დღეს აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყება

დღეს აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყება

დღეს აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყება. პროცესის ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლები ბრალდების მხარის როლს შეასრულებენ, ხოლო სენატორებს ნაფიც მსაჯულთა როლი დაეკისრებათ. იმპიჩმენტის პროცესს „დემოკრატი“ სენატორი, პატრიკ ლიხი უხელმძღვანელებს.

იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდება (100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა). სენატის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის შემთხვევაში, სენატი კენჭს უყრის საკითხს, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოს.

11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

დონალდ ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ სენატს არ აქვს უფლება, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ფარგლებში გაასამართლოს, ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი უკვე კერძო პირია.

„აშშ-ის კონსტიტუცია მოითხოვს, რომ პირს თანამდებობა უნდა ეკავოს იმისათვის, რომ მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა განხორციელდეს. იმის გათვალისწინებით, რომ 45-ე პრეზიდენტი უკვე აღარ არის პრეზიდენტი, სენატი იმპიჩმენტის ფარგლებში თანამდებობიდან გადაყენების დებულებას ვერ განახორციელებს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის ადვოკატების განცხადებაში.

იმპიჩმენტის პროცესში წარმომადგენელთა პალატის ბრალმდებლები აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აჯანყების პროვოცირებისთვის უნდა გასამართლდეს და მას სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოს.

ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპმა თავისი ქმედებებით ამერიკის საკონსტიტუციო სისტემას საფრთხე შეუქმნა.

ბრალმდებლებმა დონალდ ტრამპს კონგრესის წინააღმდეგ ძალადობის პროვოცირებაში ბრალი დასდეს, რაც, მათი აზრით, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ჩაშლის მცდელობას წარმოადგენდა.

14 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად გამოუცხადა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. 2019 წელს კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.

6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.