სოზარ სუბარი: ოპოზიციის შეთავაზებებიდან, რომელიც შარლ მიშელთან დადეს მაგიდაზე, ერთ-ერთია პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც ნიშნავს, რომ შემოდიან პარლამენტში

სოზარ სუბარი: ოპოზიციის შეთავაზებებიდან, რომელიც შარლ მიშელთან დადეს მაგიდაზე, ერთ-ერთია პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც ნიშნავს, რომ შემოდიან პარლამენტში

მე წაგიკითხავთ მათ შეთავაზებებს, რომელიც შარლ მიშელთან მაგიდაზე დადეს, ერთ- ერთი არის პარლამენტში ძალთა გადანაწილება, ეს ნიშნავს, რომ ისინი შემოდიან პარლამენტში - დააზუსტონ, შემოდიან თუ არავითარ შემთხვევაში არ შემოდიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

სუბარი აღნიშნავს, რომ კონკრეტული პუნქტი პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში პასუხისმგებლობების განაწილებასაც ეხება.

"მე წაგიკითხავთ მათ შეთავაზებებს, რომელიც დადეს მაგიდაზე შარლ მიშელთან, ერთ- ერთი არის პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძოებო კომისიის, პასუხისმგებლობების და როლების სამართლიან გადანაწილებას პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ისინი შემოდიან პარლამენტში. დააზუსტონ, შემოდიან თუ არავითარ შემთხვევაში არ შემოდიან. თუ არ შემოდიან როგორ უნდა გადავანაწილოთ ძალები პარლამენტში? თუ შემოდიან, შემოვიდნენ, ველოდებით. ეს არ არის შარლ მიშელის მოტანილი დოკუმენტი, ეს არის მათ მიერ დადებული წინადადებები და თუ მათთვის მიუღებელი იყო ეს წინადადებები, იქვე უნდა ეთქვათ, რომ ისინი ამაზე არ ლაპარაკობენ. თუ ისინი ამაზე საუბარს თანხმდებიან, ნიშნავს, რომ მზად არიან პარლამენტში შემოსასვლელად", - განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, თავად მმართველი გუნდი რამდენად არის მზად ამავე დოკუმენტში ასახულ პუნქტებზე ოპოზიციასთან სასაუბროდ, სუბარი აღნიშნავს, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა არის საკითხები და ფორმულირებები, რომელიც შეუძლებელია გაიზიარონ.

"ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, თუმცა, ამ დოკუმენტში არის ისეთი საკითხები, რომელიც შეუძლებელია გაიზიაროს ადამიანმა, რომელიც სწორად შეხედავს მოვლენებს. მაგალითად, როცა ლაპარაკია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ეს ჩემთვის აბსოლუტურად არასწორი ფორმულირებაა", - განაცხადა სუბარმა.