ჯო ბაიდენის ინაუგურაციის გამო, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განთავსდება

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის გამო, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განთავსდება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის გამო, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განთავსდება. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელმა, გენერალმა დენიელ ჰოკანსონმა განაცხადა.

დენიელ ჰოკანსონმა აღნიშნა, რომ ამჟამად, აშშ-ის დედაქალაქში ეროვნული გვარდიის დაახლოებით 6 ათასი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული, რომელთა რიცხვიც კვირის ბოლოსთვის 10 ათასამდე გაიზრდება.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ფიცს კაპიტოლიუმის წინ დადებენ, თუმცა მსვლელობა რომელიც ინაუგურაციის დღის ერთ-ერთი შემადგენელი ტრადიციაა წელს არ გაიმართება. მიზეზი უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები და კოვიდ19-ის პანდემიაა. არ არის გამორიცხული ღონისძიებების დიდი ნაწილი ონლაინ წარიმართოს.

ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.