ჯო ბაიდენი ირანისთვის სანქციების მოხსნის წინაპირობას ასახელებს

ჯო ბაიდენი ირანისთვის სანქციების მოხსნის წინაპირობას ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ირანს სანქციებს მანამ არ მოუხსნის, სანამ თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამას არ შეაჩერებს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ირანელებმა უნდა შეწყვიტონ ურანის გამდიდრება. აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა. აშშ-ს სურს, რომ ირანმა ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და თუ ირანი ამას გააკეთებს, აშშ შესაბამისად მოიქცევა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

7 თებერვალს ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ თეირანი უფლებამოსილია ბირთვული შეთანხმების შესახებ პირობები წააყენოს, რადგან ხელშეკრულებიდან ვაშინგტონის გასვლამდე მის ყველა პირობას ასრულებდა.

აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ უკვე განაცხადა, რომ ირანის შეთანხმებაში დაბრუნებას ელის. ჯო ბაიდენის წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა კი „ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე“ უარი 2018 წელს თქვა.