კოჰაბიტაცია წესების გარეშე ანუ  სამოქალაქო აყალ–მაყალი ქოცნაცური იწილო–ბიწილოსათვის

კოჰაბიტაცია წესების გარეშე ანუ სამოქალაქო აყალ–მაყალი ქოცნაცური იწილო–ბიწილოსათვის

ალბათ ბედის ირონიაცაა, რომ 8 თებერვალი, დავითობა დღე, ქართველობამ უწესრგობის დემონსტრირებით, მორიგი სეირით აღვნიშნეთ.

...ამ „შოუს“ დადგმისკენ მერი გიგი ერთობ გამომხატველი თეატრალური ჟესტით, ხელების აზარტულად ქნევით მოუწოდებდა. ვითომ შეკრებილ ხალხს მიმართავდა, მაგრამ, აშკარად ეტყობოდა, თავს იმხნევებდა, რათა როლში ბოლომდე შესულიყო, თავისიანებსაც ქოქავდა, რომ მასაში შეჭრილიყვნენ და ბიბლიოთეკაში შესავარდნად გაერღვიათ. გულის გასამაგრებლად ალბათ წამით ისიც გაიხსენა, როგორ შევარდა პარლამენტში მშიშარა სააკაშვილი.

„გიგის შოუ“ ჩოყლაყის დიდ წარმოდგენაში

წრეში ჩადგა შოუმენად ქცეული მერი გიგი, ხელები ჰქონდა ზევით აწული, ვითომ  სუფთა ხელები.  ამჯერად ვარდი აღარ დასჭირვებიათ რევოლუციონერ შე–ვარდნებს,  მცველნი გიგისანი უვარდოთაც მოხერხებულად მიიკვლევდნენ გზას მუჯლუგუნებითა და წელსქვემოთ მოკლე დარტყმებით.

აი, მთავარ მოქმედ პირს – შეურაცხყოფილ, დამცირებულ და გამწარებულ–გაშმაგებულ ხალხს – გიგის მოწოდება როლში შესასვლელად და დასაქოქად სულაც არ სჭირდებოდა. ისედაც ხელები ექავებოდა, გიგის  და მისი დამქაშების იქ გამოჩენამ, ბიბლიოთეკაში შესავარდნად სულაც რომ არ დაძრულიყვნენ, სულ გადაავსო მოთმინების ფიალა. მოსახდენიც მოხდა.

„გიგის შოუს“ დრამატურგია სწორედ იმაზე იყო გათვლილი, ეს მთავარი სუბიექტი – ხალხი, ობიექტად – უმართავ სტიქიად, ბრბოდ გადაქცეულიყო. გიგის შევარდნის შემდეგ ნაწილობრივ ეს ასეც მოხდა.

დიდი ხანია ხალხი „ნაცებს“ პოლიტიკურ პარტიად კი არა, არამედ უწესობის განსახიერებად, დამნაშავეთა ხროვად, რომელიც სამართალს გაურბის, აღიქვამს. „წესებით თამაშისას“, სამართლის გაბატონობისას მათ პერსპექტივა არა აქვთ. თავადაც კარგად უწყიან, მათ ბელადს პარლამენტმა და ხალხმა კი არა, მხოლოდ სამართლიანმა სასამართლომ შეიძლება რომ მოუსმინოს. ეს რომ არ მოხდეს, რომ გაჯანჯლდეს მაინც სასამართლოში წარდგენა, სწორედ ამიტომ აწყობთ არევა. ამას მიაღწიეს კიდეც, როცა  ბელადის სახალხოდ გამოსვლა გამოაცხადეს (თითქოს ისე გვაკლდა მისი მურდალი გამოსვლა!) და მერე აღელვებულ ხალხს თავადვე მიუვარდნენ, ვითომცდა „პრეზიდენტის“ მოსმენის უფლების მოსაპოვებლად. თითქოსდა ეს უფლება მათ ვინმემ წაართვა – თუ ვინმეს უსმენენ ეგენი, ოდენ ჩოყლაყს და დღეღამაში 24 საათი ისედეც ამით არიან დაკავებულნი. მათ ჩოყლაყის გამოსვლისა და მისი მოსმენის უფლება კი არ სურდათ მოეპოვებინათ, არამედ არეულობით დემონსტრირება, რომ ვითომც იბრძვიან „წართმეული“ უფლებებისათვის.

