თეთრი სახლი მიესალმება, თუ დონალდ ტრამპი თავის მხარდამჭერებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლი მიესალმება, თუ დონალდ ტრამპი თავის მხარდამჭერებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიესალმება, თუ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის მხარდამჭერებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„თუ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი ხვალ გაიღვიძებს და მას ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე განცხადების გაკეთება მოუნდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ტელეკომპანია PBS-ის მიერ გასულ კვირას ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამერიკელი მამაკაცების თითქმის ნახევარი, რომლებიც თავს „რესპუბლიკური“ პარტიის მხარდამჭერებად მიიჩნევენ, ვაქცინაციის გავლას არ აპირებენ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის მხარდამჭერებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„ტრამპი ძალიან პოპულარულია და მას დიდი გავლენა აქვს „რესპუბლიკელ“ ამომრჩევლებზე. თუ ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ვაქცინა გაიკეთონ, დარწმუნებული ვარ, ამას გავლენა ექნება“, – განაცხადა ფაუჩიმ.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

14 მარტს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონზე მეტი დოზა გაიხარჯა.