საგარეო საქმეთა სამინისტრო: არ შეიძლება, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში დადგეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო: არ შეიძლება, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში დადგეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი გამოეხმაურა რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა.

„ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არ შეიძლება, დღის წესრიგში დადგეს, ვიდრე რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სრულად არ შესრულდება. რუსეთის ფედერაციას, ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. საზღვართან დაკავშირებით, არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, უკანონო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ეს შეფასებული იქნება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების მორიგი ძალისმიერი მცდელობა. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მოახდინოს აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია“ - განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობა მიხაელ პეტრიაკოვმა დაიკავა, რომელიც ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე. „დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატი მიხაელ პეტრიაკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან, მას ასევე დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.