თუ რამე აქვთ ჩვენზე, გამოაქვეყნონ, არც მე და არც ალეკოს არავისგან დასაფარი და დასამალი არაფერი გვაქვს, – ასე, „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება, სადაც ალეკო ელისაშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შინაარსის გასაჯაროებით ემუქრება.
„თუ რამე აქვთ ჩვენზე, გამოაქვეყნონ. ყველაზე დიდი კომპრომატი, რაც დღემდე მომიძებნეს ის არის, რომ თურმე მე და კობახიძე კურსელები ვყოფილვართ. ამის იქით თუ რამე აქვთ, მოვუწოდებ, გამოაქვეყნონ. არც მე და არც ალეკოს არავისგან დასაფარი და დასამალი არაფერი გვაქვს. იმიტომ დავდივართ ყველა ეთერში, იმიტომ ვპასუხობთ ყველა შეკითხვას, რომ არაფერს ვმალავთ, გვაქვს კონკრეტული გეგმა და გვინდა ქვეყანას კრიზისის დაძლევაში დავეხმაროთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
რამდენიმე დღის წინ ელისო კილაძემ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ალეკო ელისაშვილისთვის ფარული კადრების გადამღების ვინაობა.
„გულისამრევია უკვე ალეკო ელისაშვილის და იაგო ხვიჩიას ჭორაობა! რა გიორგი ვაშაძის კომპრომატები, რის ვანო მერაბიშვილის შანტაჟი?! ან ელისაშვილი შეწყვეტს ამ მარაზმს, ან მე მოვყვები, რა გადაუღეს და ვინ აშანტაჟებდა! იცის, რომ ვიცი!“, - დაწერა ელისო კილაძემ Facebook-ის პირად გვერდზე.