მოსკოვში განხორციელებული ვიზიტის გამო, 80-ზე მეტი ევროპარლამენტარი ჟოზეპ ბორელს გადადგომისკენ მოუწოდებს

მოსკოვში განხორციელებული ვიზიტის გამო, 80-ზე მეტი ევროპარლამენტარი ჟოზეპ ბორელს გადადგომისკენ მოუწოდებს

მოსკოვში განხორციელებული ვიზიტის გამო, ევროპარლამენტის 80-ზე მეტი წევრი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს გადადგომისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ჟოზეპ ბორელის რუსეთში ვიზიტი დამამცირებელი იყო, რამაც ევროკავშირის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა.

„გასულ კვირას განხორციელებული ვიზიტის დროს ჟოზეპ ბორელმა ვერ დაიცვა ევროკავშირის ინტერესები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს, თუ ბორელი თანამდებობას არ დატოვებს“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მოსკოვში 4 თებერვლას ჩავიდა. მან შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.