ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე ბრალდების მხარემ 6 იანვრის მოვლენების ამსახველი აქამდე გამოუქვეყნებელი კადრები გაავრცელა

ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე ბრალდების მხარემ 6 იანვრის მოვლენების ამსახველი აქამდე გამოუქვეყნებელი კადრები გაავრცელა

აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე ბრალდების მხარემ 6 იანვრის მოვლენების ამსახველი აქამდე გამოუქვეყნებელი კადრები გაავრცელა.

კაპიტოლიუმში შეჭრის ახალი კადრები სათვალთვალო კამერებით იყო გადაღებული. კადრებზე ნაჩვენებია, თუ როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს საპროტესტო აქციის მონაწილეები. კადრებზე ასევე ასახულია კაპიტოლიუმის შენობიდან მაღალჩინოსნების ევაკუაცია.

6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

9 თებერვალს აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.