ბეჭდის მანკიერი ხიბლი (ბლოგის ბოლო სტატიების ანალიზი)

ბეჭდის მანკიერი ხიბლი (ბლოგის ბოლო სტატიების ანალიზი)

რამდენიმე დღის წინ, ბევრისათვის სავსებით მოულოდნელად, ჯერ პრეზიდენტმა, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დაადასტურეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ 2013 წლის ოქტომბრისათვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი გაცილებით ადრე ამოქმედდეს.

რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი და არა ქვეყნის პრეზიდენტი ხდება საქართველოს პირველი პირი, ხოლო პრეზიდენტი დაკარგავს  როგორც მინისტრთა კაბინეტის გადაყენება-დანიშვნის, ასევე პარლამენტის ერთპიროვნულად დათხოვნის უფლებასაც.

ამდენად, იმ ფონზე, როცა დეკემბერში ნაციონალურმა მოძრაობამ და პრეზიდენტმა უარი განაცხადეს საკონსტიტუციო ცვლილებების ადრე ამოქმედებაზე, ახლა ლამის თავად ნაცმოძრაობა გამოდის ასეთი ცვლილების ინიციატორად.

გასაგებია, რომ რაღაც სერიოზულად შეიცვალა არსებულ რეალობაში და შედეგად - ნაცმოძრაობის განწყობებში. ანდა, არაა გამორიცხული, რომ ნაცმოძრაობამ რაღაც ახალი ინტრიგა ჩაიფიქრა და ამ ცვლილებებით ახლა საკმაოდ სერიოზული დივიდენდების მიღების იმედი აქვს. ყველაზე უფრო რეალურია, რომ ერთიც და მეორე მოსაზრებაც სიმართლე იყოს.

თუ კადნიერებაში არ ჩამომართმევთ, მინდა ჩემი ბოლოდროინდელი ბლოგების ანალიზი შემოგთავაზოთ, რას ვფიქრობდი და რა დაემთხვა რეალურ განვითარებას.

2012 წლის 11 დეკემბერს გამოვაქვეყნე სტატია სათაურით „ალტერნატიული სტრატეგიები“.

http://solomonternaleli.wordpress.com/2012/12/11/ალტერნატიული-სტრატეგიები/

სტატიის ძირითადი აზრი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად მისი „ოპოზიციონერობისა“ ხელთ ეპყრა ძალიან სერიოზული და სახიფათო ბერკეტი, რომელსაც მე ნახევრადხუმრობით  „მასიური განადგურების იარაღი“ ვუწოდე. ეს იყო ის უფლება, რომ მას შეეძლო ნებისმიერ მომენტში გადაეყენებინა მთელი მთავრობა პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ხოლო 2013 წლის აპრილ-მაისში დაეთხოვა პარლამენტიც, თუ იგი სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე  სამჯერ უარს განაცხადებდა. ამ პირობებში მიხეილ სააკაშვილს შეეძლო (თანახმად 2004 წელს მიღებული გაუგონრად უზურპატორული-დიქტატორული საკონსტიტუციო შესწორებისა) მის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული მთავრობის პირობებში ჩაეტარებინა ახალი საპარლამენტო არჩევნები და (აქამდე ყველაზე უფრო მასიური გაყალბების შემთხვევაში!) აეღორძინებინა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობა. ჩავთვალე, რომ  იმის მიხედვით, იტყოდა თუ არა ამ “მასობრივი განადგურების იარაღზე” უარს სააკაშვილი და ნაცმოძრაობა, ქვეყანაში განვითარება ხისტი ან რბილი სტრატეგიის გზით წავიდოდა.

აი, მოკლე ამონარიდები ამ სტატიიდან:

კომპიუტერულ თამაშთა შორის ერთ-ერთი დიდი ადგილი უკავიათ ე.წ. „სტრატეგიებს“. დღევანდელი ქართული პოლიტიკა სწორედაც რომ სტრატეგიების ომია, და, სავარაუდოდ, უახლოეს წელიწადში ორი ძირითადი ალტერნატიული სტრატეგიული განვითარებაა მოსალოდნელი.

ეს ალტერნატივებია:

ა) ხისტი სტრატეგია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ - „მოგებულს ყველაფერი რჩება“.

და

ბ) რბილი სტრატეგია, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც - „თანაარსებობა განიარაღების ფასად“.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ იმის არჩევანი, რომელი გზით წავა განვითარება, არა - „ქართულ ოცნებას“, არამედ, ოპოზიციაში მყოფ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. ეს პარადოქსი კი მარტივად აიხსნება. სწორედ ნაციონალურ მოძრაობას უპყრია ხელთ გარკვეულწილად „მასობრივი განადგურების იარაღი“ და სწორედ იმაზე, მოისურვებს თუ არა მისი ლიდერი, რომ განიარაღების პროცესი დაიწყოს, დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად, საქართველოს პოლიტიკური განვითარება 2013 წელს ხისტი გზით წავა, თუ - კომპრომისული ვარიანტით.

