„თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც ვერ გაიგო; გადაიფიქრა; აღარ არის რადიკალურად განწყობილი და რევოლუცია არ არის მისი ერთადერთი გზა და მიზანი, მათაც დაველაპარაკებით, რადგან მათაც ჰყავთ საკმაო რაოდენობის ამომრჩეველი. მზად ვართ, მათაც ველაპარაკოთ ნებისმიერ ლეგიტიმურ თემაზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება, შენი ამომრჩეველი შეურაცხყო, კადრო და დააჯერო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაწერა ყველა ოქმი, რომელსაც შენივე პარტიის წარმომადგენლები აწერენ ხელს.
„ჩვენ ვალდებული ვართ, ყველას ველაპარაკოთ, ვალდებული ვართ ჩვენი საერთშორისო პარტნიორების წინაშეც და თუნდაც მათი ამომრჩევლის წინაშე - თითოეული ადამიანის ხმას და განწყობას ვითვალისწინებთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ვესაუბროთ - შეიძლება, ისინი ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ფორმატი არის ფარული მოლაპარაკებაც, რაც სასაცილოა. არც ერთი სიტყვა არ თქმულა დღეს ჩემს ბრიფინგზე იმის შესატყვისი, რაც შემდეგ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გადმოსცა, რომ თითქოს დავემუქრე და ფარული მოლაპარაკებები შევთავაზე ოპოზიციას.
მსგავსი ტიპის კომუნიკაცია რომ ეკადრებინა ვინმეს და ამისთვის ფინანსური რესურსი გამოეყო, პირველები ისინი შემოვიდოდნენ პარლამენტში, რომლებიც რადიკალურ პოზიციას აფიქსირებენ. თუმცა მსგავსი ტიპის კომუნიკაცია არ ყოფილა და არც იქნება. არალეგიტიმურ შეთავაზებას არ ექნება ადგილი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.