განრისხებული, მოთმინება დაკარგული ხალხის გარდა, ბიბლიოთეკასთან გამართულ „გიგის შოუში“ თავის როლს თამაშობდა უკლებლივ ყველა სხვა „კოჰაბიტანტი“:

– მთავარ როლში, როგორც ყოველთვის, იგულისხმებოდა ნაცთა ბელადი, ჩოყლაყი იგი, რომელსაც  ელოდნენ და ისევე არ მივიდოდა, ვითარცა აბსურდული პერსონაჟი გოდო. არ მივიდოდა, მაგრამ მის მოსასმენად იბრძოლებდნენ თავდადებულნი და ჩიორასავით სისხლსაც დაღვრიდნენ.

– ბიძინა და მისი „ქოცნი“, რომელთაც „გიგის შოუში“ კულისებსმიღმა, ადგილზე არ მყოფ ფარულ ბოროტმოქმედთა,  ბოროტების  მოთავეთა როლი არგუნა შოუს რეჟისორმა.

– თავად გიგი და მისებრ მოწინავეთა ნაც–რაზმი, რომელთაც ჯიუტად არ სურთ მივიდნენ პროკურორთან და ამიტომ, თავიანთი ბელადის მოსასმენად არშეშვებულ დევნილთა როლი უნდა ითამაშონ. მზაობა აჩვენონ, თუნდაც მტრულად განწყობილ „მასებში გადაეშვან“ და იქ გაარღვევიონ, საცა ვიწროა. ვერ გაარღვევენ და უნდა იყვირონ მერე, გვიშველეთ, თავს დაგვესხნენო!

– სეირით მოხეირენი და მოვაჭრენი, სეირზე დახარბებული, სეირით დასაქმებული და პურის მჭამელი პუბლიკა – იქ მყოფი და არ მყოფი გამშუქებელნი, გადამღებნი, ეთერში გამშვებნი, რეპორტიორნი, ამბის მთხრობელნი თუ ჭორის გამავრცელებელნი, მოფიარენი, აგრეთვე ამბის ინეტერპრეტატორნი – ექსპერტნი და სხდასხვა ჯურის ენჯეოშნიკნი, ე.ი. ქართულ აბრივიატურულად – ასოთაგანნი ამა სოფლისანი.

– უცხოელნი ელჩნი და სხვა დიდებულნი, ისინი, ვისთვისაც დაიდგა კიდეც ეს სეირი, რათა მათ გამოეხატათ აღშფოთება, გადაჭრით დაეგმოთ ძალადობა, ხოლო კოჰაბიტაციისაკენ კი უფრო დაჟინებით მოეწოდებინათ.

მოკლედ, სეირი შედგა. ხალხის გააფთრების ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, მოსალოდნელზე მსუბუქი სამოქალაქო ცემა–ტყეპა, უფრო მეტად კი ჯიკავი და გაწევ–გამოწევა გამოვიდა. ასეა თუ ისე, „გიგის შოუ“ – აყალ–მაყალი ბიბლიოთეკასთან დაიდგა. საკითხავი კი აი, ეს არის:

განა ღირდა „გიგის შოუ“ ჩიორას ერთი წვეთი დაღვრილი სისხლის და ვერდაღვრილი ცრემლის,  თუნდაც ნასარიძის ლაზათიანად გაძუყვნის ფასად?!

ეტყობა ღირდა, რადგან სეირის მთავარი მიზანი მოგვიანებით, ბიბლიოთეკასთან მოწყობილი აყალ–მაყალის შემდეგ გამოჩნდა. „გიგის შოუ“, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩოყლაყის დიდი წარმოდგენის პირველი აქტი აღმოჩნდა.

