კუდი ძაღლისა  არ განემართების, არცა  კირჩხიბი  მართლად ვალს

კუდი ძაღლისა არ განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს

უგუნურობას ჭკუა არ მოეკითხება, მაგრამ, როცა უგუნურობა ახასიათებს პარლამენტის შემადგენლობის 40%-ს, ხოლო მას ზურგს უმაგრებს დე-ფაქტო პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეული მთავრობის დათხოვნის უფლებით, ეს უკვე საქვეყნო პრობლემაა.

უგუნურობის მიზეზების შესახებ  სრულყოფილი სამედიცინო დასკვნა ჯერ-ჯერობით არ არსებობს, მაგრამ  ჩემი დაკვირვებით, ნახელისუფლარ ნაციონალებს პოლიტიკური ათელოსკლეროზი ნამდვილად სჭირთ, რაც მათ სააზროვნო სისტემაში რეალური ინფორმაციის მიწოდებას აბრკოლებს, რის  შედეგადაც სინამდვილის სწორად აღქმის საშუალებას მოკლებულნი არიან. აქედან მოდის ის აბსურდის სპექტაკლები, რასაც ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე დგამენ.

არადა, ამგვარი სპექტაკლების დადგმის უფლება ნაციონალებს კონსტიტუციურად კიდევ საკმაოდ დიდ ხანს გააჩნიათ, რასაც  გამოცდილი და ექსცენტრიული რეჟისორიც ჰყავს სააკაშვილის სახით.

ივანიშვილსა და “ქართული ოცნებას” კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ხალხის მიერ თავდადებული ბრძოლით დამარცხებული ნაცრეჟიმის რეანიმაციის გასაღები საქართველოს კონსტიტუციაშია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტს  ნებისმიერ დროს შეუძლია დაითხოვოს მთავრობა, ხოლო აპრილის ორი კვირის განმავლობაში პარლამენტიც ზედ მიაყოლოს. ქართული საზოგადოებისა და დასავლეთის თვალში  ამგვარი ცვლილებებისათვის პოლიტიკური ნიადაგის მომზადება ნაციდეოლოგების მიერ  გამალებული პროპაგანდითა და პიარით მიმდინარეობს. ჯერ იყო  და, სააკაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ახალი მთავრობა ისე ცუდად მუშაობს, რომ,  ვეჭვობ, აპრილამდე გაძლოსო, ხოლო შემდგომ  „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანმა მერაბიშვილმა, რომელიც აქამდე ენაბლუდ იყო აღიარებული, მაგრამ ამ ბოლო დროს მეტყველი გახდა, ასევე საჯაროდ წამოროშა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის შეცვლას 4 წლის განმავლობაში ვერ დაელოდება, ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევიწროვდეს და მისი შეცვლა დაჩქარდესო.

ამის საპასუხოდ “ოცნება” ცდილობდა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოეპოვებინა უმცირესობის წევრთა გადაბირებით, მაგრამ, როგორც გამოჩნდა, ეს ამ ეტაპზე ვერ მოახერხა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ცხოვრებისეულ სიბრძნეს, რომ დანაშაულში თანამონაწილეობა საკმაოდ მონოლითურს ხდის მასში მონაწილეთა ერთობას, რათა ერთობლივად გაუმკლავდნენ მოსალოდნელ საერთო საშიშროებას.

