ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერობის დროს დაშვებული შეცდომებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერობის დროს დაშვებული შეცდომებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერობის დროს დაშვებული შეცდომებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ ყველა შესაძლო შეცდომა დაუშვა და ბოლო 2 წლისა და 10 თვის განმავლობაში, რევოლუციის შემდეგ, მოქმედმა ხელისუფლებამ ასევე დაუშვა შეცდომები.

„საუბარია ჩვენს მთავრობაზე, საუბარია პირადად ჩემზე. სომხეთის ყველა მოქალაქეს, დიასპორის ყველა სომეხს, არცახის ყველა მოქალაქეს ბოდიში მინდა ვთხოვო დაშვებული შეცდომებისთვის“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მისი მხრიდან შეცდომების მიზეზი ის იყო, რომ ხელისუფლებამ ხალხის სიყვარულით ისარგებლა.

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში 25 თებერვალს მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.