სერგი კაპანაძე: ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს ცვლის

სერგი კაპანაძე: ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს ცვლის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, მანდატების შეჩერების პროცესის გაჭიანურებაზე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდსა და მომავალ სამოქმედო გეგმებზე საუბრობს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოებას შეუქმნას ილუზია, რომ თითქოს ოპოზიცია პარლამენტში შედის, თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას. კაპანაძემ აღნიშნა, რომ მეხუთე რაუნდი იმ შემთხვევაში იქნება, თუ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წავა და დათანხმდება ოპოზიციის მოთხოვნებს.

კაპანაძის თქმით, ოპოზიცია აპირებს, გამოიყენის ყველა ლეგალური ინსტრუმენტი, რათა ხელისუფლება დაითანხმოს საკუთარ მოთხოვნებზე.

„რატომ ჭიანურდება მანდატების შეჩერების პროცესი? - „ქართული ოცნება“ ცდილობს ილუზიის შექმნას, თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში. ამ რაღაც ხელოვნური გაჭიანურებით ამყარებენ ამ ილუზიას, ასე ჰგონიათ. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს საკითხი ჩვენთვის არის დახურული. რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის და მისი კოლეგის პარლამენტში მისვლას, ეს თემა ჩემთვის სრულიად უინტერესოა და მასზე კომენტარს არ გავაკეთებ. ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის. ოპოზიცია შეხვდება „ქართულ ოცნებას“ ელჩებთან ერთად, თუ მათი მხრიდან იქნება მზაობა წამოვიდნენ კომპრომისზე იმ საკითხებზე, რაც ბევრჯერ გვაქვს დაფიქსირებული. არაფერი არ გადაიხედება და ელისაშვილის სადმე შესვლა-შემოსვლა, წასვლა-წამოსვლა, თქმა ან ართქმა ამაზე გავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.