენება  B2B პროგრამებშია შესაძლებელი

საქართველოს ბანკი ბიზნეს ინტერტნებანკის მომხმარებლებს კიდევ უფრო გამარტივებულ და  კომფორტულ პროდუქტებსა თუ სერვისებს სთავაზობს.

ბიზნეს ოპერაციების გასამარტივებლად და B2B პროგრამაში საჭირო საბანკო სერვისების გამოყენების მიზნით, ბანკი მომხმარებელს API (Application Programming Interface) სერვისებს სთავაზობს. აღნიშნული სერვისების დახმარებით მომხმარებელს შეუძლია თავიდან აიცილოს რუტინული ოპერაციები და პროცესების ავტომატიზაციის ხარჯზე მას ბევრად ნაკლები დრო მოახმაროს. ბიზნეს ინტერნეტბანკის სხვადასხვა ფუნქციონალის გამოყენება უკვე ბიზნესის სამუშაო პლატფორმაშია შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ბიზნესინტერნეტბანკში შესვლის გარეშე საფინანსო / საბუღალტრო / საწარმოს მართვის პროგრამაში საბანკო ოპერაციების მარტივად  შესრულების შესაძლებლობას მისცემს.  API-სერვისების გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი სამუშაო პროგრამაშივე შეძლებს შემდეგი საბანკო ოპერაციების შესრულებას: ინდივიდუალური და პაკეტური გადარიცხვის დოკუმენტების შექმნა/გაუქმება (როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში); უკვე შექმნილი დოკუმენტების სტატუსებისა და მიმდინარე დღის აქტივობების შემოწმება. ჩაშენებული ფუნქციონალის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ამონაწერის გენერაცია (ამონაწერზე ზოგადი ინფორმაცია, პირველი 1000 ჩანაწერი, გლობალური და ყოველდღიური ნაშთები, ჩანაწერები მითითებულ გვერდზე) და მიმდინარე ნაშთების საკუთარ სამუშაო პლატფორმაში დანახვა. API სერვისების მეშვეობით ასევე მოხდება საბალანსო უწყისის და ვალუტის კურსების (ეროვნული ბანკის კურსი, კურსების ისტორია, ბანკის კომერციული კურსი) მომხმარებლის პირად სამუშაო პლატფორმაში განთავსება.     

„საქართველოს ბანკი ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის ხელშესაწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. მომხმარებლისთვის წარვადგინეთ API სერვისი, რომლის დახმარებითაც საბანკო ოპერაციების შესრულება ინტერნეტბანკში შესვლის გარეშე, მომხმარებლისთვის ხელსაყრელ პროგრამაშია შესაძლებელი. API-ის ინტეგრაციით ამიერიდან კომპანიებს აღარ მოუწევთ ორმაგი შრომა რუტინული ოპერაციების შესასრულებლად. გაუმჯობესებული UX-ი კი  საგრძნობლად შეამცირებს გარკვეული ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო დროს, რაც დღესდღეობით დიდი კომფორტი და საჭიროებაა ნებისმიერი ადამიანისათვის. საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული, განახლებული სერვისების უზრუნველყოფას და ამ კუთხით ბიზნესს კიდევ არაერთ  სიახლეს შესთავაზებს“,- განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების  ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, საბანკო სერვისების გააქტიურება უფასოა და შესაძლებელია bonline.ge-დან,  პროგრამებში: ბალანსი, SAP Business One, 1C, ორისი, ფინა, ინფო ბუღალტერი, ინფო საწარმო, FMG მარკეტი, FMG დისტრიბუცია, აპექს ბუღალტერია, Dariex-ის ERP პროგრამა და SuperFin.