აშშ-მა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილი სამი ონლაინგამოცემა გამოავლინა, რომლებიც ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ

აშშ-მა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილი სამი ონლაინგამოცემა გამოავლინა, რომლებიც ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ

აშშ-მა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილი სამი ონლაინგამოცემა გამოავლინა, რომლებიც Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

„აღნიშნული გამოცემები მრავალი სახის დეზინფორმაციას ავრცელებენ, მათ შორის Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებზე, სამხედრო კონფლიქტებზე, საპროტესტო აქციებსა და ნებისმიერ გამყოფ საკითხზე, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ“, - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრმა, რომელიც პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიების საწინააღმდეგოდ შეიქმნა, სამი ასეთი ონლაინგამოცემა გამოავლინა.

საუბარია News Front-ზე, New Eastern Outlook-სა და Oriental Review-ზე, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ.

„სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს ინტერნეტში რუსეთის მანკიერი ქმედებების გამოაშკარავებას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გლობალური რეაგირება მოვახდინოთ დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.