თენგიზ ცერცვაძე: ივანიშვილთან პირველი შეხვედრა იყო მოულოდნელი, ის ეწეოდა ქველმოქმედებას, არ ჩანდა და მას არავინ იცნობდა

თენგიზ ცერცვაძე: ივანიშვილთან პირველი შეხვედრა იყო მოულოდნელი, ის ეწეოდა ქველმოქმედებას, არ ჩანდა და მას არავინ იცნობდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ამის შესახებ მან POSTV-ს ეთერში ილაპარაკა. ცერცვაძე ივანიშვილს პირველად 2005 წელს შეხვდა.

„პირველი შეხვედრა იყო ძალიან მოულოდნელი. მაშინ ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ მითების დონეზე იყო საუბარი. რაღაც გრაფ მონტე კრისტოს მსგავს ცხოვრებას ეწეოდა. ის ეწეოდა ქველმოქმედებას, არ ჩანდა და მას არავინ არ იცნობდა სახეზე. მისი გარემოცვიდან დამირეკეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩემთან საუბარი სურდა“, - განაცხდა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე მაშინ „შიდსის“ სახელმწიფო პროექტზე მუშაობდა. „გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა ტანდაბალი, ცოცხალი, მკვირცხლი ადამიანი. ამოვიდა, გამეცნო... გაგონილი მქონდა ვინ იყო. მას აინტერესებდა კონსულტაცია სამედიცინო საკითხებზე. ცნობილია, რომ ის ძალიან დაინტერესებული კაცია. ყველაფერი რასთანაც შეხება აქვს აინტერესებს და აუცილებლად ამ საკითხებში უნდა ჩაიხედოს, გაერკვეს. იქ იყო რაღაც საკითხები, რომელიც საინტერესო პრობლემას ეხებოდა, კერძოდ ვირუსები, რომელიც იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ის სწავლობდა ამ პრობლემას და კითხულობდა. მაშინ ის უცხოეთში უფრო ხშირად იყო ვიდრე აქ და ფრანგ ექიმებთანაც ჰქონდა გავლილი კონსულტაცია. მოვიდა, ვისაუბრეთ, კარგახანს დარჩა, ალბათ 2 საათი. ჩაეყარა საფუძველი ორმხრივ სიმპათიას და ურთიერთობებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ შეხვედრის შემდეგ მათი ურთერთობა გაგრძელდა.

ვისარგებლებ შემთხვევით და ექიმებს მადლობას გადავუხდი. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თენგიზ ცერცვაძეს, ჩემს მეგობარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, საუკეთესო ექიმსა და საუკეთესო ადამიანს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში 12 იანვარს განაცხადა.