ამ „გრანდიოზული“ წარმოდგენის დასკვნით აქტიც ვიხილეთ – ჩოყლაყის „ბრწინვალე“ ბენე(ფარსი)ფისი მისსავე გუმბათმოშუშულ სასახლეში. აყალ–მაყალის შემდგომ არა მხოლოდ ნაცებმა, უკვე ყველამ, სრულიად საქართველომ მივაპყარით ყურნი ჩოყლაყსა მას და მოვისმინეთ ის, რის მოსასმენადაც სისხლი ღვარა ჩიორამ და იგვემნენ სხვა „თავდადებულნიც“. აი, ამ გამოსვლისა თუ მორიგი გამოხდომის მოკლე შინაარსი:

თქვენ ერი კი არა „ნაციონალური პროექტი“ ხართო, მე კი ამ პროექტის მოთავე თქვენი  პრეზიდენტიო. მე არა მაქვს ბუნკერიო, მე სულ სხვა ბედს მოველიო, არსად არ წავალ, არც ჩავიკეტებიო –ხალხში გავალ და კოჰაბიტაციაში შევალო – ბრძანა, ცოტა ნიანგის ცრემლიც დაღვარა, როგორც სჩვევია – ბევრიც იტრაბახა და კვლავაც უხვად აფრქვია თავისი ამოუწურავი „სირეგვნე სიცრუისას“ მარგალიტები: მაგალითად, თურმე პარლამენტის ქუთაისში დატოვება რეგიონალიზმი (?!) ყოფილა...

მოვისმიეთ და ამ მასკარადის რეჟისურის ჩანაფიქრით, აქაოდა, უმანკო ჩოირას სისხლიც კი საკმარისზე მეტი დაიღვარაო, დასკვნით აქტში – სწორედ ჩოყლაყის ბენე(ფარსი)ფისისას უნდა განგვეცადა კიდეც მძაფრი კათარზისი...განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა ჩიორას ცხვირისა და თავისუფლად მუშტის მოქნევის სასაზღვრო პირობების შესახებ სხარტულა წარმოსთქვა...

კათარზისისა არ ვიცი, მე კი ჩოყლაყისადმი მიძღვნილი ნაცური ოვაციისას მხოლოდ მაგათი დედების მოხსენიების მძაფრი, დაუძლეველი ჟინი განვიცადე და ხელებიც უფრო ამექავა...ეჭვი მაქვს, იგივე განცდა დაეუფლა ქართველთა უდიდეს უმრავლესობასაც.

დასავლური კოჰაბიტაცია საქართველოში – ბრინჯის მარცვალი ტურფას ბოქვენში

...შოუ დასრულდა და გაიხსნა მორიგი უაზრო სერია, მორიგი ქოცნაცური იწილო–ბიწილო უცნაური კოჰაბიტაციისა, ხოლო ჩვენებურად რომ ვთქვათ, ქართულად – უწესო თანა–ცხოვრებისა.

სწორედ კოჰაბიტაციისაკენ  მოგვიწოდებდნენ და როგორც აღვნიშნე, ახლა უფრო დაჟინებით მოგვიწოდებენ მორჭმულნი უცხოელნი. კი მოგვიწოდებენ, მაგრამ რას გულისხმობენ?

ვიცით, განა არ ვიცით,  რომ მათ მოწესრიგებული, სახელმწიფოებრივად ორგანიზებული  დემოკრატიული თანა–ცხოვრება აქვთ მხედველობაში. კეთილი სურვილი ამოძრავებთ, სურთ, ისე მოვიქცეთ, როგორც მათშია მიღებული – როცა სხვადასხვა, ერთმანეთის კონკურენტი და თუნდაც მძაფრად ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები ხალხისგან სხვადასხვა შტოს სახელისუფლებო მანდატებს მიიღებენ, თანა–ცხოვრება და თავიანთი მოვალეობების შესრულება უნდა შესძლონო – ესაა მათი ზოგადი მოწოდება.

კეთილი და პატიოსანი... მაგრამ რა ვუყოთ, რომ არ არის არავითარი მსგავსება მათ წეს–რიგსა და იმათებურად შენიღბულ ჩვენებურ უწესობას შორის? იქაური და ჩვენებური კოჰაბიტაცია, ცოტა არ იყოს, სხვადასხგვარად გამოიყურება.

იქაური კოჰაბიტაციის წესები წინასწარ ცნობილია და ეს წესები თავსმოხვეული კი არ არის, არამედ ლეგიტიმურია, თავად „კოჰაბიტანტების“ მიერააა აღიარებული. სხვაგვარად, ისინიც მიიღებდნენ იმას, რისი დემონსტრირებაც, კიდევ ერთხელ, თვალნათლივ მოხდა  8 თებერვალს  ჩვენში – თანა–ცხოვრებას წესების გარეშე.

თანა–ცხოვრება წესებითაც შეიძლება და უამისოდაც. თანაც წესებსაც გააჩნია, თორემ ბორდელსაც კი აქვს თავისი „კანონები“. მერე რა, რომ ზოგიერთ სახელმწიფოში ბორდელი  ლეგალიზებულიცაა, მისი „კანონები“ იმთავითვე მაინც უსჯულოა, არსებითად მაინც უწესოა.

წესებსა და ბორდელზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა, უხამსია, მაგრამ გავრისკავ და მაინც მოგიყვებით:

კომუნისტების დროს ერთი კლიენტი ფლავს მიირთმევდა სასადილოში და ბრინჯში ბეწვი აღმოაჩინა. ატეხა ერთი ამბავი, მაგრამ რა ატეხა! სანამ არ მოახსნევინა სასადილოს დირექტორი, არ გაჩერდა...

გამოხდა ხანი. კომუნისტები გადაშენდნენ, წყობა შეიცვალა. ის სასადილოს დირექტორი ბორდელის მენეჯერი გახდა. ერთხელაც სწორედ ის კლიენტი ესტუმრა, ფლავი რომ უყვარდა. არ შეიმჩნია ამ მენეჯერმა და ჩვეულებრივ მიიღო. ოღონდ სულმა მაინც წასძლია – კლიენტი და მის მიერ  ამორჩეული ტურფა იმ ნომერში შეუშვა, სადაც ფარული ვიდეო–თვალი ჰქონდა დამონტაჟებული. ჩართო მონიტორი და რას ხედავს: წაუყვია ამ კლიენტს თავი ტურფას ბოქვენში და ეთამაშება ფისოს. შეუვარდა ნომერში და დააპირა „აბაროტის აღება“ – „შე ასეთო და ისეთო, ერთი ღერი ბეწვისთვის დამაკარგინე კარგი სამსახური და თურმე ბღუჯა–ბღუჯას ბანჯგვლიანს კი ეწაფები და არ უკადრისობო?“ – ლანძღა და თათხა!  კლიენტმა კი მშვიდად მიუგო – „ბეწვი რა შუაშია, მე უწესრიგობის გამო აღვშფოთდი მაშინო! მე სისუფთავე და წეს–რიგი მიყვარსო. ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდესო მიჩენილი. ფლავში ბეწვი არ უნდა ერიოს და თმაში კი ბრინჯის მარცვალიო. ამ ტურფას ბოქვენში ბრინჯის მარცვალი რომ მეპოვნა, უარეს ამბავს ავტეხდი და ამ სამსახურსაც დაგაკარგვინებდიო!“

სწორედ ასეა ჩვენი საქმე: დასავლურ, „დემოკრატიულ კოჰაბიტაციასთან“ ანალოგიის ძიება და  მით უმეტეს, პოვნა ჩვენს ყოფაში ისეთივე უადგილო იქნება, როგორც ბეწვი ფლავში ან ბრინჯის მარცვალი ბოქვენში.

აღმაშფოთებელი ის კი არ არის, რომ აქ დასავლურ კოჰაბიტაციას ვერ პოულობენ,  არამედ ის, რომ ნაცი „კოჰაბიტანტები“ გამუდმებით უწესობასა და სიბილწეს სჩადიან, ბოქვენში თავწაყოფილი კლიენტივით!

ხოლო ბილწ ჩოყლაყთან და მის მურდალ ამალასთან კოჰაბიტაციისაკენ მოწოდება  და ამგვარ „კოჰაბიტაციურ წეს–რიგზე“ აპელირება, მხოლოდ ფარისევლობაა და  ცინიზმი. ეს სწორედაც  მებოქვენე კაცის მიერ სისუფთავის დაჩემებასა ჰგავს!

უწესობაა ჩვენი გასაჭირი, ჩვენი მთავარი პრობლემა წესების გარეშე ან თავსმოხვეული უსამართლო წესებით თანა–ცხოვრებაა და არა იმ პოლიტიკურ ძალასთან კოჰაბიტაცია, რომელმაც უწესობა წესად გვიქცია!

შანტაჟი  ბილწთან ზავის შესაკრავად

ჩოყლაყის დღევანდელი ნაცური პოლიტიკის არსი ქართველობისა და მისი ახალი მთავრობის შანტაჟია. ამ შანტაჟის მიზანი კი ისაა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ნარჩენებს პასუხი კი არ მოვთხოვოთ, კანონგარეშედ კი არ ვცნოთ ისინი, არამედ კანონიერ „კოჰაბიტანტებად“ ვაღიაროთ  და მოვილაპაკოთ მათთან, ხოლო საბოლოოდ – ისევ თანა–ცხოვრების მათსავე უწესო პირობებს დავთანხმდეთ.

ამ შანტაჟისათვის ისინი ყველა ბინძურ საშუალებას გამოიყენებენ და როგორც სჩვევიათ იგივე სტილში „იმუშავებენ“, რამდენიმე მიმართულებით:

1) ახალი მთავრობის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საბოტაჟი და ძირის გამოთხრა.

2) სამოქალაქო დაპირისპირების, არეულობისა და აყალ–მაყალის ინსცენირება და ინსპირირება.

3) ცრუ–ფიარი და პროპაგანდა.

4) უცხოელი პატრონებისა თუ მფარველების მობილიზება.

5) უკანონო კორპორაციული წილით მმართველ კოალიციასთან და მის ცალკეულ სუბიექტებთან ვაჭრობა, ხალხის ზურგს უკან გარიგების მცდელობა, ერი–სახელმწიფოს ინსტიტუტების მშენებლობის არ დაშვება, საბოლოდ კი – ჩოყლაყის ნაცური კორპორაციის მოდერნიზება „ქოცნაცურ“ ყაიდაზე.

მათ საკმარისი სახსარი აქვთ, რომ ეს ბინძური შანტაჟი აწარმოონ. მთავარი რესურსი კი მათივე უკუღმართი მემკვიდრეობაა – სახელმწიფოს ნაცვლად მათი საყრდენ გამოცლილი „ნაცური“ კორპორაცია, რომელიც, ვითომ „დემოკრატიული ტრანზიციით“, ახალ პოლიტიკურ ძალას ერგო. „ნაცური“ საყრდენის ნაცვლად, რომელიც არჩევნებში დაეცა, ახლა „ქოცნაცურის“ შეკოწიწებას ეცდებიან.

სააკაშვილს სურს საქართველომ ისევ მის მიერ შეთავაზებულ მრუდე გზაზე იაროს, ანუ კვლავაც გააგრძელოს უწესობა და ისევ უარი თქვას ერი–სახელმწიფოს მშნებლობაზე.

მას სურს აღიარებული იქნას მისი მემკვიდრეობა, ე.ი. შენარჩუნებული იქნას ის კანონგარეშე კორპორაციული წყობა, როცა ეროვნული სუვერენიტეტი მიტაცებული იყო უზურპატორთა მიერ, მთელი ეროვნული სიმდიდრე კორპორაციის მონოპოლიების ეპყროთ, ხოლო ქართველთა უდიდესი უმრავლესობა კი გმინავდა ამ კორპორაციის ტყვეობაში.

