ჯო ბაიდენი: ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის ყურებას არ ვაპირებ - სამუშაო მაქვს

ჯო ბაიდენი: ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის ყურებას არ ვაპირებ - სამუშაო მაქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის ყურებას არ აპირებს.

„არა, როგორც უკვე განვაცხადე, სამუშაო მაქვს და ეს სამუშაო ხალხის გადარჩენას ეხება. უკვე 450 ათასი ადამიანი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი სიცოხლე შეიძლება დავკარგოთ, თუ მტკიცედ არ ვიმოქმედებთ. უამრავი ოჯახი იტანჯება. ეს არის ჩემი სამუშაო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, იმპიჩმენტის პროცესი სენატის კომპეტენციას განეკუთვნება.

„სენატს თავისი სამუშაო აქვს. დარწმუნებული ვარ, კარგად მოიქცევიან. ეს ყველაფერია, რაც იმპიჩმენტზე მსურს განვაცხადო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

დონალდ ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ სენატს არ აქვს უფლება, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ფარგლებში გაასამართლოს, ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი უკვე კერძო პირია.