იტალიის წამლის სააგენტო: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა და სარგებლისა და რისკის თანაფარდობა დადებითია

იტალიის წამლის სააგენტო: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა და სარგებლისა და რისკის თანაფარდობა დადებითია

იტალიის წამლის სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლა მაგრინის განცხადებით, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მიერ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ჩვენ შეჩერების წერტილამდე მივედით, რადგან რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, ვაქცინაციის შეჩერება გადაწყვიტა შემოწმების ჩასატარებლად. ეს პოლიტიკური არჩევანია“, - აღნიშნა იტალიის წამლის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

ნიკოლა მაგრინიმ აღნიშნა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა და სარგებლისა და რისკის თანაფარდობა დადებითია.

„იტალიის წამლის სააგენტოს რამდენიმე დღე დასჭირდება ყველა საჭირო მონაცემის შესაგროვებლად და როგორც კი ეჭვები გაქარწყლდება, ვაქცინაცია უფრო სწრაფად გაგრძელდება“, - აღნიშნა მან.

12 მარტს, ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბოემბოლია უშუალოდ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრამ გამოიწვია.

მათივე განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომელიც გამოწვეულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით.