ბადრი ჯაფარიძე: ღრმა კრიზისის პირობებში სტანდარტული, ხისტი შეზღუდვების პოლიტიკა არ არის გამართლებული

ბადრი ჯაფარიძე: ღრმა კრიზისის პირობებში სტანდარტული, ხისტი შეზღუდვების პოლიტიკა არ არის გამართლებული

ასეთი ღრმა კრიზისის პირობებში სტანდარტული, ხისტი შეზღუდვების პოლიტიკა არ არის გამართლებული და საჭიროა, გონივრული რეგულაციები, გონივრული, არასტანდარტული აზროვნება, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვებთან დაკავშირებით, საჭიროა საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

“აქ მოვედი სოლიდარობის გამოსახატავად იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უგუნურ შეზღუდვებს, ჩვენი მთავრობისთვის დამახასიათებელს, აპროტესტებენ. საზოგადოდ ასეთი კრიზისისთვის საჭიროა არასტანდარტული მიდგომები და არა ისეთი ზოგჯერ, ხისტი და გაუმართლებელი შეზღუდვები, რომელსაც ჩვენი მთავრობა იყენებს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება არასტანდარტული საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. მაგალითად, თითქმის ვაქცინაციის ტოლფასია ის, რომ ადამიანებს ბევრს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი, შესაბამისად, მათ აქვთ მდგრადობა ვირუსით დაინფიცირებასთან დაკავშირებით, შესაბამისად შესაძლებელია პასპორტიზაციის მსგავსი რამის გაკეთება იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც უკვე კოვიდი გადაიტანა. ასეთ ადამიანებს არის შესაძლებლობა მიეცეთ უფრო მეტი თავისუფლება, იმიტომ, რომ მათი დაინფიცირების რისკი დაბალია, ან თითქმის 0 ტოლფასია. ანუ, ასეთი ღრმა კრიზისის პირობებში სტანდარტული ხისტი შეზღუდვების პოლიტიკა არ არის გამართლებული და საჭიროა, გონივრული რეგულაციები, გონივრული, არასტანდარტული აზროვნება. არასტანდარტული გამოსავალი უნდა მოიძებნოს იმისთვის, რომ ეკონომიკა არ იყოს ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი, რომ აღორძინებას უამრავი დრო დასჭირდეს”, - განაცხადა ჯაფარიძემ.