დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს.
„პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. იმის შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ინფორმაცია ბრიტანეთში ახალი შტამის გამოვლენის შესახებ, ჩვენ ვნახეთ ყველა დადასტურებული შემთხვევის ნიმუში, რაც არის საქართველოში და გამოვარჩიეთ სამი შემთხვევა, რომელთაგან ერთზე დადასტურდა, რომ არის ახალი შტამით ინფიცირება. აღნიშნული შემთხვევა გამოვლინდა დეკემბრის მეორე ნახევარში", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ინფიცირებულ პაციენტთან მყოფი პირები იზოლაციიდან უკვე მოხსნილი არიან, რადგან შესაბამისი დრო გასულია.
„ინფიცირებულ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელიც უკვე აღარ იმყოფება საქართველოში, თუმცა მოძიებულია მისი ნიმუში და მიმდინარეობს მისი სეკვენსების შესწავლა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
როგორც მან განმარტა, ახალი შტამით ინფიცირების დადასტურება უკვე არსებული PCR და ანტიგენის ტესტებით შესაძლებელია.
პაატა იმნაძის თქმით, არსებული მონაცემებით, ახალი შტამის წინააღმდეგ სხვა ვაქცინის შექმნა საჭირო არ იქნება.