ივანე ჩხაიძე: დღეისთვის კორონავირუსის 1 200-მდე მუტაციაა გამოხატული, ოღონდ ეს მუტაციები ხანმოკლეა და მათი ზეგავლენა დღემდე არ ყოფილა აღნიშნული

ივანე ჩხაიძე: დღეისთვის კორონავირუსის 1 200-მდე მუტაციაა გამოხატული, ოღონდ ეს მუტაციები ხანმოკლეა და მათი ზეგავლენა დღემდე არ ყოფილა აღნიშნული

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ახალი შტამი, ე.წ. ბრიტანული ვირუსი არის უფრო მეტად გადამდები, თუმცა მისი მძიმე მიმდინარეობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსს აქვს გამოხატული მიდრეკილება მუტაციისადმი და დღეისათვის დაფიქსირებულია 1 200-მდე მუტაცია, ოღონდ ეს მუტაციები ხანმოკლეა და მათი ზეგავლენა დღემდე არ ყოფილა აღნიშნული.

„კორონავირუსის მუტაცია უკვე ფიქსირდება მას შემდეგ, რაც ვირუსი ჩინეთის საზღვრებს გასცდა. ის ვირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს, სრულიად განსხვავებულია იმ ვირუსისგან, რომელიც ცირკულირებდა ჩინეთში. კორონავირუსის პირველი მუტაცია დაფიქსირდა ევროპაში თებერვალში, რომელიც ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გავრცელდა და გამოიწვია კორონავირუსის შემთხვევების მატება.

ზოგადად კორონავირუსს აქვს გამოხატული მიდრეკილება მუტაციისადმი და დღეისათვის დაფიქსირებულია 1 200-მდე მუტაცია, ოღონდ ეს მუტაციები ხანმოკლეა და მათი ზეგავლენა დღემდე არ ყოფილა აღნიშნული. ითვლება, რომ კორონავირუსმა თვის განმავლობაში, შესაძლოა, 2 მუტაცია განიცადოს, მაგრამ მათ შორის სულ რამდენიმე მუტაცია აღმოჩნდა, რომელმაც განაპირობა განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა. ერთი არის ე.წ. 614 ვირუსი, მეორე, რომელიც ახლა ყველას აღელვებს, ეს არის ბრიტანული ვირუსი - ე.წ. 117 ტიპის ვირუსი, რომელსაც ჩვენ სექტემბრის თვიდან ვაფიქსირებთ დიდ ბრიტანეთში, გარდა ამისა ასევე, ცნობილია და ძალიან აქტიურად შეისწავლება სამხრეთ აფრიკაში ვირუსის ახალი მუტაცია და ასევე, აფრიკის კიდევ ერთი ქვეყანა ნიგერია, სადაც დაფიქსირებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მუტაცია.

დღეისათვის ცნობილია კორონავირუსის 4 მუტაცია, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ცვლილება, მაგრამ ყველა ეს ცვლილება ძირითადად ეხება გადამდებობას. ბრიტანულ ვირუსთან არის სხვადასხვა მოსაზრება, 40-დან 70%-მდე არის უფრო მეტად გადამდები ვიდრე, ჩვეულებრივი კორონავირუსი. დღეისათვის ჩატარებული კვლევებით დიახ, აღნიშნული მუტაცია უფრო მეტად გადამდებია, მაგრამ ფაქტი, რომ ის არის უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობის, ჯერჯერობით არ ფიქსირდება. დღემდე დაფიქსირებულია 31 შემთხვევა მსოფლიოში ხელმეორედ ინფიცირების, თუ შეადარებთ, 86 მილიონში ეს 31 შემთხვევა შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს არის საერთოდ არადამახასიათებელი და არატიპური. შესაბამისად, კორონავირუსის ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევა არ განიხილება, როგორც ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.