ნიკი ჰეილი: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დიქტატორებსა და ადამიანის უფლებათა დამრღვევებს იცავს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და ვენესუელა

ნიკი ჰეილი: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დიქტატორებსა და ადამიანის უფლებათა დამრღვევებს იცავს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და ვენესუელა

გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი აშშ-ის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნებას ეხმაურება.

„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ადამიანის უფლებათა სფეროში მდგომარეობას არ აუმჯობესებს. იგი დიქტატორებსა და ადამიანის უფლებათა დამრღვევებს იცავს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და ვენესუელა. სამწუხაროა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ლეგიტიმაცია მიანიჭა იმ ორგანიზაციას, რომელიც მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის ფარსად იქცა“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან თანამშრომლობას აახლებს. 2018 წელს აშშ-მა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა. იმ დროს გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ საბჭო გააკრიტიკა და მას ფარისევლური ორგანიზაცია უწოდა, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს. მისივე თქმით, საბჭო დიდი ხნის განმავლობაში იყო ადამიანის უფლებათა დამრღვევების დამცველი, ხოლო ის სახელმწიფოები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ, კვლავ აგრძელებენ საბჭოში მუშაობას.