ხისტი სტრატეგია

რამდენადაც მთელი ამ სტრატეგიის მთავარი ელემენტი სწორედ რომ სააკაშვილის ხელში აპრილისათვის გადანახული ის ჯადოსნური ჯოხია, ამიტომ მთავრობის ძირითად სტრატეგია სწორედ ამ მასობრივი განადგურების იარაღის ნეიტრალიზაცია უნდა იყოს! თუ სააკაშვილი ამ იარაღისაგან განიარეაღდება, ნაცმოძრაობის ხისტი, აგრესიული სტრატეგიის სხვა ელემენტებიც ლამის თავისთავად ნეიტრალიზდება.

სააკაშვილის განიარაღების ორი შესაძლო მეთოდი ან მის იმპიჩმენტს, ან საკონსტიტუციო ცვლილებების უფრო ადრე - აპრილამდე განხორციელებას გულისხმობს. იმპიჩმენტი უფრო სწორხაზოვანი ტაქტიკაა და უცხოეთში მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს, ხოლო თუ საქმე ოქტომბერში ისედაც განსახორციელებელი საკონსტიტუციო ცვლილებების უფრო ადრე გადმოტანას შეეხება, ეს ალბათ უფრო დახვეწილი ტაქტიკა იქნება და ივანიშვილმა ახლახანს აშკარად მიანიშნა, რომ ეს ვარიანტი უფრო მისაღებად ეჩვენება.

...ჯერ ერთი, გამონაკლისის წესით, შეიძლება შეცვლილი უფლებამოსილების პრეზიდენტის არჩევნები პირველად ოქტომბრამდეც ჩატარდეს (მაგალითად 2013 წ. მარტში), ხოლო უფლებამოსილების პერიოდი 5 წელზე ნაკლები აღმოჩნდეს – 2017 წლის ოქტომბრამდე. შემდეგში კი ეს ყველაფერი რეგულარულ 5-წლიან პერიოდად ჩამოყალიბდება.

მეორე გამოსავალი კი ის იქნება, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ჩასწორებასთან ერთად ის შესწორებაც მიიღოს, რომ მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავისი უკვე შემცირებული უფლებამოსილება 2013 წლის ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდეს… ჯადოსნური ჯოხის გარეშე ხომ იგი უკვე თავის საფრთხეს დაკარგავს… დასავლეთს ალბათ ძალიან ეამება ეს უკიდურესად კოჰაბიტაციური ვარიანტი (გულახდილად ვიტყვი, მე ეს სულაც არ მომწონს, თუმცა ყველაზე კომპრომისული ალბათ სწორედ ეს იქნება).

რბილი სტრატეგია

… უცნაურია, მაგრამ რბილი სტრატეგია ლამის იგივე ჯაჭვს გულისხმობს, რასაც ხისტი, ოღონდ – მოქმედი პირების გაცვლით.

რბილი სტრატეგიის ამოსავალი პუნქტი ის იქნება, რომ ნაცმოძრაობა უნდა განაირაღდეს! მიხეილ სააკაშვილმა თავად უნდა განაცხადოს უარი მის მიერ სათუთად გადანახულ ჯადოსნურ იარაღზე და თავად მოითხოვოს პარლამენტის მიერ ახალი საკონსტიტუტციო ცვლილებების დროზე ადრე ამოქმედება! ამ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” აღარ ექნება იმ რეალური საფრთხის განცდა, რაც დღეს არის და, სავარაუდოდ, მისი მოქმედებაც გაცილებით ნაკლებ ხისტი გახდება:

- თუ პრეზიდენტს აღარ ექნება აპრილში მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა, მაშინ აზრს კარგავს პრეზიდენტის ნაადრევი იმპიჩმენტიც და თვითმმართველობების გადმობარებაც. მართალია, ეს უკანასკნელი პროცესი, ალბათ, მაინც გაგრძელდება (ადგილზე იქაური მოსახლეობის მხრიდან თვითთმართველობის კადრების ცვლის სურვილის გამო), მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებას უკეთ შეეძლება გაემიჯნოს ამ პროცესებს და თუ ძალდატანება აშკარად არღვევს ორგანოთა საქმიანობას, პოლიციაც ალბათ მოახარხებს ამ პროცესებს საზღვარი დაუწესოს და კანონის ჩარჩოში მოაქციოს.

როგორც ახლა შეიძლება უკვე გარკვევით ითქვას, სააკაშვილმა მაშინ - 2012 წლის დეკემბერში ხისტ სტრატეგიაზე წასვლა გადაწყვიტა. მას ჰქონდა იმის იმედი, რომ სხვადასხვა სტრუქტურების - სასამართლოები, ადგილობრივი თვითმმართველობები,  ეროვნული ბანკი, სახ. აუდიტის სამსახური (ყოფილი კონტროლის პალატა), და გარკვეულწილად - პოლიციაშიც (იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი საშუალო რგოლის) ლოიალური პირების დახმარებით საბოტაჟის აქტების განხორციელებით, უცხოეთში საელჩოების და პიარ-კომპანიების დახმარებით, ხალხში ახალი მთავრობის დაპირებების ნელი ტემპით გამოწვეული იმედგაცრუების ფონზე მოახერხებდა ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით - ქვეყნის გარეთ სერიოზული კამპანიის აგორებას დევიზით – „საქართველოს ახალი მთავრობა ქვეყანას ღუპავს!“, რაც სასურველი საფუძველი უნდა გამხდარიყო მარტში მთავრობის გადაყენები,ს ხოლო აპრილში პარლამენტის დათხოვის გზაზე.

მაგრამ მიშას არ გაუმართლა.