სააკაშვილის დემაგოგია ერზე, როგორც „ნაციონალურ პროექტზე“, სხვა არაფერია, თუ არა „ნაცთა“ უკანონო კორპორაციის ბატონობის ახალ პირობებში თავიდან „დაკანონების“ მცდელობა. მას პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ სწორედ ეს იგულისხმა, რომ თვითონაა ამ „პროექტის“ შემოქმედიც და ბატონ–პატრონიც, ხოლო ჩვენ, ქართველი მოქალაქეები, ბედნიერნი უნდა ვიყოთ, რომ მისი „ნაციონალური პროექტის“ ობიექტები ვართ და არ უნდა გვქონდეს პრეტენზია სუბიექტებად ქცევზე. მისი  ცრუ–მონანიება და უბოროტეს დანაშაულთა მაგივრად ვითომ საქმით გამოწვეული  შეცდომების „აღიარება“, ისევე, როგორც ხალხში გასვლისა და ხალხის შესმენის დაპირება,  მხოლოდ ნიანგის ცრემლების ღვრაა და მორიგი ფარისევლობა, სხვა არაფერი.

ის ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, კორპორაციულად, ხალხის ზურგს უკან, ისევ „ნაცურად“ მომართოს პოლიტიკა, შანტაჟის მუქარით ხალხთან კავშირი გააწყვეტინოს და ნაცურად გასვაროს, ე.ი. – „გააქოცოს“ „ქართული ოცნება“. ხოლო შემდეგ, შანტაჟის მეშვეობით, კორპორაციულ „კოჰაბიტაციაში შემოიყვანოს“ ივანიშვილი და მისი „ქოცნი“. 8 თებერვლის წარმოდგენაც და ალბათ უკვე დაგეგმილი შემდგომი აყალ–მაყალიც მას ამ შანტაჟისათვის სჭირდება.

ის შანტაჟით აპირებს საკონსტიტუციო პროცესის იმიტირებას, რომლის რეალური შინაარსი იქნება არა ხალხის ძალაუფლებაზე დამყარებული კონსტიტუციური წეს–წყობილების დამყარება, არამედ კორპორაციულ წყობაში „ქოცთა“ და „ნაცთა“ შორის ძალაუფლების განაწილება.

მისი მთავარი მიზანია პოლიტიკოსთა კლასმა კვლავაც „მოატოვოს“ ხალხი, არ დაუშვას, რომ ეს ხალხი წელში გაიმართოს,  კუთვნილი მოითხოვოს და მოიპოვოს.

ის კვლავაც ჯიუტად ცდილობს ბრბოდ, კრიმინალებად, ტერორისტებად, „ჩარეცხილებად“, უვარგის მასალად წარმოაჩინოს დამცირებული და შეურაცხყოფილი ქართველი ხალხი.  უარყოს მისი კანონიერი უფლება ერ–სახელმწიფოდ ორგანიზებაზე და იმიტირებული, ცრუ–სახელმწიფოებრიობა, სინამდვილეში კი ხალხზე კორპორაციული ბატონ–პატრონობა მოგვახვიოს თავს.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ იგი ახერხებს და კვლავაც მოვლენების ეპიცენტრშია. მისი შანტაჟი მუშაობს და პოლიტიკური  დღის წესრიგის შინაარსაც ეს  განსაზღვრავს.

არა ბილწთან კოჰაბიტაციისაკენ იძულების ნაცურ პოლიტიკას!!

სამოქალაქო აყალ–მაყალმა და ჩოყლაყის ბენე(ფარსი)ფისმა ახალი სული ჩაბერა ბილწთან კოჰაბიტაციის იძულების ანტი–ეროვნულ „ნაცურ“ პოლიტიკას.

შეიქმნა საფრთხე, რომ საბოტაჟითა და შანტაჟით ის მიაღწევს სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეაჩეროს და პოლიტიკა „ქოცნაცურ“ იწილო–ბიწილოდ აქციოს.

ბუნებრივია, არა მხოლოდ შანტაჟი, არამედ უმძიმესი ობიექტური  ვითარებაა ასეთი იწილო–ბიწილოს საფრთხის საფუძველი: პირველ ყოვლისა, ის სავალალო გარემოება, რომ ახალ ხელისუფლებას გამოსადეგი სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობა ფაქტიურად არა აქვს.

აი, ვითომცდა „დემოკრატიული ტრანზიციით“ ახალი ხელისუფლების მიერ მიღებული „ნაციონალური საუნჯე“:

– კონსტიტუციური სიმახინჯე – ხელისუფლებათა დანაწილების სისტემის არ არსებობა. სახელისუფლებო შტოებს შორის მოშლილი ბალანისი. ერთპიროვნულ დიქტატზე მომუშავე სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელიც გამოუსადეგარია დემოკრატიული, ეროვნული  სახელმწიფოსათვის.

–მმართველობის დარგობრივი, ზე–ცენტრალიზებული, დიქტატორულ–ვოლუნტარისტული, რესურსების პარაზიტულ მოხმარებასა და მოქალაქეთა დათრგუნვაზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც ასევე სრულიად უვარგისია დემოკრატიული და ეფექტიანი მართვისათვის.

– პოლიტიკურად მოტივირებული ცრუ–სასამართლო, რომელიც მართლმსაჯულების ნაცვლად პოლიტიკურ დაკვეთებს აღასრულებს და სრულიად უვარგისია იმ ამოცანის გადასაწყვეტად, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია.

– პოლიტიკური წარმომავლობის მონოპოლიების პარპაში, პარაზიტულ მოხმარებასა და არა წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკა, განადგურებული მრეწველობა, გაპარტახებული და დაცლილი სოფელი.

– უმძიმესი სოციალური ფონი. გაღატაკებული, დათრგუნული, დევნილი, ნაწამები, წელში გატეხილი, უნარ–შეზღუდულ მდგომარეობაში ჩავარდნილი და მოწყალების იმედად დარჩენილი მოსახლეობა.

ცხადია, სწორედ ამგვარი მძიმე მემკვიდრეობის იმედიც აქვთ ნაცებს, რომ ახალი ხელისუფლება საბოტაჟითა და შანტაჟით „კოჰაბიტაციაში შემოიყვანონ“ და ძველ, ნაცად გზაზე დააყენონ, უარი ათქმევინონ ამ მემკვიდრეობის დაძლევასა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის დაწყებაზე.

მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, ახალმა მთავრობა არ უნდა შეშინდეს,  ნაცებთან კოჰაბიტაციაზე უარი უნდა თქვას და არა ჩოყლაყს, არამედ ხალხს მოუსმინოს!

დაუშვებელია, დამღუპველია, რომ „ნაცებმა“ და მისმა უცხოელმა მფარველებმა კოჰაბიტაციისაკენ იძულების პოლიტიკა მოგვახვიონ თავს!

ახალი ხელისუფლემა უფრო მტკიცედ უნდა დაადგეს ერი–სახელმწიფოს ინსტიტუტების აღმშენებლობის გზას. ჩვენ გვჭირდება არა „კოჰაბიტაციური“ საკონსტიტუციო ცვლილებები, არამედ სისტემური, ძირფესვიანი კონსტიტუციური რეფორმა! ისევე, როგორც ცენტრალიზებული, დარგობრივი მმართველობის სისტემის, რომელსაც მხოლოდ დიქტატის პირობებში შეუძლია მუშაობა, ძირფესვიანი, დემოკრატიული  გარდაქმნა!

ახალი კონსტიტუცია, რეფორმები და სამართალი! ეს უნდა იყოს საქართვლოს დღის წესრიგი და არა ჩოყლაყთან კოჰაბიტაცია! ხოლო ჩოყლაყს და მის ნაცებს რაც შეეხებათ: მათ კუთვნილი უნდა მიეზღოთ პრონციპით – „მიეც ჩოყლაყსა ჩოყლაყისა“!

არ უნდა შევდრკეთ. მამაცი რომაელის ნათქვამია: „Fiat justitia, pereat mundis!» – აღსრულდეს სამართალი და თუნდაც დაიქცეს მსოფლიო!

ღირსეული თანა–ცხოვრება წესების დასამკვიდრებლად გარაქმნებს, ძირეულ რეფორმებს ითხოვს, ხოლო ქართველი ხალხი – სამართალს! და თუ არ იქნა სამართალი, არც მშვიდობა იქნება!