ჩვენ, ელჩების მხარდაჭერით მოლაპარაკებები დავიწყეთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და ასევე გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს პოზიტიური შედეგით დასრულდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „მოქალაქეებთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში იღებდა პასუხისმგებლობას, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი განხორციელდეს საქართველოს პარლამენტში, რათა გაუმჯობესებული კანონმდებლობით, გაუმჯობესებულ გარემოში ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.
„ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა და პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს პარლამენტში განვახორციელებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით, გაფორმდა დოკუმენტში. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს, ხელი მოაწერა პარტია „მოქალაქეებმა“ და ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლებისთვისაც. მათთვის, ვინც გადალახა ბარიერი და მიიღო მანდატი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკურ დიალოგს და მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.