პირველ რიგში, თვითმმართველობების ნაცმოძურმა „მონოლითმა“ მარტის თოვლივით სწრაფად დაიწყო  დნობა – ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ სერიოზული წნეხის პირობებში ხან აქ, ხან – იქ ხდებოდა საკრებულეობის შემადგენლობის ცვლილება, გამგებლების და სოფლის რწმუნებულების გადაყენება ან გადადგომის განცხადებების დაწერა. დაეცა სააკაშვილის სერიოზული ბასტიონი – ბათუმის საკრებულო, დღე-დღეზე მოსალოდნელია ქუთაისის მერის გადაყენებაც, ხოლო შორს ალბათ ის დღეც არაა, როცა თბილისის საკრებულოც ნაცმოძრაობის მიერ დაკარგული იქნება, რაც გიგი უგულავასთვის ხელ-ფეხის სერიოზულად შეკვრის ტოლფასი იქნება. ამის პარალელურად, მართალია, სასამართლოები „პირნათლად“ ასრულებდნენ კუბლაშვილის დირექტივას და ნაცმოძრაობის ყოფილ თუ ახლანდელ ლიდერებს გირაოთი ანთავისუფლებდნენ, მაგრამ ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა სიმაგრეს სერიოზული ეჭვი შეუყენა პლიტპატიმრების ამნისტიაზე საპრეზიდენტო ვეტოს ერთი ხელის მოსმით პირველივე ცდაზე დაძლევამ! კენჭისყრის შედეგებმა აშკარა გახადა, რომ ნაცმოძრაობამ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკ,ითხზე საკუთარი ერთ დროს 64 კაციანი ფრაქციიდან მხოლოდ 24-ს მობილიზებაღა შეძლო, რომ მათ ხმა დადგენილების წინააღმდეგ მიეცათ!..

მართალია, ყველაზე სერიოზული წარმატება ნაცმოძრაობას საზღვარგარეთიდან თითქოსდა და მნიშვნელოვან მხარდაჭერაში და ივანიშვილისადმი კოჰაბიტაციის მოწოდებებში მდგომარეობდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტიდან საქართველოს საელჩოებში პრომიშისტური დიპკორპუსის ჩამოშლა დაიწყება და უცხოური მთავრობები და მედია სულ სხვა ტიპის ინფორმაციებს და მესიჯებს მიიღებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ხოლო თუ იმას დავაკვირდებით, რომ ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ კოჰაბიტაციისაკენ მომწოდებელ უცხოელ პოლიტიკოსთა კალიბრი შემცირდა და ვილფრედ მარტენსის, კარლ ბილდტის და ნაცმოძრაობის ევროპული პარტნიორების – ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთ სხვა აქტივისტებზე დავიდა, გასაგებია, რომ ეს წნეხიც სწრაფად იწყებდა დნობას.

სავარაუდოდ, ამ ფონზე, 2013 წლის თებერვლის დასაწყისში შეიქმნა სიტუაცია, როცა „ქართული ოცნება“ ძალიან მიუახლოვდა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო 100 ხმის მოგროვების შანსს. თუ ოცნების 83 ხმას ნაცმოძრაობიდან წამოსული 11 „მაჟორიტარის“ ხმებს დავამატებთ, ეს უკვე 94 ხმაა. ხოლო თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ გარდა ამ 11 უკვე დემონსტრირებული გადმოსულისა, ნაცმოძრაობის რიგებში კიდევ 29 დეპუტატია, რომელთაც არ მოისურვეს საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ ხმის მიცემა, გამოდის, რომ „მერყევთა“  ასეთ დიდი ჯგუფში 6-7 ადამიანის პოზიციის შეცვლა საკმაოდ დიდი ალბათობით შესაძლებელი იქნებოდა. განსაკუთრებით, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მოითხოვა, რომ თითოეულ დეპუტატს სახალხოდ განეცხადებინა, ემხრობოდა თუ არა 2004 წელს სააკაშვილის მიერ მიტაცებული და უზურპირებული უფლების – მთავრობის ერთპიროვნულად დათხოვა-დანიშვნის უფლების – შენარჩუნებას.

ამ მომენტში თბილისში ვენეციის კომისიის ხელ-ლი ჯანი ბუკიკიოს ვიზიტმა, მოლოდინის საპირისპიროდ, ნაცმოძრაობის იმედებს ჯვარი დაუსვა. ბუკიკიომ უკვე თბილისშივე, ხოლო შემდეგ – გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშიც - დაადასტურა, რომ ვენეციის კომისია 2004 წელსაც წინააღმდეგი იყო საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ასე სახიფათოდ გაზრდისა, და დღესაც მიაჩნია, რომ ამ უფლებების თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილების სახით შეკვეცა ლეგიტიმური იქნებოდა… ამ ფონზე უმცირესობის დეპუტატებზე დამიზნებული კამერების წინ მათ მიერ იმის დაფიქსირება - ისინი მაინც მხარს უჭერენ პრეზიდენტის აღნიშნული დიქტატორული უფლების შენარჩუნებას, კიდევ უფრო საეჭვო გახდა.  ვფიქრობ, რომ სწორედ ვენეციის კომისიის ამ წერილის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მოახერხა 100 ხმის მოგროვება.

მაგრამ 100 ხმა მაინც არასაიმედო ციფრია. ვინმე შეიძლება ვერ ჩავიდეს ქუთაისში, ვინმე შეიძლება, მართლაც ავად გახდეს, სხვამ – ავადმყოფობა მოიმიზეზოს, ზოგს შეიძლება, რაიმე ძველი კომპრომატი ამოუწიონ ძველმა ბოსებმა… ამიტომ 2013 წლის 8 თებერვლამდე არც „ქართული ოცნება“ არ ჩქარობდა კენჭისყრის ჩატარებას და არც ნაცმოძრაობა იტეხდა იხტიბარს.

8 თებერვალი ბევრი ასპექტით, რუბიკონი აღმოჩნდა.

თავდაპირველად, ვიფიქრე, რომ სააკაშვილმა „მელკი ჟულნიკობა“ ჩაიფიქრა, თუ პარლამენტში არ მიშვებთ, აგერ პარლამენტის კუთვნილ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოვალ და თქვენ თუ არ მომისმენთ, აი, ჩემი დარდი, მე ჩემი “საპარლამენტო ვალი” მოხდილი მექნება და მეორედ თქვენთან მოსვლას აღარ ვაპირებო! – მეგონა, სწორედ ეს იყო ჯონდი ბაღათურიასგან სასირცხვილოდ გაბუნძულებული მიხეილ სააკაშვილის მთავარი ჩანაფიქრი, რომელსაც წელს გაცილებით უარესი განქიქება ელოდა, მაგრამ მგონი, შევცდი…

სავარაუდოდ, სააკაშვილმა 8 თებერვალს დილიდანვე გადაწყვიტა, რომ ბიბლიოთეკაში არ მისულიყო! მან გაცილებით უფრო მსხვილმასშტაბიანი პროვოკაცია ჩაიფიქრა, რომლის განხორციელებაში არა მარტო ქალაქის მერს, არამედ, ვეჭვობ, პოლიტპატიმრებს მიტმასნილ სპეცპროვოკატორებს უნდა ეთამაშათ. ამიტომ ძალიან მაინტერესებს იმ საქმეების ობიექტურად გამოძიება, თუ ვინ მონაწილეობდა 8 თებერვალს ბიბლიოთეკასთან მომხდარ შეხლა-შემოხლაში და რეალურად საიდან და რა მიზნებით მოხვდა ეს ხალხი იქ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების მხრიდან  ამდენწლიანი დამცირების და ტანჯვის საპასუხოდ გაჩენილი აღშფოთება და აგრესიაც კი ჩემთვის და ყველასთვის გასაგებია, მაგრამ თუ იქ ვინმე ისეთი ხალხის მონაწილეობა გამოიკვეთება, რომლებიც შეიძლება წინა წლებში ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობაში არიან შემჩნეული, არაა გამორიცხული, რომ საბიბლიოთეკო სისხლდენები ამ ინდვიდუალურ შეჯახებებში მონაწილე პირების საკმაოდ კარგად რეპეტირებული სპექტაკლები აღმოჩნდეს. ერთი მთავარი მიზნით, – მიხეილ სააკაშვილისათვის ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების და მთავრობის გადაყენებისთვის სათანადო ფონის შესაქმნელად.

მაგრამ 8 თებერვალს ცნობილი სიმღერის რეფრენი – „დარია თუ ავდარია – მიშა მაგარია!“ ვერ გამართლდა! მეტიც, იგი შეცვალა გრუშე ვაჩნაძის ჩემი თაობისათვის არანაკლებ ცნობილმა რეპლიკამ – „ისევ ჩაიფსი, მიხეილ?“

იმ დროს, როცა „საშინელი ძალადობის“ დაფიქსირების, ერთი კამერიდან მეორემდე ამაყად (ცხვირსახოცზე უარისმთქმელი) მოარული ჩიორა თაქთაქიშვილის სისხლმდენი ცხვირის, გიგა ნასარიძის და სერგო რატიანისთვის ჩაზილვის კადრები ვრცელდებოდა, როცა ელჩები და მთელი ნაცმოძური მედია და ექსპერტები პრეზიდენტის რეზიდენციაში გადანაცვლდნენ და ელოდნენ, როდის გამოაცხადებდა ქართული დემოკრატიის და რეფორმების ბელადი, რომ  მოვიდა დრო მისი შენობის პორტალზე ამოკვეთილი „ბოროტის ძლევის“ კიდევ ერთი დადასტურება ეხილათ, როცა გავრცელდა ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო რეტრანსლატორებს „გამხეცებულმა ბრბომ“ ალყა შემოარტყა და არ უშვებდა რეზიდენციისაკენ (რაც ქვეყნის მთავარი პირისთვის სკოჩით პირის აკვრის ექვივალენტად უნდა განხილულიყო), მოკლედ, როცა ყველა ელოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 10-15 წუთიანი მრისხანე სიტყვის ფინალში წაიკითხავდა ბრძანებას, რომლის ძალითაც იგი ქვეყნის მთელ მთავრობას და პირველ რიგში, შსს მინისტრ ღარიბაშვილს გადააყენებდა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაატარა 2-საათიანი ლექცია თემაზე – „რა კარგები ვართ ჩვენ და რა ცუდები არიან ჩვენი ოპონენტები“, რომელსაც მოჰყვა 2-საათიანივე მონოლოგი მედიასთან (ძირითადად პრომიშისტურ ურნალისტებთან) თემაზე – “არა, მაინც რა დალოცვილები ვართ ჩვენ და რა საშინლები – ჩვენი ოპონენტები“. ეს კი ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ აშშ ელჩი გარეთ გამოვიდა და რეზიდენციასთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ პირს (რომლებიც მე, ნებით თუ უნებლიედ, ნაცმოძრაობის წისქვილზე წყლის დამსახმელები მგონია) თხოვა – დაიშალეთ, თორემ რეზიდენციაში მყოფი ხალხი თქვენი შიშით გარეთ ვერ გამოდის და სანამ ხალხი არ იშლება, ეს ოჯახქორი არ ამთავრებს თავის ბჟუტურსო!

