ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტი უფლებამოსილების შეწყვეტაზე „პატრიოტთა ალიანსის“ სამი დეპუტატის განცხადებას განიხილავს

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტი უფლებამოსილების შეწყვეტაზე „პატრიოტთა ალიანსის“ სამი დეპუტატის განცხადებას განიხილავს

ხვალინდელ კომიტეტზე განიხილება სამი დეპუტატის მიერ შემოტანილი განცხადება, რომლებიც არიან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები. ჩვენ ვმოქმედებთ რეგლამენტით განსაზღვრული კანონის ფარგლებში. ამავდროულად, ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დავტოვოთ მაქსიმალურად მეტი პოლიტიკური ველი მოლაპარაკებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებით სხვებისგან განსხვავებული შემთხვევა გვაქვს, ვინაიდან თუ პირობითად პარლამენტი ამ სამ დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, „პატრიოტთა ალიანსის“ სია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან არ არის ბოლომდე ჩახსნილი, ამიტომ მათ ადგილმონაცვლე სხვა პირებს შეუძლიათ შემოვიდნენ პარლამენტში. თავისთავად პარტია თავის წარმომადგენლობას პარლამენტში არ კარგავს. ვიდრე რეგლამენტით ვადა ამოგვეწურება, კომიტეტი განიხილავს სხვა დეპუტატების საკითხსაც, რომლებსაც ანალოგიური განცხადებები აქვთ შემოტანილი, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად გვინდა შევინარჩუნოთ ველი მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსს“ ოთხი მანდატი აქვს მიღებული. პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართეს ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ.