ნათია თურნავა: საქართველოში 5G ტექნოლოგიის დანერგვა ყველა სფეროში რევოლუციურ გარღვევას გამოიწვევს

ნათია თურნავა: საქართველოში 5G ტექნოლოგიის დანერგვა ყველა სფეროში რევოლუციურ გარღვევას გამოიწვევს

5G ტექნოლოგია არის 20-ჯერ უფრო სწრაფი, იმაზე, რაც ჩვენთან დღეს არის დანერგილი. ეს იქნება პრაქტიკულად რევოლუციური გარღვევა ჩვენი ქვეყნის ყველა სფეროში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„5G ტექნოლოგია ეფექტური იქნება ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში. სახელმწიფო სერვისების ხარისხი, სისწრაფე, ეფექტურობა ჯერადობით გაიზრდება. 5G ტექნოლოგიით შესაძლებელი გახდება განვითარების სხვა დონეზე ავიყვანოთ სოფლის მეურნეობა. თუნდაც იმით, რომ სენსორული ტექნოლოგიის დანერგვით, შევძლებთ სრული სიზუსტით მიწის ნიადაგის ნებისმიერი მონაცემის გამოთვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გათვალო სად რა კულტურა მოვა“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თმით, ასევე მნიშვნელოვანი დარგია ტელემედიცინის სკოლა, სადაც ექიმების ჯგუფის ჩამოყვანის გარეშე ოპერაციების და მანიპულაციების განხორციელება გახდება შესაძლებელი დისტანციურად, ამ ტექნოლოგიის წყალობით. „ასევე 5G ტექნოლოგია მნიშვნელოვანია განათლებაში, რადგან ამ პანდემიის დროს ყველამ დაინახა, რაოდენ მნიშვნელოვანია დისტანციური სწავლება. მაგრამ ხარისხი, სისწრაფე, სიზუსტე იქნება ჯერადობით უფრო მეტი“, - აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით 5G ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სფეროსთვის, სადაც მნიშვნელოვანია კლიმატური პირობების წინასწარ გათვლა, იმისთვის რომ უსაფრთხოდ და საიმედოდ მოხდეს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. „მაგალითად შესაძლებელია წინასწარ ვიცოდეთ, როგორ შეიცვლება წყლის დონე მდინარის აუზებში, როგორი იქნება ამინდი“, - აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიით შესაძლებელი იქნება ჭკვიანი ქალაქების შექმნა და ქუჩაში ჭკვიანი შუქნიშნებით ავტომანქანების ტრაფიკის მართვა.