არ ვიცი, რატომ ვერ გაბედა მიხეილ სააკაშვილმა თავისივე მოგონილი სცენარის ასრულება და ბოლო აკორდის აღება, ვინ აიძულა, რომ შეეცვალა კონსტიტუციური გადატრიალების მისთვის ასე ნანატრი სიუჟეტი – ისევ ამერიკის ელჩმა, თუ თავისივე მომხრეების ჯგუფმა, რომელმაც დროზე გათვალეს, რომ ხანმოკლე წარმატებას კოლოსალური და საზარელი ფინალი შეიძლებოდა მოჰყოლოდა (არ გამოვრიცხავ, რომ სწორედაც აზდაკის სტილში – „სად არის გუბერნატორი? აი, აგერ ჰკიდია გუბერნატორი… – სად არის მოსამართლე? აი, აგერ ქანაობს მოსამართლეც…“), მთავარი კი ისაა, რომ, ვფიქრობ, სწორედ 8 თებერვლის ღამეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეთა რიცხვი მნიშვნელოვნად ასცდა მაგიურ ციფრ 100-ს… ეს ხალხი – ნაცმოძრაობის დეპუტატები ხომ საკმაოდ მარტივი პროგრამით იმართებოდნენ – ისინი შიშზე და მუქარაზე რეაგირებდნენ და თუ შეხედეს, რომ შიშის და მუქარის გენერატორი მოშლილია, მაშინ უბრალოდ, სხვა მხარეს რეაგირებენ, რადგან ხვდებიან, რომ ახალი ბუდე უნდა ეძებონ, მოულოდნელად დაობლებულებმა თუ განთავისუფლებულებმა (ვის – როგორ…) .

რბილი ვარიანტის დასაწყისი?

ასე რომ ჩემი ვარაუდი, რომ თუ მიშა ხისტი ვარიანტის განხორციელების იმედს დაკარგავდა, მერე თავად გადავიდოდა რბილის ვარიანტის შეთავაზებაზე, სწორედ 8 თებერვალს ასრულდა, ან – იმ საღამოსვე, ან – უფრო სავარაუდოდ, ალბათ, 11 თებერვალს, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ, როცა შეიძლება გადამრბენელთა შესახებ ახალი ინფორმაციის გაჟღერებით შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა სააკაშვილმა, რომელმაც თავისი მორიელობა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა, ერთდროულად იმდენჯერ მოუხადა ბოდიში პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არ უქნია.

და მაინც, ნაცმოძრაობა რისი ნაცმოძრაობაა, თუ თუნდაც გაუარესებულ პოზიციაშიც კი თავისი ინტერესების დაცვას არ შეეცადა… არაა გამორიცხული, რომ ამ შეთავაზებაში, ისევე,  როგორც სააკაშვილის ყველა სხვა „დათმობაში“, სერიოზული წყალქვეშა ქვები იყოს დამალული.

შევეცადოთ, ამ მოსალოდნელი საფრთხეების გამოთვლას. თუმცა დავით ბაქრაძის და დარჩიაშვილის განცხადების შემდეგ, გამოსათვლელიც ბევრი არაფერია.

„… ჩვენ საუბარი გვაქვს კონსტიტუციის დიდი ნაწილის დღესვე ამოქმედებაზე და არა მთლიანად. სწორედ ამაზეა საუბარი – რა ნაწილი ამოქმედდება დღეს და რა ნაწილი ოქტომბერში. ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა იმ თემასთან მიმართებაში რაც აწუხებს მთავრობას, კერძოდ, ეს არის ურთიერთობა პრეზიდენტს და მთავრობას შორის, მთავრობას და პარლამენტს შორის, პრეზიდენტს და პარლამენტს შორის, ყველა ამ ნაწილთან მიმართებაში, მზად ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები და ეს ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად ავამოქმედოთ დღესვე. რაც შეეხება სხვა უფლებამოსილებებს, აქ მიდის მოლაპარაკება. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიჩქარე არ ღირს და შესაძლებელია, მათი ამოქმედება და ძალაში მოხდეს ოქტომბრიდან, როგორც იგეგმებოდა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გახსნის გზას სხვა საკითხების დასარეგულირებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის და საზოგადოების დასამშვიდებლად.

