კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

აშშ-ში სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს, ფედერიკო კლაინს სამართალდამცველი ორგანოებისათვის ხელის შეშლა და სამართალდამცველებზე თავდასხმა ედება ბრალად.

ფედერიკო კლაინი სახელმწიფო დეპარტამენტში დასავლეთ ნახევარსფეროს საქმეთა ბიუროში სპეციალურ თანაშემწედ მუშაობდა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, კაპიტოლიუმზე შტურმის დროს ფედერიკო კლაინი სამართალდამცველების წინააღმდეგ სპეცრაზმის ფარს იყენებდა.

2 მარტს, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ მისი უწყება აშშ-ის კაპიტოლიუმზე შტურმს ტერორიზმის აქტად განიხილავს.

აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი სულ მცირე 270 ადამიანს წაუყენეს. ბრალდებულთა უმეტესობას ბრალი შეთქმულებაში, სამოქალაქო არეულობის დროს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლასა და კონგრესის მუშაობის შეფერხებაში ედებათ.

6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.