ნაცპარტიამ სავაჭრო საგნად გახადა შეთავაზებული კონსტიტუციური ცვლილება და ქვეყნის ბედზე გულშემატკივრის სახით რომ წარმდგარიყო ხალხის წინაშე, სამაგიეროდ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ პოლიტიკური ორიენტაციის კონსტიტუციაში დაკანონება მოითხოვა.  იცოდა რა, რომ ეს იყო აბსურდული მოთხოვნა, რის არგუმენტირებულ დასაბუთებას სხვა წერილში ვეცდებით, პარალელურად მოითხოვდა ე.წ. კოაბიტაციის რეჟიმში თანამშრომლობას, რაც მათი გაგებით ნიშნავს ნაცრეჟიმის პერიოდში ჩადენილ დანაშაულობებზე სამართლებრივი დევნის შეწყვეტას. სწორედ ეს არის ამჟამად ნაციონალებისათვის მთავარი პრობლემა.  სააკაშვილის ბოლო გამოსვლის ძირითადი  გზავნილიც ეგ არის, რომ ეკონომიკური ამნისტიის კანონპროექტი დაამტკიცოს პარლამენტმა, რათა ქვეყნისა და ხალხის დაყაჩაღებით მოპოვებული ქონება და ბიზნესები შეინარჩუნონ, ხოლო სხვა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩამდენ ნაცჩინოვნიკებზე გამოძიებები შეწყდეს.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები რომ სააკაშვილის დაგეგმილი იყო, ამას დიდი  გამჭრიახობა არ სჭირდება. სააკაშვილმა და მისმა ნაცბანდამ კარგად იცოდა, რომ ნაცრეჟიმის საკონცენტრაციო ბანაკებში ნაწამები ათასობით ადამიანი მათთან კითხვების დასმას და პროტესტის გამოხატვას მოინდომებდა, რაც შეხლა-შემოხლას აუცილებლად გამოიწვევდა, რის პროვოცირებაც მშვენივრად მოახერხეს უგულავას ზონდერებმა. ამის ფონზე დასავლეთის თვალში ივანიშვილის მთავრობის ანტიდემოკრატიულად  წარმოჩენა, ხოლო ოპოზიციური ნაცპარტიის პოლიტიკური დევნის ობიექტად წარმოსახვა მომგებიანი უნდა ყოფილიყო ნაცებისთვის, მაგრამ საქართველოში არსებული რეალობა  დასავლეთს უქრობს სურვილს, რომ საკუთარი პროექტის მუდმივი ადვოკატი იყოს.

დასავლეთმა უკვე კარგად იცის, რომ ქართველი ხალხისათვის საძულველი ნაცრეჟიმის მიკერძოებული დაცვის წყალობით საქართველოში მის მიმართ დადებითი განწყობები გეომეტრიული პროგრესიით მცირდება, რაც მათ გავლენებსა და გეოპოლიტიკურ მიზნებს ევროაზიურ სივრცეში საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის. სავარაუდოდ, სწორედ ეს აუხსნეს იმავე საღამოს კიდევ ერთხელ სააკაშვილს  დიპლომატიური არხებით და ამის გასაცნობიერებლად დასჭირდა მას დამატებით რამოდენიმე საათი, რომ ახალ ხელისუფლებაზე შემტევი ტონი შეერბილებინა და კონფრონტაციულიდან კომპრომისული და გონიერი პოლიტიკოსის ნიღაბი მოერგო. თუმცა, ამ გამოსვლაში რამდენიმე ვირეშმაკული სახიფათო მესიჯი მაინც გააპარა, როცა ირაკლი ალასანიას გამოექომაგა და მისთვის ჩვეული ბინძური ლექსიკით განაცხადა, რომ, თურმე, მიუღებელია თავდაცვის მინისტრს რომ აწუწებენ და არ დაუშვებს მისი თანამდებობიდან განთავისუფლებას, რისი უფლებაც, სხვათა შორის, კონსტიტუციურად გააჩნია. ანუ, ალასანიას მიანიშნა, რომ თუ ივანიშვილს დაუპირისპირდები, ჩემი თანამდებობრივი მხარდაჭერის იმედი გქონდესო. აქედანაც კარგად ჩანს, თუ რაზეა წამსვლელი სააკაშვილი საკუთარი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. მარტო ამ გამჟღავნებული ჩანაფიქრისთვის არის მისაფურთხებელი სააკაშვილის პოლიტიკა. 

ამავე დროს, არსებული ვაკხანალიის ანალიზი, ვფიქრობ, სხვაგვარი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას ბევრჯერ აშკარად გამოუთქვამს სწორი მოსაზრება, რომ ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობის გამო პოლიტიკური არსებობის უფლება არა აქვს და ხალხიც ამგვარ განწყობაზეა მის მიმართო. ივანიშვილი მზად არის ახალი საპარლამენტო არჩევნებიც კი გაიმართოს, რომ ნაციონალები მისი შედეგებით საერთოდ აილაგმონ პოლიტიკური სივრციდან,  მაგრამ, როცა ყველა ტუზი პრემიერ-მინისტრს უჭირავს ხელში, გაოცებას იწვევს ხელისუფლების მხრიდან დათმობების ხარჯზე ნაციონალებისგან პოლიტიკური დათმობების მოთხოვნა, მაშინ როცა ერთი დაკვრით შეიძლება მათი სრული ნეიტრალიზება.