„მათ შორის, ამ დაპატიმრებების და დაკავებების ტალღის შესაჩერებლად და მთლიანობაში საზოგადოების სტაბილურობის და სიმშვიდის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისა და ჩვენი ხალხისთვისაც და ამ შემთხვევაში, ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო – რა არის მნიშვნელოვანი ხალხისთვის და ქვეყნისთვის და არა ის, თუ რა უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი პრეზიდენტი, პრემიერი ან ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან პოზიტიური და ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული წინადადება. მე შემიძლია დავადასტურო, რომ უმრავლესობის მხრიდანაც ამ წინადადებას გარკვეული პოზიტიური რეაგირება მოჰყვა და ჩვენ ახლა ვმუშაობთ კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ მუხლებზე, თუ რა ნაწილი შეიძლება ამოქმედდეს დღესვე“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„…სანაცვლოდ ვითხოვთ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ჩვენი დასავლური კურსის შეუცვლელობა და ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ – რაც ისედაც წერია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლებიც ახლა გვინდა, რომ ამოქმედდეს – საკონსტიტუციო კვორუმი, ნაცვლად 2/3-ისა, გახდეს 3/4. ეს გამორიცხავს როგორც ადამიანებზე ნადირობას, რომ გადაიბირონ ჩვენი დეპუტატები, ისე გამორიცხავს იმას, რომ კონსტიტუცია მარტივად შეიცვალოს“, – აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

აი, რა შეიძლება ჰქონდეთ ჩაფიქრიბული ნაცმოძრაობის ლიდერებს:

1) თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უკვე ლამის შემდგარი ფაქტი იყო, ახლა ნაცმოძრაობა შეეცდება, საქმე ისე წარმოაჩინოს, რომ თავად მოახდინა ქვეყნისათვის ამ საინტერესო ცვლილებების ინიცირება, ანუ შეეცდება, მოსახლეობის თვალში ქულები დაიწეროს და აქტიურ და ქვეყნის სიკეთეზე მოამაგე მოთამაშედ წარმოაჩინოს თავი. ეს მაშინ როცა, სინამდვილეში, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, მხოლოდ.

2) საინტერესოა, რატომ ითხოვს ასე დაჟინებით და გამეტებით ნაცმოძრაობა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ან პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, ან საგარეო პოლიტიკური კურსის ურყევობა? სავარაუდოდ, ამის მიზეზებია: ა) რეგიონების მოსახლეობაზე მზრუნველი ძალის იმიჯის შენარჩუნება, რათა მომავალში სწორედ რეგიონებიდან დაიწყონ მთავრობის კრიტიკის ახალი ტალღა; თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტის არჩევნების მერე შემდეგი მოსალოდნელი არჩევნები სწორედ ადგილობრივი არჩევნებია. ბ) ნაცმოძრაობის მთავარი იმედია, რომ ქართული ოცნება ეკონომიკურ გაუმჯობესებას ვერ მიაღწევს და ხალხში ოცნება ფრუსტრაციით შეიცვლება. სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა ორ ფაქტორს უკავშირდება – საგარეო ინვესტიციების მოცულობის ზრდას და რუსეთის ბაზრის დაბრუნებით სოფლის მეურნეობის სწრაფ აღმავლობას. სწორედ იმის იმედი აქვს ნაცმოძრაობას, რომ კონსტიტუციაში დასავლური ვექტორის სამუდამო დაფიქსირება რუსეთს ისე გააღიზიანებს, რომ ქართული სასაოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტებისათვის რუსეთის ბაზარი აღარ გაიხსნება!

3) რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის ლიდერებისათვის პარლამენტის დათხოვნა კატასტროფულად საშიში იდეაა, სააკაშვილის, მერაბიშვილის და ბოკერიას გარდა, სავარაუდოდ, ნაცმოძრაობის სხვა ლიდერები სულაც არ (უფრო სწორად – აღარ!) ოცნებობენ ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, როცა, ალბათ, მათგან მხოლოდ 10-ოდე თუ შეძლებს 4 წლიანი იმუნიტეტის შენარჩუნებას! ამიტომ ამ ნაბიჯით ისინი თავს იზღვევენ იმისგანაც, რომ საპარლამენტო არჩევნები მიშამ არ მოინდომოს და სავარაუდოდ, ცვლილებები ისეთი ფორმით შევა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები გამორიცხული იქნება.

4) სააკაშვილისთვის, უგულავასთვის, მერაბიშვილისთვის, კეზერაშვილისთვის, ბოკერიასთვის, ბენდუქიძისთვის, ჩოჩელისთვის, ადეიშვილისთვის და  ტოპ-ლიდერშიფის  იმ სხვა პირებისთვის, რომლებმაც დიდძალი ქონება დააგროვეს, ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად (თუკი პოლიტიკური ძალაუფლების დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ) თავისუფლების და ეკონომიკური ძალაუფლების შენარჩუნება რჩება. ამიტომ მათი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ნაადრევად ამოქმედების მთავარი მოთხოვნა სწორედ გარკვეული გარანტიების მოპოვება უნდა იყოს. ამას ორი ვექტორი აქვს, ერთი – რომ მართლაც უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და მეორე – ხალხის თვალში გამოაჩინონ, რომ მოახერხეს ხალხის ზურგს უკან ქართულ ოცნებასთან გარიგება! ამით ნაცმოძრაობა ხელისუფლების აქტიური კრიტიკისთვის ხელ-ფეხს გაუხსნის მათ მიერ დიდი ხნის განმავლობაში მართულ „მესამე ძალას“ – ქრისტიან-დემოკრატებს, ლეიბორისტებს, ახალ მემარჯვენეებს, ეროვნულ-დემოკრატებს – სწორედ ეს დღეს მივიწყებული პარტიები გამოვლენ ისევ ასპარეზზე და ნაცმოძრაობის ფულით ეცდებიან დემაგოგიაში თავისი უფროსი მასწავლებლების ჩანაცვლებას და ქართული ოცნების, როგორც „მეორე მიშას“ და „ახალი ნაცმოძრაობის“ ლოზუნგების დამკვიდრებას. რამდენად გამოუვათ, არ ვიცი, მაგრამ ცდას არ დააკლებენ, განსაკუთრებით, თარგამაძის ბიჭი და უკვე ისევ გამო(ჟ)ურნალისტებული ერთდროს პოლიტიკოსი და მერე ლამის მონაზონი – გრიგოლიას ქალბატონი!

