ყველგან ასეა - კორონავირუსი იმაზე მეტ ადამიანს აქვს გადატანილი, ვიდრე - ოფიციალური მონაცემი აჩვენებს, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „დილის შოუში“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„1-2 თვის წინ, როცა ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნებულთა ბაზაში დარეგისტრირებული იყო მოსახლეობის 5%, ჩვენ ჩავატარეთ ანტისხეულების კვლევა და მან 10% აჩვენა. ახლა, ტესტირებით დადგენილია, რომ 8-9% დაინფიცირდა ვირუსით. ეს ნიშნავს, რომ ერთ ამდენს კიდევ ექნება გადატანილი კორონავირუსი. როცა მეკითხებიან. მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეიძლება ჰქონდეს ვირუსი გადატანილი, ვპასუხობ, რომ ოფიციალურად დადასტურებული რიცხვია 8%, მაგრამ დაახლოებით 15%-ს ექნება გადატანილი“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 253 518 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 242 085-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 055 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.