ჩვენ ჩვენს პრინციპზე ვრჩებით. პოლიტპატიმრების, რომლებიც ამ საარჩევნო ციკლის დროს დაიჭირეს, გამოშვება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ამის მერე უკვე პოლიტიკური პროცესია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფქრობ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შექმნა და დაწერა ნულიდან უნდა დაიწყოს. ამის შემდეგ გონივრულ ვადაზე უნდა შევთანხმდეთ როდის ინიშნება ვადამდელი არჩევნები, სხვანაირად პარლამენტში შესვლის არს ჩვენ ვერ ვხედავთ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი - შეთანხმება არჩევნების გარეშე. მოლაპარაკებების შუამავალმა ელჩმა მხარეებს მკაფიოდ უთხრა, რომ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე რაუნდი ეფექტური ვერ იქნება.