ესაა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ დიახ, სწორედ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებები სასტიკად, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ რუსეთმა „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა ჩამოადგო რუსეთმა გორში. რუსული მხარე, ფაქტობრივად, ამაზე იცინოდა და გვაბრალებდნენ ათას სისულელეს, რომ ეს ფოტოშოპით იყო გაკეთებული და ა.შ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკელების დახმარებით წარმოჩინდა და დამტკიცდა ეს სურათი, რაც სერიოზული დარტყმა იყო რუსეთისთვის. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად დიდი იქნება ფაქტობრივი მასალა და მტკიცებულებები. ყოველივე ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ეს რამდენად კარგად იქნება შეფუთული იმისათვის, რომ წარედგინოს მოსამართლეს შესაბამისი ვერდიქტის გამოსატანად. სტრასბურგის გადაწყვეტილება საკმაოდ კარგი დასაწყისია, ჩვენ კიდევ გველის ბევრი მნიშვნელოვანი ქმედება ამასთან დაკავშირებით," - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.