საქართველოს ევროპის საბჭოში ხედავენ ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც იბრძვის საკუთარი მომავლისთვის და ახორციელებს ძალან ბევრ რეფორმას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანია, ისიც რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. „ირაკლი კობახიძის ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პარტნიორობის სანდოობას“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება, სადაც 25-29 იანვარს ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, კენჭისყრა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები.