თენგიზ ცერცვაძე: საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას თებერვალში ელის

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას თებერვალში ელის

„საქართველო თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას ელის, სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს Pfizer-ის ვაქცინა“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილის შოუ“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში აიცრებიან ჯანდაცვის მუშაკები. შემდეგ უკვე აპრილის ბოლომდე ვარაუდობენ Astrazeneca-ს ვაქცინის მიღებას, რომელიც უფრო დიდი რაოდენობა, დაახლოებით 150 000 დოზა და ისევ მედიცინის მუშაკები და 75 წელს გადაცილებულები აიცრებიან.

„შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად მოხდება ვაცქინის მოწოდება და წლის ბოლომდე გვაქვს იმედი, რომ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას მოვახდენთ. ასეთ შემთხვევაში ფართოდ გავრცელება შეჩერდება, ვიღაცები დაინფიცირდებიან, თუმცა ფართო გავრცელება აღარ იქნება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 546 ადამიანს დაუდასტურდა, 1 456 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.