ოპოზიციის მიერ ივერი მელაშვილის გმირად გამოცხადება ანომალური მოვლენაა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.
„ისინი ცდილობენ პოლიტიკური პრეფერენცია ახსნან და გაამართლონ... სულ ერთია რა თქვეს გუშინ, რა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და რა არის ჭეშმარიტება და კარგი. მთავარია იმ ხაზს გაყვნენ, რასაც მიჰყვება ეს პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიზანია არეულობა პოლიტიკური სისტემის და არა პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ. თავის დროზე ამ პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა გარეჯი, მაგრამ როცა დაიწყო ბრძოლა, ისეთი ვითარება შეიქმნა, თითქოს ეს თემა საერთოდ არ ყოფილა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმით, პოლიტიკოსების განცხადება, რომ დავით გარეჯის სადაო მონაკვეთი საქართველოს ტერიტორია არასდროს იქნება, შეცდომაა. „როცა აცხადებენ რომ აღარ უნდა იყოს საუბარი იმ რუკაზე, რომელიც საქართველოს პოზიციებს უკეთესობისკენ ცვლის, ეს დამოკიდებულება ავადმყოფურია. ძალიან კარგია, რომ ასეთი პრობლემები შიშვლდება და ამას საზოგადოებაც ხედავს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.