ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“ყველა ქვეყანას თავისი ბუნებრივი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია; თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქა და გლობალიზაცია იძლევა უნიკალურ და უპრეცენდენტო შანსს, რომ ეს ბუნებრივი უპირატესობა კონკრეტულ ეკონომიკურ სარგებელში სწრაფად გამოიხატოს;
ზედაპირზე დევს და ბევრი კვლევა არა სჭირდება, რომ ტექნოლოგიურობა (ქართულად - „დაოსტატების გონი“) არსებითად სწორედაც ეს არის: ის ბუნებრივი სიმდიდრე , რაც ღმერთმა ექსკლუზიურად გარგუნა, მაღალ-ოსტატურად გამოიყენო - "გლობალისტურ" მსოფლიოს იოლად გაუზიარო, ინკლუზიურად გაყიდვადი გახადო და ამით მოიგო, გამდიდრე. სიღარიბის დაძლევა საქართველოში სტრატეგიულად ამას ნიშნავს: გლობალურ კონკურენციაში ბუნებრივი კონკურენტული უპირატესობების რეალიზებას რაც შეიძლება მაღალი ტექნოლოგიურობით. სხვას არაფერს.
რა არის საქართველოს ბუნებრივი კონკურენტული უპირატესობები? ესეც ზედაპირზე დევს და ლამის ყველა ქართველმა ინსტიქტურადვე იცის. ამ ბუნებრივ უპირატესობებში ხშირად გამოყოფენ - „ადამიანურ კაპიტალს“, ე.ი. ქართველთა „ნიჭიერებას“, იგი რომ რეალიზდეს, რასაკვირველია, წამყვანი ტექნოლოგიურობა - განათლების მოწინავე სისტემის და ამ მიზნით ყველაზე ეფექტიანი ტექნოლოგიების შექმნა-დანერგვა- განვითარებააა;
თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, თუ უფრო მნიშვნელოვანი არა, ბუნებრივი კონკურენტული უპირატესობა ჩვენი ქვეყნისა - არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მას სატრანზიტო-ლოგისტიკურ ჰაბად უეჭველად აქცევს, არამედ თუნდაც გეოგრაფიულ-ლანდშაფტური და რაც 21-ე საუკუნეში, კრიტიკული ეკოლოგიური საფრთხეების გამო, შეიძლება ყველაზე არსებითი გამოდგეს, ბიოლოგიური მრავალფეროვნებაა: მართლაც, რომ არსებობდეს ტერიტორიის ერთ კვადრატულ კილომეტრზე ანდა ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში გავრცელებული სასარგებლო მცენარეული ენდემური სახეობების რეიტინგული მახასიათებელი, არა მგონია, საქართველო პირველ მსოფლიო ხუთეულში არ აღმოჩნდეს!
ამ უნუკალური ბუნებრივი უპირატესობის ტექნოლოგიურად, ე.ი. ოსტატობის გონით გამოყენებაა საჭირო: აქ იმას ვგულისხმობ, რომ პრაქტიკულად თითოეული ქართული სოფელი - მზამზარეული ბუნებრივი ბრენდია, რადგან თითოეულს გააჩნია საკუთარი გამორჩეულობა და ისტორიული ყოფით-კულტურული უნიკალობა: მაგალითად, ყველა სოფელს, სადაც ყურძენი მოდის, თავისი გამორჩეული, ენდემური ჯიშის ღვინო აქვს, , მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გემოს კერძი, უნიკალური არომატის ხილი, ბოსტნეული ან სანელებელი, ხოლო საცა ღვინო და ხილი არ მოდის (მაღალმთიან, ალპური ზონის სოფლებში) სამკურნალო ბალახი ხომ მაინც მოიპოვება და სხვა რომ არც არაფერი, თითოეულ ასეთ სოფელს აბსოლუტურად უნიკალური გეოგრაფიული თუ -კულტურული მემკვიდრეობის ლანდშაფტი მაინც აქვს. როგორ შეიძლება ეს ბუნებრივი ექსკლუზიურობა ტექნოლოგიურად "ითარგმნოს" და ინკლუზიურად გასაყიდ პროდუქტად იქცეს, რათა დიდი სარგებელი მოიტანოს?
ლანშაფტების უნიკალობის ტექნოლოგიურად გამოყენება შეიძლება უნიკალური ტურიზმის სახეობით - საჰაერო ტურიზმით გამოიხატოს: რა ჯობია მაგალითად საჰაერო ბურთით ანდა უფრო დახვეწილი -დირიჟაბლით საქართველოს მთიანეთის, მაგალითად ფშავ- ხევსურეთის, თუშეთის, სვანეთის და ა.შ. "ჩიტის ფრენის" სიმაღლიდან ნება-ნება, განცხრომით დათვალიერებას?
ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას რაც შეეხება: სადაც ღვინო მოდის, თითოეულ სოფელს თავისი ექსკლუზიურად ძვირფასი ღვინის წარმოება შეუძლია გამართოს; ასეთი ღვინო უმაღლესი ხარისხითა და შეზღუდული რაოდენობით ასევე ექსკლუზიური მოხმარებისა იქნება და საკმაოდ ძვირიც ეღირება, ხოლო ინკლუზიურად გაყიდვადი კი, როგორც მასობრივი მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი პროდუქტი - შესაძლებელია ექსტრატების წარმოების გამართვა.
თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგ. ექსტრატების წარმოების ზეკრიტიკული ფლუიდური ტექნოლოგია, იძლევა შესაძლებლობას, რომ თითოეული სოფლის სურნელი, გემო, არომატი და ა.შ. უნიკალურ, აბსოლუტურად ნატურალურ და არა მავნე ქიმიით მიღებულ, ძვირფას ექსტრატად იქცეს; აქ ხაზგასასმელია, რომ ნატურალურ ექსტრატებზე ყოველ წელს 10%-ით იზრდება მსოფლიო სასურსათო, სასმელებისა, კოსმეტიკისა თუ ფარმაკოლოგიური წარმოებების მოთხოვნილება; ხოლო ექსტრატებით საექსპორტო ვაჭრობა დიდ სატრანსპორტო და სხვა ლოგისტიკურ დანახარჯებსაც არ საჭიროებს; სხვათა შორის, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, როცა სპეციალურად მოწვეულმა ამერიკელმა ექსპერტებმა შეაფასეს საქართველოში ყველაზე პერსპექტიული ტექნოლოგიები, პირველ ადგილზე სწორედ ექსტრატების წარმოების ეს ფლუიდური ტექნოლოგია გავიდა.
ასეა თუ ისე, სიღარიბის დაძლევის მთავარი სტრატეგია - სწორედაც ტექნოლოგიურობაა, ანუ საქართველოს დაოსტატების გონია!
გარდა ტექნოლოგიურობისა, სოფლისა თუ ქალაქის ბუნებრივი უპირატესობის შეფასებასა და გამოყენებას, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაც აუცილებლადა სჭირდება. მაგრამ ამაზე შემდეგ“.