აშშ რუსეთიდან ევროპელი დიპლომატების გაძევებას გმობს

აშშ რუსეთიდან ევროპელი დიპლომატების გაძევებას გმობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა რუსეთიდან ევროპელი დიპლომატების გაძევებას გმობს.

„აშშ გმობს რუსეთიდან სამი ევროპელი დიპლომატის გაძევებას საპროტესტო აქციებზე დაკვირვების გამო. ეს თვითნებური და გაუმართლებელი ქმედება რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებებიდან გადახვევას წარმოადგენს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას, პოლონეთსა და შვედეთს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

5 თებერვალს, რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, საუბარია შვედ, გერმანელ და პოლონელ დიპლომატებზე, რომლებმაც ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.