იმავე დასავლეთისათვის ხომ ცხადი გახდა, რომ სააკაშვილის კონსტიტუციური უფლებები სახელისუფლო შტოებს შორის ხელისუფლების გადანაწილების აღიარებულ პრონციპებს არ ესადაგება და პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ უსაფუძვლოდ მთავრობის გადაყენება და ერთპიროვნულად მისი დანიშვნა, ასევე პარლამენტის დათხოვნა, არათუ დემოკრატიული, არამედ დიქტატორული რეჟიმებისათის არის დამახასიათებელი, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა  ბუკიკიომაც დაადასტურა. ასეთ ვითარებაში, თუ  სააკაშვილი თავის პოლიტიკურ ხუშტურებს ვერ დაიოკებდა და მთავრობასა და პარლამენტს მაინც დაითხოვდა, კონსტიტუციის მე-5 მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც:

1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე,

თავისუფლად შეიძლებოდა სააკაშვილის გადაწყვეტილების სრული იგნორირება და თუ ნაცების ნარჩენები რაიმე ძალადობას გაბედავდნენ, მაშინ პოლიციისა და ჯარის კონტროლისა და ქართველი ხალხის მასობრივი მხარდაჭერის პირობებში, მათ მიმართ საბოლოო განაჩენიც გამოტანილი იქნებოდა, ხოლო თუ ვერ გაბედავდნენ ძალადობრივი ნაბიჯების გადაგმას, მაშინ რეფერენდუმის ან იმპიჩმენტის მექანიზმების გამოყენებით, რომლის საფუძველს ნაცრეჟიმის უმაღლეს ხელისუფალთა მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულებრივი ქმედება იძლევა, სააკაშვილის სრული ნეიტრალიზება დიდი სირთულე ნამდვილად არ იქნებოდა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ თავად სააკაშვილმა 2003 წელს შევარდნაძის დაჭაობებული მმართველობის წინააღმდეგ ხალხის უარყოფითი განწყობა გამოიყენა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნების შედეგად  პოლიტიკურად ყველაზე დაბალანსებული პარლამენტი ძალადობრივი მეთოდებით გარეკა, რამაც გზა გაუკვალა ძალაუფლების სრული მონოპოლიისაკენ.

ასე რომ, ამდენი დავიდარაბით, რასაც განუზომლად დიდი ენერგია და დრო მიაქვს, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას უპირველესად ქვეყნის წინაშე არსებული უამრავი პრობლემის გადასაჭრელად, ფუჭად იხარჯება უსარგებლო კატა-თაგვობანას თამაშში, რომლის გაგრძელებაც, მინიმუმ, სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე, ოქტომბრამდე გარანტირებულია. ამის დასტურია, თუნდაც ამ მართლაც ვადაგასული და ძალაუფლების უზურპატორი  სააკაშვილის ბოლო გამოსვლაც, სადაც მთავრობის დათხოვნას არჩევნებიდან პირველ ხუთ-ექვს თვეში მიიჩნევს არამიზანშეწონილად, რითაც ივარაუდება, რომ შემდგომში, თუ შენიშნა, რომ დაპირებების შეუსრულებლობის გამო “ოცნების” მიმართ ხალხში უარყოფითი  განწყობა დაგროვდა, ამ უფლებას მაშინვე გამოიყენებს და ნაციონალების საძულველ მთავრობას კვლავ მოასვამს თავზე საქართველოს.

ამიტომ ნაციონალების მავნებლური და ზიანის მომტანი პოლიტიკის სრული იზოლაციისთვის უმჯობესია უფრო გადამჭრელი ღონისძიებების გატარება, რადგან მემატიანის მიერ შემონახული წმინდა დავით აღმაშენებლის დიდებული სიტყვების სიბრძნით, ჭეშმარიტად - კუდი ძაღლისა  არ განემართების, არცა  კირჩხიბი  მართლად ვალს.