მაგრამ, უფრო მნიშვნელოვნად მგონია რამდენიმე შემდეგი საკუთხი, რომელსაც ჩემი მეორე ბლოგი – „უკანასკნელი მიხუკანები“ ეხებოდა. ეს სტატია, http://solomonternaleli.wordpress.com/2013/01/11/1833/ რომელიც ალტერნატიულ სტრატეგიებში დავაანონსე, მაგრამ პირველიდან ზუსტად ერთ თვეში – 11 იანვარს მოვახერხე გამომექვეყნებინა, ასახავდა იმ მომენტისათვის ნაციონალური მჭიდის მთავარი ტყვიების რანჟირებას. ისევ გავიმეორებ და შევეცდები ავხსნა, იქ ნახსენებ პირებთან მიმართებაში რა მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს ნაცმოძურ უმცირესობას:

მიხეილ სააკაშვილი

კოტე კუბლაშვილი

კონსტიტუციონალისტები – დემეტრაშვილი, შარმანაშვილი, პაპუაშვილი, კახიძე

ვანო მერაბიშვილი

გიგი უგულავა

გიგა ბოკერია

თენგიზ გუნავა, ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და სხვა ბრალდებულები.

და ამ მიმართებაში უაღრესად მნიშვნელოვანი მგონია, ის, რაც დაუფარავად გააჟღერეს ნაცმოძრაობის ლიდერებმა, მათი მოთხოვნაა, რომ დაუყონებლივ ამოქმედდეს ოქტომბრიდან ასამოქმედებელი ის ცვლილება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭირო ბარიერის 2/3-დან 3/4-მდე გაზრდას გულისხმობს!

მე მგონი, ძაღლის თავი, ძირითადად მაინც, სწორედ აქ მარხია.

მართალია, 100-კაციანი საკონსტიტუციო ფრონტის ხაზი დათმეს, მაგრამ ნაცმოძრაობის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ თუ ახალ „მაჟინოს ხაზს“ უკვე 113 დეპუტატზე გაავლებენ (სწორედ ესაა 150-ის 3/4), ამას მაინც აღარ დათმობენ. ამდენად, თუ „ქართული ოცნება“ ცდუნდება და ხმას მისცემს საკონსტიტუციო ცვლილებების  ნაცმოძრაობის პირობებით ადრე ამოქმედებას, ამით შეიძლება მან გაირთულოს მოამავალში ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების და, სულაც, ახალი კონსტიტუციის (Sic!) მიღების შანსი! ასე რომ, დღევანდელ კვერცხს გამოკიდებულებმა შეიძლება ხვალინდელი ქათამი ვერც ვერასოდეს ვიხილოთ და სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაკვეთილი მახინჯი კონსტიტუციით მოგვიწიოს (ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც!) ცხოვრების გაგრძელება! მე პირადად, ამ მუხლის (საკონსტიტუციო ცვლილებების ბარიერის გაზრდა) ახლა ამოქმედება აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებლად მეჩვენება.

ამ მუხლის ამოქმედებას უკავშირდება ნაცმოძრაობის არანაკლებ მნიშვნელოვანი იმედი – საკმაოდ სერიოზული რესურსების – ეროვნული  ბანკის, სახ. აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომპანიის და პირველ რიგში – უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს (ანუ – მოსამართლეთა ლოიალურობის და კონტროლის) შენარჩუნება!

თუ საპარლამენტო უმრავლესობა 100 ხმიან საკონსტიტუციო ბარიერს დაძლევდა და  პრეზიდენტს ახალი მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებას აართმევდა, ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ როგორც ერთ-ერთ ბოლო სტატიაში – მორიელის წამალი(http://solomonternaleli.wordpress.com/2013/02/03/მორიელის-წამალი) ვწერდი, შემდეგი, რაც დაეცემოდა, სწორედ #2 მიხუკანი – კოტე კუბლაშვილი და მისი უსამართლო სასამართლო ვერტიკალი იქნებოდა. ეს კი სააკაშვილის რეჟიმისათვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება… მთელი მათი დღევანდელი ბრავადულობა იმის ილუზიას ემყარება, რომ მათ მომხრეებს, პროკურატურის მცდელობის მიუხედავად, მაინც კუბლაშვილის მოსამართლეები ასამართლებენ. სწორედ ამიტომ ეხვეწება, სავარაუდოდ, სააკაშვილი გაქცეულებს, დაბრუნდით, მაინც არაფერი სერიოზული გემუქრებათო. ჯერჯერობით მხოლოდ ორი დაბრუნდა, ახალაია, რომელიც ზის, და დონაძე, რომელიც გირაოთი გამოუშვეს, მაგრამ თუ კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტი რეალობად იქცა, დამერწმუნეთ, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების ვაჟკაცური „დუხი“ წამსვე აორთქლდება და საყვარელიძეც, როლანდ ახალაიაც, ღვინიაშვილიც და სხვებიც ისევე მშვენივრად წაცუხცუხდებიან გამომძიებლებთან, როგორც ჩუკენობაზე ოხუნჯ მერს მოუწია… და ასე მგონია, რომ  საყოველთაო გირაობანას თამაშიც მაშინ დასრულდება და დონაძეც მწარედ ინანებს, რომ სააკაშვილის და კუბლაშვილის „გარანტიებს“ დაუჯერა…

საპარლამენტო უმცირესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საკონსტიტუციო პროცესების მართვაში საკუთარი თერძების ჩართვა. ტელევიზიაში სულ უფრო გახშირდა ავთანდილ დემეტრაშვილის მივიწყებული „ფეისის“ ამოტივტივება. სავარაუდოდ, ბაქრაძის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ის იქნება, რომ ისევ „მიუმხრობელი, ობიექტური და უპარტიო“ დემეტრაშვილი იყოს  ქართული საკონსტიტუციო შესწორებების მამა და მარჩენალი. ეს კი რითი დამთავრდება, ადვილი წარმოსადგენია! მე პირადად, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ავთანდილ დემეტრაშვილს ან თენგიზ შარმანაშვილს რაიმე წამყვანი როლი მიენიჭოთ. ამ ადამიანების ლუსტრაცია (ისევე, როგორც ზოგადად, - სააკაშვილის მიერ ფორმირებული საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის სრული შემადგენლობისა)  უკვე ვიხილეთ იმ „პროდუქტით“, რაც მათ 2010 წელს დადეს და რომელიც თავიდანვე აუტანლად ყარდა!

საპარლამენტო უმცირესობა, დახურული მოლაპარაკებების პროცესში, შეეცდება მოახდინოს როგორც წარსული წლების გახმაურებული პოლიტიკური პროცესების - (ჟვანიას, გირგვლიანის, აფრასიძეების, შარაძის მკვლელობების) ჩაფარცხვას, ასევე იმ პირების პოლიტიკური ინდულგენციის გარანტიების მიღებას, რომელთა კეთილდღეობაზე ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნაცმოძრაობის მომავალი ფინანსური მდგრადობა (მერაბიშვილი, უგულავა, კეზერაშვილი, ბენდუქიძე), ან – საგარეო-პოლიტიკური წონის შენარჩუნება (ბოკერია).

ნაციონალური მოძრაობის მარშალმა ბეტანკურმა, საკონსტიტუციო რეფორმების საკუთარ ტანზე მორგებული მოდელის ბიძინა ივანიშვილისთვის მოულოდნელად  „დათმობით“  შეიძლება, ტროას ცხენზე უარესი „საჩუქარი“ შეიტანოს მოწინააღმდეგის ბანაკში. ეს „ტროას ცხენი“ მოიცავს იმ მანკიერ მხარეებს, რაც სააკაშვილის დაკვეთით კონსტიტუციის რეფორმაში იყო ჩადებული - საკმაოდ სუსტ პარლამენტს, ჯერ კიდევ ზოგიერთი აღმასრულებელი ძალის მქონე პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო კრიზისების გამოწვევის მცირე, მაგრამ მაინც პოტენციალს  ისევ ინარჩუნებს და, რაც მთავარია, – პრემიერ-მინისტრის კატასტროფულად კონცენტრირებულ ძალაუფლებას.

ამდენად, ეს საჩუქარი „ბეჭდების მბრძანებლის“ ბნელი რაინდის, საურონის, ძალაუფლების ბეჭედს ჰგავს და მასავით საშიშ საფრთხეს შეიცავს – უკონტროლო ძალაუფლების პოტენციურად გამხრწნელი „თავისუფლებას“. ამ ბეჭდის მოძღვნით „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს „ქართულ ოცნებას“ თავისი მანკიერი გამოცდილება და იმპერატივები გადმოულოცოს, და, ვინძლო, არცთუ მთლად უსაფუძვლოდ, იმედოვნებს, რომ სწორედ ის ბეჭედი შიგნიდან დაანგრევს მის დღემდე ძლიერ კონკურენტს. ხოლო თავად ნაცმოძრაობა, ახალი გარანტიებით და ინდულგენციებით აღჭურვილი, ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ბარიერით დაცული, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების შემნარჩუნებელი, მშვიდად დაელოდება თავის ჟამის ხელახალ დადგომას.

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ისეთი „საჩუქარი“ არ აიღოს, რაც, ვაითუ, მისი თავისუფალი ნების ყულფი აღმოჩნდეს და ხალხთან მისი გახსნილი ურთიერთობის დასასრულის დასაწყისად შეიძლება იქცეს.

„ყველას ჰგონია, რომ ძალაუფლების ბეჭდის ფლობა მსოფლიო მბრძანებლობას ნიშნავს, მაგრამ ბეჭედს საკუთარი ძალაუფლება გააჩნია მფლობელის მიმართ…“