მსოფლიოში არც ერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე - ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები

მსოფლიოში არც ერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე - ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები

საქართველო კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას დაახლოებით 2021 წლის პირველ კვარტალში მიიღებს. სპეციალისტების განცხადებით, მასობრივი იმუნიზაცია იქნება პანდემიის დამარცხების ერთ-ერთი საუკეთესო გზა და ამბობენ, რომ ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის.

"აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ ჩვენი საშველი, ვიდრე შემოვა ვაქცინა, არის ერთადერთი ის, რომ ჩვენ თვითონ მკაცრად გავაკონტროლოთ ჩვენი თავი, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ დისტანციაზე, დავრჩეთ სახლში თუ გვაქვს სიცხე, ნუ გავალთ გარეთ სიცხიანები და მუდმივად ვატაროთ ნიღაბი - ეს არის ჩემი რეკომენდაცია. თუ შემოვა ვაქცინა და ამის საშუალება იქნება, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია უნდა ჩავიტაროთ," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი.

სპეციალისტების განცხადებით, ვაქცინაცია მკვეთრად შეამცირებს ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას, თუმცა აღნიშნავენ, რომ ვიდრე საკმარისი დოზა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში შემოტანილი, მოქალაქეებს რეგულაციების მკაცრად დაცვა მოუწევს.

"მსოფლიოში არც ერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე. შეუძლებელია, ადამიანებმა ვიცხოვროთ მუდმივად რეგულაციების ქვეშ. ერთადერთი საიმედო გამოსავალი ეს არის ვაქცინაციის ჩატარება. პირველ ეტაპზე იქნება მცირე დოზა, მაგრამ მე როგორც ვიცი, ემზადება ქვეყანა, რომ მასიურად მოხდეს ვაქცინაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაიწყება რისკჯგუფებიდან და შემდგომ მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება. ვაქცინაცია შეამცირებს ამ დაავადების რაოდენობას და პარალელურად, ჩვენ, ჯერჯერობით, ისევ მოგვიწევს რეგულაციების დაცვა," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 17 დაიღუპა და ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვაქცინაციის გეგმაზე მუშაობა დასრულებულია. ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყება. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა.