ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება

აშშ-ში, მინესოტას შტატში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვინის საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პირველი ეტაპი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის შერჩევას ითვალისწინებს და ეს პროცესი სულ მცირე სამ კვირას გასტანს. პარალელურად სასამართლოს შენობასთან გაიმართა დემონსტრაცია, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. ისინი საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას ითხოვდნენ.

სლოგანით „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა, არაერთ ქვეყანაში რასიზმს აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციები აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 2020 წლის 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს, ოქტომბერში კი მილიონი დოლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.