პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ კომუნიკაციას ყველა პარტიასთან განაგრძობს, რადგან დასახულ მიზანს უნდა მიაღწიოს.
„მოქალაქეების“ საქციელი რომ არ მომეწონა ბატონ ელისაშვილთან ერთად, ეს ვთქვი საჯაროდ, მაგრამ მე საქართველოს პოლიტიკაში ძალიან ბევრი ადამიანის ქცევა სხვადასხვა დროს არ მომწონებია. ამის მიუხედავად, ვზივარ მოლაპარაკების მაგიდასთან იმისთვის, რომ მათგან რამე გამოვიყვანო, საკუთარ მიზნებს მივაღწიო, მივიღო 113 ხმა კონსტიტუციის შესაცვლელად. შესაბამისად, ვინ ვისზე გაბრაზდება, ეს ჩემზე არ მოქმედებს. მე რუტინულად ვაგრძელებ ჩემს საქმეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ლელოს“ და „მოქალაქეების“ ლიდერები ერთმანეთს „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ. ცხარე კამათი, სტუდიაში ოპოზიციის შეხვედრების შესახებ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა. მამუკა ხაზარაძემ ელისაშვილი დახურული შეხვედრებიდან ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.