აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ტრამპის სარჩელი უარყო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ტრამპის სარჩელი უარყო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის სარჩელი უარყო.

სარჩელი უისკონსინის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადათვლას ეხებოდა. უისკონსინის შტატში ჯო ბაიდენმა 20 ათასი ხმით მეტი მიიღო. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ სარჩელი დამატებითი განმარტებების გარეშე უარყო.

აღსანიშნავია, რომ 22 თებერვალს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ორი მსგავსი სარჩელი უარყო, რომელიც უისკონსინისა და პენსილვანიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხებოდა.

2020 წლის 15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 2020 წლის 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებდა არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.