მიანმარში პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მოწინააღმდეგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

მიანმარში პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მოწინააღმდეგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში პოლიციამ გაფიცული მუშების აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გაფიცულები უკვე მესამე დღეა ქვეყანაში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას აპროტესტებენ და დაკავებული ლიდერის აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას და დემოკრატიის აღდგენას ითხოვენ. დემონსტრაციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

დღევანდელ აქციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის მასწავლებლები, ადვოკატები, საჯარო მოხელეები და ბანკების თანამშრომლები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

1-ელ თებერვალს მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

მათი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.